Facebook-გვერდი „მსოფლიო ამბები“ სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ UFC 311-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილის მიერ ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილის, უმარ ნურმაგომედოვს დამარცხების შემდეგ, ხაბიბ ნურმაგომედოვმა საქართველოს გამარჯვება მიულოცა. ხაბიბ ნურმაგომედოვის მსგავსი განცხადება მისი სოციალური მედიის გვერდებზე, ინგლისურ, რუსულ და ქართულ მედიებში, ასევე, სხვა ღია წყაროებში არ იძებნება. აღსანიშნავია, რომ თავად პოსტის ავტორიც არ უთითებს წყაროს, რომელიც მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაადასტურებდა.
2025 წლის 19 იანვარს UFC 311-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა რუსეთის სახელით გამომსვლელი უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან ბრძოლაში, მსაჯების გადაწყვეტილებით, დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი დაიცვა. ბრძოლის დროს ხაბიბ ნურმაგომედოვი თავისი ბიძაშვილის კუთხეში იდგა.
ორთაბრძოლის შემდეგ, ხაბიბ ნურმაგომედოვმა უმარის მარცხის შესახებ ერთადერთი განცხადება საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა: „როგორც ველოდებოდი, რთული საღამო იყო. უმარ, თავი მაღლა ასწიე. გუშინ დაამტკიცე, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ხარ, მაგრამ ამ მომენტისთვის არის რაღაც, რაზეც უნდა იმუშაო. შეცდომებზე ვიმუშავებთ და სატიტულო რბოლაში დავბრუნდებით.“
ორთაბრძოლის შესახებ ხაბიბ ნურმაგომედოვის სხვა კომენტარი, მით უმეტეს, მერაბ დვალიშვილისთვის ან საქართველოსთვის გამარჯვების მილოცვა, არ იძებნება. რაც შეეხება თავად უმარ ნურმაგომედოვს, დაღესტნელმა, მერაბ დვალიშვილთან მარცხის შემდეგ, სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ მისი აზრით, ქართველ მებრძოლთან არ დამარცხებულა.
აქედან გამომდინარე, მტკიცება, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვმა საქართველოს მერაბ დვალიშვილის გამარჯვება მიულოცა, არ დასტურდება.