Facebook-სა და TikTok-ზე ვრცელდება ვიდეო, რომელშიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გადაღებულ კადრებს ვხედავთ უცენზურო სიმღერის ფონზე. რეალურად, ვიდეო რედაქტირებულია და ენმ-ის ოფისში სულ სხვა სიმღერა იმღერეს.
პოსტში გამოქვეყნებული ვიდეოს კადრები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფიციალურ YouTube-არხზე 2021 წლის 20 თებერვალს გავრცელდა სათაურით: „სიმღერა ნაციონალური მოძრაობის ოფისში – 19/02/2021“. რეალურ ვიდეოში ნამდვილად ვხედავთ „ენმ-ის“ ოფისში შეკრებილ ადამიანებს , ერთ-ერთს გიტარით, მათ შორისაა „ენმ-ის“ ყოფილი ლიდერი და პარტია „ახლის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნიკა მელიაც. თუმცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეკრებილები სულ სხვა სიმღერას მღერიან. კერძოდ, ვიდეო 1:07-წუთიანია და მთლიანი კადრის განმავლობაში ისინი ანა კალანდაძის ლექსზე შექმნილ სიმღერას „საქართველოო ლამაზო“ მღერიან. ამრიგად, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო რედაქტირებულია.