Home » დეზინფორმაცია: ვიდეოში ჩანს, როგორ ცეკვავენ უკრაინელები ხატებთან
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

დეზინფორმაცია: ვიდეოში ჩანს, როგორ ცეკვავენ უკრაინელები ხატებთან

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ვიდეოს ავრცელებს, რომელზეც ახალგაზრდები ჩანან და მუსიკის ფონზე სხვადასხვა მოძრაობას ასრულებენ. მათ ხელში უჭირავთ ხატები და ცეკვავენ. პოსტის აღწერის თანახმად, შემთხვევა უკრაინაში მოხდა: „უკრაინა, ცეკვა ხატებთან, ეს რა ხდება უკრაინელების თავს“, – ვკითხულობთ პოსტში. სინამდვილეში, ვიდეო არა უკრაინაში, არამედ პოლონეთშია გადაღებული და ტრადიციულ კულტურულ-რელიგიურ რიტუალს წარმოადგენს (არქივირებული ბმული).

ინფორმაცია რუსულენოვანმა ტელეგრამ ანგარიშებმა 2024 წლის ოქტომბერში გაავრცელეს (1; 2), შემდგომ კი უკრაინელმა ფაქტების გადამმოწმებლებმა გადაამოწმეს (1; 2). რუსულენოვანი პოსტების გარდა, უკრაინელებმა პლატფორმა X-ზე  პოლონურენოვანი პოსტიც იპოვეს, რომელშიც აღნიშნული ვიდეო ფიგურირებს. ის რუსული პროპაგანდისტული ტელეგრამ არხების მიერ ვიდეოს გავრცელებამდე, 2024 წლის 28 სექტემბერსაა გამოქვეყნებული. X-ის მომხმარებელმა პოსტი შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: „თუ ვინმეს ეჭვი აქვს იმის შესახებ, თუ რამდენად გამოურეცხა რელიგიამ პოლონელებს ტვინი, თავისუფლად შეგიძლიათ ეს ჩანაწერი აჩვენოთ“. პოსტს ე.წ. Community Note-ის სახით ინფორმაცია მოჰყვება, სადაც ნათქვამია, რომ ვიდეოში ნაჩვენები წარმოდგენა პოლონეთის ჩრდილოეთში მცხოვრები ხალხის, კაშუბების ტრადიციას წარმოადგენს.

ვიდეოში წარმოდგენილი რიტუალი მართლაც კაშუბების ტრადიციაა, რომელსაც „ფერეტრონების თაყვანისცემა“ ეწოდება. ეს კი ორმხრივი საპროცესიო ხატების თაყვანისცემას გულისხმობს,  რომლებიც რელიგიურ რიტუალებში გამოიყენება, კერძოდ, ტაძრის ან ქალაქის გარშემო რელიგიური მსვლელობის დროს. ფერეტრონების თაყვანისცემა კაშუბების ხალხის მომლოცველობის ტრადიციის ელემენტია, რომლებიც პოლონეთის ჩრდილო-დასავლეთში ცხოვრობენ. კაშუბების კულტურის ინსტიტუტისა და პოლონეთის მუზეუმის გვერდზე ვკითხულობთ, რომ  კაშუბიის რეგიონის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული უფრო დიდ რეგიონთან, პომერანიასთან, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთ გერმანიიდან ჩრდილოეთ პოლონეთამდე ვრცელდება. კაშუბიის ისტორია იწყება მე-13 საუკუნიდან ჰანზის კავშირთან ერთად, რომელიც სახელმწიფოთა დიდი კონფედერაციას წარმოადგენდა, ცენტრით ჩრდილოეთ გერმანიასა და ბალტიის ზღვაში. კაშუბური კულტურა კონცენტრირებულია ბალტიის ზღვის გარშემო, რომელიც პოლონურ, გერმანულ და განსაკუთრებით შვედურ ასპექტებს აერთიანებს და უნიკალურ კულტურას ქმნის, რომელიც მეზობელი ხალხებისგან გამორჩეულია. კაშუბებს აქვთ საკუთარი უნიკალური ენა კაშუბური, რომელიც პოლონურის დიალექტი არ არის. თუმცა როგორც დასავლეთ სლავური ენა, კაშუბური მჭიდროდაა დაკავშირებული პოლონურთან და სხვა სლავურ ენებთანაც.

პოლონეთის მემკვიდრეობის ეროვნული ინსტიტუტის გვერდზე ვკითხულობთ: კალვარია-ვეიხეროვსკა, რომელიც მე-18 საუკუნიდან აღიარებულია კაშუბიის სულიერ დედაქალაქად, წარმოადგენს კათოლიკური რელიგიური ცხოვრების გულს გდანსკის ჩრდილოეთ ნაწილში. სწორედ ამ ადგილას, რომელიც კალვარიავეიხეროვსკაში მომლოცველობის ფარგლებში შეიქმნა, ფერეტრონების თაყვანისცემის რიტუალი სრულდება. ინსტიტუტის მიხედვით, აღნიშნული რიტუალი შთამბეჭდავი სანახაობის გარდა, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვან რელიგიურ და კულტურულ გამოცდილებას წარმოადგენს. წლის განმავლობაში კალვარიავეიხეროვსკა მრავალ რელიგიურ ღონისძიებას მასპინძლობს. მომლოცველობას ისტორია მე-17 საუკუნიდან იღებს სათავეს, როდესაც გდანსკიდან, ოლივადან და კოსცეჟინადან  პირველი ჯგუფები ვეიხეროვოში გაემართნენ.

ამავე ინსტიტუტის თანახმად, ამ მომლოცველობის ცენტრალური ელემენტი ფერეტრონების თაყვანისცემის ტრადიციაა. ეს არა მხოლოდ რწმენის სიმბოლური აქტია, არამედ კაშუბური თემის ერთიანობასა და თვითმყოფადობას წარმოაჩენს. თაყვანისცემა, რომელსაც ასრულებენ მამაკაცთა და ქალთა ჯგუფები, გულდასმითაა მომზადებული და სრულდება პატივისცემით, ღრმა ქრისტიანულ სიმბოლიკას ატარებს. ფერეტრონული თაყვანისცემის ძირითადი ჟესტებია პირჯვრის გადაწერა და თაყვანისცემა. თაყვანისცემა არა მხოლოდ აერთიანებს მომლოცველობის მონაწილეებს, არამედ იძლევა ერთობლივი ლოცვის, ფიქრისა და გალობის შესაძლებლობას. მათი მომზადება გულდასმით იგეგმება, და თავად ღონისძიება, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურ ძალისხმევას მოითხოვს, ატარებს ღრმა სულიერ სიმდიდრეს. ინტერნეტსივრცეში აღნიშნული რიტუალის სხვა მრავალი ვიდეო იძებნება (1; 2). გარდა ამისა, კაშუბების ეს ტრადიცია ამჟამად პოლონეთის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სიაშია შეტანილი (90-ე ნომერი სიაში).

თავად ცეკვა ასეთია: ოთხი ადამიანი, რომლებიც ხის სახელურებით იჭერენ ხატს, თავდაპირველად ხატს ჰაერში წევენ სამჯერ, შემდეგ ხატს ხრიან წინ, უკან, მარჯვნივ და მარცხნივ. ეს წმინდა ჯვრის ან წმინდა სამების ნიშანია. შემდეგ აკეთებენ წრეს და წინ იხრებიან. წრე არის ერთი ღმერთის სრულყოფილების ნიშანი სამ პიროვნებაში, ხოლო წინ მოხრა არის მისალმება.

ასევე, „ჯეოფაქტსმა“ პოლონელი კოლეგების დახმარებით ტაძრის ზუსტი ლოკაცია დაადგინა. წმინდა ფაუსტინა კოვალსკას ტაძარი პოლონეთის ჩრდილოეთით არსებულ ქალაქ პუცკში მდებარეობს (ფოტოები იხ. ქვემოთ).

ფოტოები გავრცელებული ვიდეოდან:

ფოტო Google maps-დან:

შესაბამისად, მტკიცება, რომლის თანახმადაც ვიდეო უკრაინაშია გადაღებული – მცდარია. რეალურად, ვიდეო პოლონეთშია გადაღებული და მასზე მომლოცველობის რიტუალია ასახული, რომელიც პოლონეთის ჩრდილოეთში მცხოვრები კაშუბების კულტურულ-რელიგიური ტრადიციის ნაწილია.

 

 

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]