კახა კალაძე: თქვენ ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ თუნდაც პარლამენტარი ან რომელიმე თანამდებობის პირი მოქალაქეს თავს დასხმოდა
2024 წლის 13 იანვარს აბუ-დაბიში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს რესტორანში ინციდენტი მოხდა – სასტუმროში მყოფ მოქალაქეს თავს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები – ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე, დაესხნენ. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო.
2024 წლის 12 იანვარს აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტს კახა კალაძე გამოეხმაურა. „თქვენ ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ თუნდაც პარლამენტარი ან რომელიმე თანამდებობის პირი მოქალაქეს თავს დასხმოდა,“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა.
ინციდენტს წინ უსწრებდა წინა დღეს ლაშა გაბიტაშვილის მიერ დეპუტატებისთვის თბილისსა და ბათუმში აქციების მონაწილეთა უსაფუძვლო დაკავებების შეხსენება. აღნიშნულს დეპუტატების მხრიდან ჯერ სიტყვიერი, მოგვიანებით კი, ფიზიკური შეურაცხყოფა მოჰყვა.
„ჯეოფაქტსმა“ „ოცნების“ დეპუტატების და თანამდებობის პირების მხრიდან ფიზიკური ძალადობის ინციდენტებს მოუყარა თავი.
ლაშა თორდიას ცემის საქმე – 2017 წელი
2017 წლის 13 მაისს, ღამის კლუბ „ელ ცენტროში“, გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიასა და საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ, ოთარ ფარცხალაძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ლაშა თორდიამ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. ის ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
2021 წელს ოთარ ფარცხალაძე ლაშა თორდიას ცემის საქმეზე სასამართლომ გაამართლა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ საქმეზე დამნაშავედ იქნა ცნობილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, მიხეილ ჩოხელი და მას 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
(დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრები იხ. ბმულზე )
არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული მერი თემურ აბაზოვი – 2018 წელი
2018 წლის 12 ივნისს, სტუდია „მონიტორმა“ გაავრცელა ვიდეო, რომლის მიხედვით, მარნეულში მცხოვრები მოქალაქე, რომელმაც ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე ბიძინა ივანიშვილის და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის მისამართით შეიგინა, ძალადობის მსხვერპლი გახდა. გინების შემდეგ, რამდენიმე დღეში მოქალაქემ გაავრცელა ვიდეო, სადაც ის ბოდიშს იხდის და სახეზე, სავარაუდოდ, შარდს ისვამს. სხვა ადამიანი, ვისაც კამერა უჭირავს, მას ეუბნება: „შენ ღირსება არ გაქვს“.
ბრალდების მხარის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მას შემდეგ, რაც ამ პირმა სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თემურ აბაზოვის მეუღლეს, აბაზოვმა მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და „მუქარით აიძულა, მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე“.
2020 წელს აბაზოვი სასამართლომ გაამართლა. ის 2019 წლის ნოემბერში საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა.
ენმ–ის წევრი ჯელალ ქიქავა „ოცნების“ დეპუტატ ვახტანგაძეს ცემაში ადანაშაულებს – 2019 წელი
2019 წლის განმავლობაში ენმ-ის წევრმა ჯელალ ქიქავამ „ქართული ოცნების“ დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე ძალადობაში ორჯერ დაადანაშაულა.
24 მარტს აეროპორტის გზატკეცილზე პანაშვიდზე მისულ ჯელალ ქიქავას და მის ორ მეგობარს სამმა მოჭიდავემ სცემა. ჯელალ ქიქავამ მაშინ საჯაროდ თქვა, რომ მოჭიდავეებმა მას პარლამენტარ მუხრან ვახტანგაძის დავალებით სცემეს, რადგან ქიქავამ ვახტანგაძე არაერთხელ მოიხსენია, როგორც „ზონდერი“.
ჯელალ ქიქავამ მუხრან ვახტანგაძე ძალადობაში ამ წლის 22 ნოემბერსაც დაადანაშაულა – „ბათუმის მერიაში შევდიოდი ჩემს საქმეზე, მოვარდა მუხრან ვახტანგაძე და მითხრა, რა გინდა შენ აქ, რატომ მოდიო… მაგინა და მცემა, მერე ისევ ის ბიჭები დამესიენ, რომლებთანაც კონფლიქტი ადრე მქონდა“.
დეპუტატ მუხრან ვახტანგაძესთან დაკავშირებული კიდევ ერთი ინციდენტი – 2019 წელი
აღსანიშნავია, რომ პარლამენტარი მუხრან ვახტანგაძის მხრიდან მუქარაზე მოქალაქე მერაბ ღოღობერიძეც საუბრობდა. მან მუხრან ვახტანგაძის სატელეფონო ზარი ფეისბუქლაივში ჩართო, სადაც „ისმის წარმოუდგენლად უშვერი გინება მოქალაქის ოჯახის წევრების მიმართ – დეპუტატი აგინებს მერაბ ღოღობერიძის დედას, ცოლს, დას და თავად მას. მისი ტექსტები ასევე შეიცავს მუქარას“.
კალაძის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტი – 2024 წელი
მოქალაქეებმა ძალადობაში თავად განცხადების ავტორი, კახა კალაძეც დაადანაშაულეს. 2024 წლის ნოემბერში „ტვ პირველის” ეთერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის მერი კახა კალაძე მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდა. მელაძის „შაბათის“ ინფორმაციით, კალაძემ ფიზიკური შეურაცხყოფა სანდრო ჩხეიძეს მიაყენა. თავად ჩხეიძემ „ტვ პირველთან“ საუბარში თქვა, რომ ფაქტს „არც ადასტურებს, არც უარყოფს“, თუმცა სანდრო ჩხეიძის დედამ, ნანა ჩხეიძემ „ტვ პირველთან“ ფაქტი დაადასტურა და თქვა, რომ საპირფარეშოსკენ მიმავალ მის შვილს კახა კალაძე „თავზე დაახტა“.
დეპუტატ დიმიტრი სამხარაძე ძალადობრივი ჯგუფების მიღმა – დეპუტატის პირადი ზარები და მუქარები
ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზებაში, ასევე, ძალადობის მუქარების პერსონალურად განხორციელებაში არაერთხელ ამხილეს „ქართული ოცნების“ მოქმედი დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე.
მან 2022 წლის ივლისში „ქართული ოცნების“ ოფისთან შეკრებილ მოქალაქეებს აგინა.
მის სახელს უკავშირდება „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგე ახალგაზრდებთან განხორციელებული სატელეფონო მუქარებიც. იგი აქციების მიმდინარეობის დროს ახალგაზრდებს ურეკავდა, შეურაცხყოფას აყენებდა და ანგარიშსწორებით ემუქრებოდა.
სამხარაძემ 2024 წლის მაისში ფეისბუკის პირად გვერდზე 31 მაისს გამოაქვეყნა კადრები, რომლებიც ასახავს, თუ როგორ ტოვებენ შეურაცხმყოფელი შინაარსის წარწერებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლების ოფისებსა თუ საცხოვრებელ სახლებთან ადამიანები, რომელთა სახე დაფარულია. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე დიმიტრი სამხარაძის ფეისბუკპოსტში ხედავს მტკიცებულებას, რომ თანდართულ ვიდეოში ასახული მოქმედებების უკან, მმართველი პარტიის დეპუტატი დგას (წყარო ) .