სოციალურ ქსელში (1, 2, 3, 4) კოორდინირებულად ვრცელდება ფოტომასალა, თითქოს პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ, ბათუმში მასზე თავდასხმის შემდეგ, იტირა. რეალურად, ფოტო არაა ნამდვილი და გენერირებულია ხელოვნური ინტელექტის მიერ.
14 იანვარს, გვიან ღამით, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, გიორგი გახარიას, პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერსა და საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, თავს დაესხნენ, რის შედეგადაც მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა დაუდგინდა.
გიორგი გახარიაზე თავდასხმის შემდეგ, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ფოტო, რომელზეც, თითქოს, ჩანს, რომ პოლიტიკოსი ტირის. სინამდვილეში, ვირუსულად გავრცელებული ფოტო გენერირებულია ხელოვნური ინტელექტის მიერ, რაზეც რამდენიმე დეტალი მიუთითებს.
გავრცელებულ ფოტოზე (იხ. ქვემოთ) ვხედავთ გიორგი გახარიას არაბუნებრივად ფორმირებულ ხელებს: მარცხენა ხელის არათითი (მეოთხე თითი) არაბუნებრივი ფორმისაა, შუა და საჩვენებელი თითები კი კონტურების გარეშეა ფორმირებული და სრულად არ აღიქმება, ხოლო მარჯვენა ხელზე თითქმის შეუძლებელია თითებს შორის განსხვავების დანახვა, ვინაიდან ისინი ერთმანეთშია შერწყმული. დამატებით, ამავე ფოტოში, გახარიას ნიკაპს, ყელსა და პერანგს შორის კონტურის დანახვა შეუძლებელია, რადგან სამივე დეტალი ერთმანეთს ერწყმის. ამასთანავე, შესამჩნევია, რომ პირველ ფოტოში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ყელზე გამოსახული დეტალები განსხვავდება თავდაპირველ ფოტოში ასახული დეტალებისგან და იგივე დეტალები, კოლაჟის ოთხივე ფოტოში, სხვადასხვა ფორმისაა, რაც სურათის არაბუნებრიობას ამტკიცებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ „ჯეოფაქტსმა“ ფოტო ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტოების ამომცნობ ინსტრუმენტებშიც გადაამოწმა და მათმა უმეტესობამ დაადგინა, რომ ფოტო რედაქტირებულია.
ორიგინალი ფოტო, რომელიც მოგვიანებით ხელოვნური ინტელექტით დაამუშავეს, სოციალურ ქსელში სხვადასხვა მედიამ გამოაქვეყნა (1, 2, 3).
თუმცა გიორგი გახარიას ტირილის ამსახველი ფოტოები არ გაუვრცელებია არც ერთ სანდო მედიასა თუ სხვა სახის წყაროს. მსგავს ფოტოს არ ვხვდებით არც პარტიის ლიდერისა თუ სხვა წევრების ოფიციალურ სოციალურ ანგარიშებზე.
ამრიგად, ფოტო სინამდვილეში რედაქტირებულია.