Home » დეზინფორმაცია: ფოტოზე ირაკლი კობახიძესთან ერთად დათა ახალაია ჩანს
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

დეზინფორმაცია: ფოტოზე ირაკლი კობახიძესთან ერთად დათა ახალაია ჩანს

სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძის ქორწილიდან ფოტო ვრცელდება (დაარქივებული ბმული), აღწერით: „კობახიძე და ახალაია ქორწილში”.  რეალურად, ფოტოზე არა დათა ახალაია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს  შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის პოსტს იკავებდა,  არამედ ირაკლი კობახიძის მეჯვარე ჩანს. ფოტო TikTok-პლატფორმაზეც გავრცელდა.

აღსანიშნავია, რომ Facebook-მომხმარებლები  ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ Facebook-გვერდზე  გამოქვეყნებული პოსტის ფოტოანაბეჭდსაც ავრცელებენ. პოსტში ფოტოსთან დაკავშირებით იმავე მტკიცებაა წარმოდგენილი, თუმცა ამჟამად,  „დაფიონის“ გვერდზე პოსტი არ იძებნება.

ირაკლი კობახიძის ქორწილის ფოტოებიდან, რომლებიც ინტერნეტშია გავრცელებული, ჩანს, რომ პირი, რომელზეც ამბობენ რომ დათა ახალაიაა, რეალურად,  კობახის მეჯვარეა ( იხილეთ ფოტოები).

სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო

 შედარებისთვის, იხილეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის დათა ახალაიას ფოტოებიც.

ამდენად, მტკიცება, რომ კობახიძესთან ერთად ფოტოზე ახალაია ჩანს, არის ტყუილი.

ცნობისვის, 2012 წლიდან დათა ახალაიას წინააღმდეგ საქართველოში გამოძიება რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით,  მათ შორის, სანდრო  გირგვლიანის საქმეზე, მიმდინარეობდა.  2018 წელს  ახალაიას თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანისა, ლ.ბ.-ს, ვ.ა.-ს და კ.დ.-ს მიმართ განხორციელებული ძალადობრივი დანაშაულის ფაქტებზე 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ასევე, მას 1 წლით და 6 თვით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. აღსანიშნავია, აგრეთვე ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე, რომელთან დაკავშირებითაც,  დათა ახალაია თბილისის საქალაქო სასამართლომ 2016 წელს დამნაშავედ ცნო და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დათა ახალაიამ ქვეყანა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. 2015 წლის აპრილში საბერძნეთის უზენაესმა სასამართლომ დათა ახალაიას ექსტრადიციაზე ქართულ მხარეს უარი უთხრა, საფუძვლად  სასამართლომ დათა ახალაიას მიმართ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა დაასახელა. 2016 წელს კი ინტერპოლმა მისი საერთაშორისო ძებნა შეწყვიტა და წითელი ცირკულარით ძებნილთა სიიდან ამოიღო.

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]