Home » დეზინფორმაცია: ვოლოდიმირ ზელენსკიმ კარიბის ზღვაში „მილიარდერთა კუნძულზე“ ვილა იყიდა
გადამოწმებული ფაქტები ვერდიქტები ტყუილი

დეზინფორმაცია: ვოლოდიმირ ზელენსკიმ კარიბის ზღვაში „მილიარდერთა კუნძულზე“ ვილა იყიდა

სოციალურ ქსელში როგორც ქართულენოვანი, ასევე რუსულენოვანი ანგარიშები (1; 2) და კრემლისტური მედია (Аргументы и Факты; URA.ru; Царьград) ავრცელებენ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კარიბის ზღვაში „მილიარდერთა კუნძულზე“ ვილა იყიდა, სადაც ამჟამად მიწისქვეშა ბუნკერი შენდება. გავრცელებული მტკიცების თანახმად, ვილა ზელენსკის კვიპროსულმა ოფშორულმა კომპანიამ Aldorante LTD იყიდა, რაშიც 17.8 მილიონი ევრო გადაიხადა (არქივირებული ბმული).

სინამდვილეში, გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია.

აღსანიშნავია, რომ რუსულენოვან პოსტებს თან მოჰყვება რამდენიმე დოკუმენტის ფოტო, რითაც თითქოს Aldorante LTD-ის მიერ ვილის შეძენა დასტურდება. ამასთან,  რუსულენოვანი წყაროები წერენ, რომ შესყიდვის დოკუმენტს ხელს ზელენსკის ბავშვობის მეგობარი, ვინმე სვეტლანა პიშენსკაია აწერს. დოკუმენტებში წერია, რომ ვილა კუნძულ სენ ბართელმიზე მდებარეობს და ჩანს ვილის მისამართიც: 55 Route de Camaruche, 97133 Camaruche, Saint-Barthélemy. გარდა ამისა, რუსულენოვან პოსტებსა და სტატიებში ვკითხულობთ, რომ ვილაზე ამჟამად სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და მძიმე ტექნიკა მუშაობს, კერძოდ, ადგილობრივი კომპანია სახელად Mancar მიწისქვეშა ბუნკერს აწყობს. დოკუმენტების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს ის ფაქტი, რომ მასზე ინფორმაციის ნაწილი გადაშლილია, ამასთან, ფოტოს ინტერნეტსივრცეში  ძიებისას, ის მხოლოდ არასანდო რუსულენოვან ვებგვერდებსა და სოციალური ქსელის ანგარიშებზე იძებნება.

წყარო: რუსული ტელეგრამ არხები (1; 2)

წყარო: რუსული ტელეგრამ არხები (1; 2)

დოკუმენტებში არსებული მისამართი ემთხვევა ვილის, სახელად Villa Stellae-ის მისამართს (ფოტოები იხ. ქვემოთ).

წყარო: Sibarth real estate

წყარო: Google Maps

ინტერნეტსივრცეში ვილასთან დაკავშირებული ინფორმაციის ძებნისას აღმოჩნდა, რომ ის უძრავი ქონების სააგენტოს Sibarth Real Estate-ის გვერდზე იძებნება, სადაც მითითებულია, რომ ვილა გაყიდულია (ფოტო იხ. ქვემოთ).

აღნიშნულმა სააგენტომ 2024 წლის 11 ოქტომბერს Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდნენ, რომ Villa Stellae გაიყიდა, თუმცა პოსტი მყიდველის შესახებ ინფორმაციას არ შეიცავდა. ინფორმაციის გადასამოწმებლად „ჯეოფაქტსი“ Sibarth Real Estate-ს დაუკავშირდა. მათ განაცხადეს, რომ გავრცელებული მტკიცება ვილის ზელენსკის მიერ ყიდვასთან დაკავშირებით ტყუილია. მათ წერილში ვკითხულობთ, რომ ვილა მართლაც გაიყიდა, თუმცა მყიდველი არა Altorante LTD, არამედ ფრანგული კომპანიაა ფრანგი აქციონერებით, რომელსაც არანაირი კავშირი უკრაინასთან არ აქვს. გარდა ამისა, ვილაზე არანაირი სარემონტო თუ სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს და ფასიც [17.8 მლნ ევრო] ტყუილია.

ამგვარად, მტკიცება, რომლის თანახმადაც უკრაინის პრეზიდენტმა „მილიონერების კუნძულზე“ ვილა შეიძინა და ბუნკერს აშენებს, ყალბია.

საგულისხმოა, რომ „ჯეოფაქტსს“ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ძვირადღირებული ქონების შეძენასთან დაკავშირებული დეზინფორმაციები არაერთხელ გადაუმოწმებია. მაგალითად, 2024 წლის აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელი მომღერალი სტინგისგან იტალიაში ღვინის მამული იყიდა, ასევე 2024 წლის დეკემბერში გავრცელებული მტკიცების თანახმად, ზელენსკიმ საფრანგეთში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო შეიძინა. ყველა ეს მტკიცება, ზემოაღნიშნულის მსგავსად, ყალბი აღმოჩნდა.

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]