სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ჯგუფში „პროტესტი“ აქვეყნებს ფოტოს (დაარქივებული ბმული) სათაურით: „დეგრადირებული ნაცის შეფასება“. ფოტოზე მომღერლისა და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო სიის მე-15 ნომრის, გიორგი უშიკიშვილის სურათისა და ანსამბლ „ერისიონის“ ლოგოს ფონზე ვკითხულობთ: „ასეა, როდესაც არც ნიჭი გაქვს და არც ნამუსი! – გიორგი უშიკიშვილი „ერისიონს““. რეალურად, გიორგი უშიკიშვილმა აღნიშნული სიტყვებით „ერისიონის“ ხელმძღვანელობას მიმართა და არა ანსამბლს.
2024 წლის 25 დეკემბერს ანსამბლმა „ერისიონმა“ ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება: „სიმღერა, ცეკვა, ქართული კულტურა და იდენტობა, შეუცვლელი და ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელია ყველა დანარჩენისგან. ხალხის დაბულინგება და შანტაჟი, არ იმღეროთ, არ იცეკვოთ, ახალი წელი და შობა არ იზეიმოთ და ბავშვები არ ჩართოთ ამაშიო – ყველაზე არაქართული დამოკიდებულებაა ნებისმიერი მიზეზის თუ საბაბის მიუხედავად! ჩვენ ყოველთვის ვიმღერებთ, ვიცეკვებთ და არავის აქვს უფლება ეს დაგვიშალოს და მოუშალოს ქართველებს!“. აღნიშნული განცხადება, სავარაუდოდ, მომღერლების ნაწილის მიერ (მაგალითად, ბმული 1, 2, 3, 4, 5) საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებების საქართველოში მიმდინარე პროტესტის ფონზე გაუქმების კონტექსტში გავრცელდა.
აღნიშნულ პოსტს გამოეხმაურა გიორგი უშიკიშვილი: „ასეა როდესაც არ გეკუთვნის სახელმწიფო ანსამბლის ხელმძღვანელობა, არც ნიჭი გაქვს და არც ნამუსი. უბრალოდ მემკვიდრეობით მიიღე“.
უშიკიშვილმა საკუთარი სიტყვებით ანსამბლის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა და სწორედ მისი მისამართით თქვა სიტყვები „არც ნიჭი გაქვს და არც ნამუსი“. „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი 2015 წლიდან შერმადინ ჭკუასელია, ხოლო მთავარი ქორეოგრაფი 2016 წლიდან – ეკა ჭკუასელი. ორივე მათგანი ჯემალ ჭკუასელის, 1986-2915 წლებში ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელის შვილია და სწორედ ამაზე მიუთითებს უშიკიშვილი, როდესაც ხელმძღვანელობის მემკვიდრეობით მიღებაზე საუბრობს.
გიორგი უშიკიშვილის ციტატის იმგვარად რედაქტირება, როგორსაც Facebook-მომხმარებლის პოსტში ვხვდებით, მცდარად წარმოაჩენს, თითქოს მან სიტყვებით – „არც ნიჭი გაქვს და არც ნამუსი“, ზოგადად, ანსამბლ „ერისიონს“ მიმართა.