სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი მაია თვალთვაძე, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3), ავრცელებს პოსტს იმის შესახებ, რომ ინაუგურაციის ცერემონიაზე ფიცის დადებისას, დონალდ ტრამპმა მარცხენა ხელი ბიბლიას არ დაადო: „ფიცის დადების დროს ხელი უნდა დაეყრდნოს ბიბლიას. დაგავიწყდა დონალდ?!“. რეალურად, საპრეზიდენტო ფიცის წარმოთქმისას, ბიბლიაზე ხელის დადება ვალდებულბას არ წარმოადგენს და პრეზიდენტის ლეგიტიმაციას არ უკავშირდება.
2025 წლის 20 იანვარს ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობაში დონალდ ტრამპის, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის, ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა, სადაც მან მთავარი მოსამართლის, ჯონ რობერტსის, წინაშე ფიცი დადო. ფიცის დროს პრეზიდენტის გვერდით მისი მეუღლე, პირველი ლედი მელანია ტრამპი იდგა, ხელში ორი ბიბლიით: ერთი, რომელიც დონალდ ტრამპს ბავშვობაში დედამ აჩუქა, მეორე კი – პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნის 1861 წლის ინაუგურაციის ბიბლია. დონალდ ტრამპმა, საპრეზიდენტო ფიცის დადებისას, მარჯვენა ხელი ჰაერში აღმართა, თუმცა მარცხენა ხელი ბიბლიაზე არ დაუდვია. აღნიშნულმა სოციალურ ქსელებში დიდი ყურადღება მიიქცია.
რეალურად, აშშ-ის კონსტიტუციის მეორე მუხლის მიხედვით, მომავალმა პრეზიდენტმა უნდა წარმოთქვას ფიცი: „მე საზეიმოდ ვფიცავ (ან ვადასტურებ), რომ ერთგულად შევასრულებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას და შეძლებისდაგვარად შევინარჩუნებ და დავიცავ ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციას“ („I do solemnly swear (or affirm) that I will faithfully execute the Office of President of the United States, and will to the best of my ability preserve, protect and defend the Constitution of the United States“). პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნული ფიცი წარმოთქვა.
რაც შეეხება ინაუგურაციის პროცესში რელიგიურ ელემენტებს, აშშ-ის კონსტიტუცია რწმენის თავისუფლებას იცავს და მის მიხედვით, „არანაირი რელიგიური პროცედურა არ წარმოადგენს კვალიფიკატორს ამერიკის შეერთებული შტატების რომელიმე უწყების ან საჯარო ნდობის მოსაპოვებლად“ („No religious Test shall ever be required as a Qualification to any Office or public Trust under the United States“).
შესაბამისად, პრეზიდენტს ან/და სხვა ოფიციალურ პირებს იმისთვის, რომ ლეგიტიმაცია მოიპოვონ, საკუთარი ფიცის წარმოთქმისას ბიბლიაზე ხელის დაყრდნობის ვალდებულება არ გააჩნიათ.
ისტორიულად, პრეზიდენტთა უმრავლესობამ ფიცის დროს, მარჯვენა ხელის ჰაერში აღმართვასთან ერთად, მარცხენა ხელი ბიბლიაზე დააყრდნო. თუმცა, მაგალითად, ტომას ჯეფერსონს, კელვინ კულიჯსა და თეოდორ რუზველტს, საპრეზიდენტო ფიცის წარმოთქმისას, ბიბლია საერთოდ არ გამოუყენებიათ, ხოლო ჯონ ქვინსი ადამსმა ფიცი კანონთა კრებულზე დადო.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აშშ-ის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. პირველად იგი 2016 წელს აირჩა და 2017 წლის 20 იანვრის ინაუგურაციის ცერემონიალზე ფიცი ბიბლიაზე დადო.
წყარო: MSN
ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპმა ფიცის წარმოთქმისას ხელი ბიბლიას არ დაადო, გადაამოწმა ამერიკულმა, IFCN-ის ხელმომწერმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ PolitiFact-მაც. მან მტკიცება სიმართლედ შეაფასა, თუმცა იქვე დაურთო, რომ დონალდ ტრამპის ეს ქმედება არანაირ გავლენას არ ახდენს მის პრეზიდენტობაზე.
ამრიგად, მტკიცება, რომ ფიცის დადების დროს მარცხენა ხელი ბიბლიას უნდა დაეყრდნოს, ტყუილია.