ქუთაისის ცენტრალური ბულვარის სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ხორციელდება. მომსახურების გაწევის და სამუშაოების შესრულების საერთო ვადა 2023 წლის 31დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. თუმცა ყველა თაობის ქუთაისელისა და ქალაქის სტუმრისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი, უკვე ერთი წელია, თუნუქის ღობით არის შემოსაზღვრული. ხეების ნაწილი მოჭრეს, ფილები აყარეს, კაფე „სავანე“ დაანგრიეს და მოქალაქეებისთვის საყვარელი ადგილი უფუნქციოდ აქციეს. როგორც ირკვევა, შემსყიდველი უცხოეთიდან მცენარეებს ელოდება და მანამდე სამუშაოებს ვერ ახორციელებს.
ქალაქ ქუთაისის ცენტრალური ბულვარისა და მის მიმდებარედ განთავსებული შენობების რეაბილიტაცია 2024 წლის თებერვალში დაიწყო. პროექტი სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, Design-Build მეთოდით ხორციელდება. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და შპს „დაგს“ შორის 14 850 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება 2022 წლის 23 დეკემბერს გაფორმდა. პროექტი ერთი წლის შემდეგ, 2023 წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო. ხელშეკრულების გაფორმებიდან რამდენიმე დღეში, 27 დეკემბერს, შემსყიდველმა „დაგს“, ავანსის სახით, 7 425 000 ლარი გადაურიცხა. ამის მიუხედავად, კომპანიამ სამუშაოები მაინც ვერ დაიწყო და სწორედ იმ დროს, როცა პროექტი უნდა დასრულებულიყო, მხარეები სახელშეკრულებო ვადის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. დოკუმენტში მითითებულია, რომ სამუშაოებზე საინჟინრო ზედამხედველობის მომსახურების განმახორციელებელი კომპანიის, შპს „სამეცნიერო, საპროექტო-ტექნოლოგიური საწარმო ინდუსტრიის“ რეკომენდაციის გათვალისწინებით და საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავების (ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დასაგეგმარებელი პარკის ტერიტორიის წითელ ხაზებთან დაკავშირებით) საჭიროებიდან, შესაბამისად, სამუშაოების დაწყების მოცდენიდან გამომდინარე, მიწოდების საბოლოო ვადად 2024 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა, ხელშეკრულების მოქმედების ვადად – 2027 წლის 30 მარტი. ამასობაში ბულვარში მრავალწლიანი ხეები მოჭრეს. ფაქტის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა 2024 წლის 2 ივლისს გაავრცელა „ქუთაისი პოსტმა“, რომელმაც მუნიციპალური განვითარების ფონდისგან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა. მედიასაშუალება წერს, რომ უწყების განმარტებით, ქალაქის ცენტრალურ პარკში გამხმარი და ზეხმელი ხეები საექსპერტო დასკვნის საფუძველზე მოიჭრა, მანამდე კი მწვანე ნარგავების ხარისხობრივი შეფასება/ აღწერა (სატყეო ტაქსაცია) განხორციელდა.
შარშან სამუშაოების დაწყების შემაფერხებელ გარემოებად ქუთაისის მერია ბულვარში არსებულ კაფე „სავანეს“ ასახელებდა. მერიის გადაწყვეტილებით, ეს ობიექტი დაანგრიეს, რასაც საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა და საქმე სასამართლომდე მივიდა. კაფეს დემონტაჟი 2023 წლის დეკემბერში განხორციელდა. თუმცა, როგორც ჩანს, კაფეს დანგრევამ პროექტი ვერ დააჩქარა.
რამდენიმე დღის წინ ჩვენ კვლავ დავინტერესდით, რა ეტაპზეა სამუშაოები და ობიექტი მოვინახულეთ. მდგომარეობა აღბეჭდილია ფოტოებზე, რომლებიც Geofacts-მა გადაიღო.
როგორც ვხედავთ, ბულვარის რეაბილიტაციის დასრულება დიდი ხნით გადაიდო. კომპანიას, რომელსაც შემსყიდველმა პროექტის მთლიანი ღირებულების 60%-მდე უკვე აუნაზღაურა, ახალი შემაფერხებელი მიზეზი აქვს. კერძოდ, ხელშეკრულებაში ბოლოს განხორციელებული ცვლილებით, რომელიც 2024 წლის 6 დეკემბრით თარიღდება (შეგახსენებთ, რომ ეს პროექტის დასრულების ახალი ვადა იყო), ვკითხულობთ: „ქალაქ ქუთაისის ცენტრალური პარკის/ბულვარის სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მთელს ტერიტორიაზე არსებული მწვანე თარგების ნარგავების განახლება, რაც აგრეთვე გულისხმობს აღნიშნულ მონაკვეთებში ახალი ხე-ნარგავების დარგვას/მოწყობას. უნდა განხორციელდეს პროექტით გათვალისწინებული მცენარეების უმეტესი ნაწილის იმპორტი, ხოლო არსებული პრაქტიკიდან და სპეციალისტების მკაცრი რეკომენდაციებიდან გამომდინარე, ე.წ. „რუდბოლებისთვის“ (ხე-მცენარეების ფესვებიანად გადარგვა) პერიოდად განსაზღვრულია დეკემბერი-თებერვლის პერიოდი. შესაბამისად, ამ ეტაპისთის ვერ ხერხდება საჭირო ხემცენარეების მოწოდების უზრუნველყოფა სანერგე მეურნეობაში შექმნილი დეფიციტისგან გამომდინარე. აღნიშნულის შესაბამისად, პროექტით გათვალისწინებული ხე-მცენარეების ჩამოტან-ტრანსპორტირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ თებერვალი-მარტის პერიოდში, რის შემდგომაც უკვე მოხდება მათი საპროექტო ტერიტორიაზე დარგვა. აღნიშული ასევე აფერხებს თანმდევ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, იქნება ეს სარწყავი სისტემის მოწყობა, ბილიკების მოწყობა თუ სხვა თანმდევი სამუშაოები, რადგან ხე-ნარგავების დასარგავად აუცილებელია მძიმე ტექნიკით მუშაობა მთელს საპროექტო ტერიტორიაზე, რაც შეუძლებელს ხდის დაგეგმილი სამუშაოების დასრულებას.“ (სტილი დაცულია)
ეს გარემოება გახდა საფუძველი, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადა კვლავ გახანგრძლივებულიყო, ამჯერად, 2025 წლის 1 მაისის ჩათვლით. თუმცა გამწვანებას (ფოთლოვანი ხეებისა და ბუჩქების დარგვას) ტექნიკური დავალება თავიდანვე ითვალისწინებდა და კომპანიას ამის შესახებ ინფორმაცია დასაწყისშივე ჰქონდა. ამდენად, შესაბამის მხარეს ნარგავების იმპორტირებაზე, მინიმუმ, ერთი წლით ადრე მაინც უნდა ეზრუნა. ამასთან, საინტერესოა, რომ შემსყიდველს მიმწოდებლისთვის, ავანსის გარდა, გადარიცხული აქვს 1 201 726 ლარი. ბოლო ორი გადარიცხავა (ჯამში 39 334 ლარი) განახორციელა 2024 წლის 26 დეკემბერს და 2025 წლის 17 იანვარს. ვინაიდან ამ დრომდე მხარეებს შორის არც ერთი მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებული არაა (სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე ასეთი დოკუმენტები არ იძებნება), გაურკვეველი რჩება, რომელი კონკრეტული სამუშაოების შესრულებისთვის გადაუხადა მგფ-მა „დაგს“ აღნიშნული თანხა. ჯამში კომპანიისთვის ანაზღაურებულია 8 626 729 ლარი.
ცნობისთვის: ქუთაისის ცენტრალური ბაღი (ბულვარი), რომელიც საბაღე-საპარკო ხელოვნებისა და ლანდშაფტური არქიტექტურის უძრავი ძეგლია (სტატუსის გარეშე), მეფე სოლომონ პირველის ასულის სამფლობელო იყო. მისი გეგმაზომიერი განაშენიანება 1840 წელს დაიწყო. იმ დროიდან მოყოლებული, ბაღი იყო საზოგადოებრივი მოღვაწეების თავშეყრის ადგილიც და სასეირნო ტერიტორიაც. მგფ-ის მიერ გასაჯაროებული ესკიზების თანახმად, ბულვარის გეგმარება უცვლელი დარჩება და მხოლოდ არსებული ინფრასტრუქტურა განახლდება, სადაც მიმდებარე ტერიტორიისთვის დამახასიათებელ არქიტექტურულ ელემენტებს გამოიყენებენ. პარკის ცენტრალურ ნაწილში დაგეგმილია „გვირილობის მოედნის“ მოწყობა, პარკის ქვედა ნაწილში კი ახალი რეკრეაციული სივრცე – ,,ვარდების ხეივანი“ გაკეთდება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სარწყავი და სადრენაჟე სისტემები, ტერიტორიას დაემატება ახალი ხე-მცენარეები. დამონტაჟდება ენერგოეფექტური განათების ბოძები, განახლდება არსებული შადრევნები, მოპირკეთდება საფეხმავლო ბილიკები. ასევე, დაგეგმილია არსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოს რეაბილიტაცია და მედიათეკის განთავსება.