ტელეკომპანია „იმედი“ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს (დაარქივებული ბმული). პოსტის მიხედვით, ზურაბიშვილმა ტრამპის კაბინეტის წევრებთან შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა: „ეს არ იყო წესიერი შეხვედრები“.
სალომე ზურაბიშვილის სრული ინტერვიუდან აღნიშნული ციტატის კონტექსტის გარეშე გავრცელება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ზურაბიშვილი ტრამპის კაბინეტის წევრებთან შეხვედრას უარყოფითად აფასებს, რაც პოსტის კომენტარებიდანაც ჩანს.
18 იანვარს ამერიკულ ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებით ისაუბრა. წამყვანის კითხვაზე, თუ როგორ ჩაიარა ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის წევრებთან შეხვედრებმა (იხილეთ ბმულზე 01:30 წუთიდან), პასუხს ზურაბიშვილი შემდეგი ფრაზით იწყებს „შეხვედრები არ იყო სათანადო/შესაბამისი“ (ინგლისურად:Those were not proper [1]meetings) და აგრძელებს, „ეს შეხვედრები იყო მიღებებზე, რომლებიც ინაუგურაციამდე ხდება, რათა მათ ყურამდე მიგვეტანა საქართველო და პირველი კონტაქტები დაგვეწყო. ვინაიდან საქართველო ხვალ შეიძლება ამერიკის დიდი წარმატება ან ამერიკისთვის დიდი პრობლემა იყოს კავკასიის რეგიონში, რომელზე დომინაციაც რუსეთს ყოველთვის სურს, ეს რუსეთის იმპერიების, შემდგომ საბჭოთა კავშირის და ახლა რუსეთის მუდმივი სურვილი იყო“[„ჯეოფაქტსის“ თარგმანი].
შეხვედრების ფორმატს სალომე ზურაბიშვილი ინტერვიუს მიმდინარეობისას სხვა მონაკვეთშიც შეეხო (იხილეთ ბმულზე 07:40 წუთიდან), კერძოდ, როცა მომავალ სახელმწიფო მდივან, მარკო რუბიოსთან მიღების დროს მოკლე შეხვედრასა და მომავალში, მასთან პირისპირ შეხვედრაზე ისაუბრა. „მოკლე შეხვედრა მქონდა მდივან რუბიოსთან, რომელიც ჯერ დამტკიცებული არ არის, ასე რომ მისგან პირობის მიღებას ვცდილობდი, რომ შეხვედრას შევძლებდით იმ რამდენიმე დღეში, რაც ვაშინგტონში უნდა გავატარო. მას და გაერო-ში აშშ-ის ელჩს, რომელსაც ასევე შევხვდი, ორივეს ვუთხარი, რომ იმედი მაქვს საქართველო მათი არა ერთ-ერთი პრობლემა, არამედ მათი ერთ-ერთი პრობლემის მოგვარება გახდება“.
ამასთანავე, „ჯეოფაქტს“ ონლაინ გამოცემა პუბლიკამ სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურისგან მიღებული ინტერვიუს თარგმანი გაუზიარა. ინტერვიუს ტექსტში სალომე ზურაბიშვილის პასუხი შემდეგნაირად არის ნათარგმნი „ეს არ ყოფილა შესაბამისი შეხვედრები. ეს იყო მიღებაზე გამართული საუბრები, რომლებიც ინაუგურაციის წინ იმართება – იმისთვის, რომ საქართველო მათი ყურადღების ცენტრში მოვაქციოთ და პირველი კონტაქტები დავამყაროთ. რადგან საქართველო ხვალ შესაძლოა გახდეს ამერიკის დიდი წარმატება, ან პირიქით – დიდი პრობლემა კავკასიის რეგიონში, სადაც რუსეთს ყოველთვის უპირატესობის მოპოვება სურს. ეს იყო მუდმივი მიზანი ჯერ რუსეთის იმპერიის, შემდეგ საბჭოთა კავშირის და დღეს რუსეთის“.
ამდენად, აღნიშნული ციტატის კონტექსტის გარეშე გავრცელება ქმნის წარმოდგენას, რომ ზურაბიშვილი შეხვედრებს უარყოფითად აფასებს. პოსტმა რომ მომხმარებლებზე მსგავსი შთაბეჭდილება დატოვა, კომენტარებიდანაც ჩანს (იხილეთ ფოტოები).
ზურაბიშვილის სრული ინტერვიუდან ჩანს, რომ ის შეხვედრების ფორმატს, “მოკლესა” და მიღების დროს ჩატარებულს, ახასიათებს სიტყვებით, რომ არ იყო „proper”/შესაბამისი/სათანადო. დამატებით, ზურაბიშვილის კომენტარი, რომ მოკლე შეხვედრა ჰქონდა მარკო რუბიოსთან, რა დროსაც შესაძლო სახელმწიფო მდივანს ცალკე შეხვედრაც შესთავაზა, კიდევ ერთი დასტურია, რომ მისი ციტატა კონტექსტიდან ამოგლეჯილია.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი აშშ სამუშაო ვიზიტით ჩავიდა, სადაც დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება. ინაუგურაციაზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა მიიწვია. სამუშაო ვიზიტის დროს, ზურაბიშვილი დონალდ ტრამპ უმცროსის მასპინძლობით, წინასაინაუგურაციო ღონისძიებას დაესწრო, ის დონალდ ტრამპ უმცროს, აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოსა და აშშ-ის მომავალ თავდაცვის მდივან, პიტ ჰეგსეტს შეხვდა.
[1] Cambridge-ის ლექსიკონის მიხედვით, სიტყვას “Proper” რამდენიმე მნიშვნელობა აქვს, მათ შორის, რეალური (real), დამაკმაყოფილებელი (satisfactory), შესაფერისი/სათანადო (suitable) ან სწორი (correct). სალომე ზურაბიშვილი, ინტერვიუს კონტექსტიდან გამომდინარე, გულისხმობს-შესაბამისს/სათანადოს.