Home » სოციალურ ქსელში გიორგი უშიკიშვილის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები კონტექსტის გარეშე

სოციალურ ქსელში გიორგი უშიკიშვილის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება

სოციალურ ქსელში POSTV-ის ჟურნალისტი Lisa Gegechkori, რომლის მიერ გავრცელებული შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია, ასევე სხვადასხვა Facebook და TikTok ანგარიში მომღერალ გიორგი უშიკიშვილის ვიდეოს ავრცელებენ, სადაც ის ამბობს: „ნათქვამი რო არი რა, მე თუ არ ვიქნები, ქვა ქვაზე არ დარჩენილაო, ანუ, ეხლა ნებისმიერი შემდეგი ნაბიჯი არის სწორედ აი ეს, ანუ ჩვენ თუ არ ვიქნებით, ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა“. სინამდვილეში, ვიდეო იმგვარადაა მოჭრილი, რომ ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ის საკუთარი და პროტესტის მონაწილეებიის პოზიციას გამოხატავს. მცდარ კონტექსტს მანიპულაციურად მოჭრილ ვიდეოზე დატანილი ტექსტიც ამყარებს.  რეალურად, სრულ ვიდეოში, ჩანს, რომ მომღერლის ეს კომენტარი ხელისუფლებას მიემართება (არქივირებული ბმული).

ვიდეო 2024 წლის 27 დეკემბერს გამართული „მუსიკოსებისა და ხელოვანების“ მარშიდანაა ამოჭრილი, როდესაც გიორგი უშიკიშვილს „ტვ პირველის“ ჟურნალისტი ესაუბრებოდა. მათი საუბრის სრული ვერსია ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტის კითხვით იწყება: (21:17-დან) „ბატონო გიორგი, დაიმსახურა ივანიშვილმა ეს სანქციები და არის, თუ – არა ეს ხალხის გამარჯვება?“ რაზეც უშიკიშვილი პასუხობს: „იცი რა, მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ყველა ხელისუფლება უნდა აცნობიერებდეს, რომ ხალხის ძალა – ეს არის გარდამტეხი აბსოლუტურად  ყველა მიმართულებით, ტყუილად კი არ წერია ჩვენს გერბზე „ძალა ერთობაშია“, სწორედ ამ ერთად დგომამ, ამ ძალამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ეს ქვეყანა გაიმარჯვებს და ყველას უნდა ახსოვდეს, ნებისმიერ ხელისუფლებას, რომ ხალხის წინააღმდეგ წასვლა ჯდება ძალიან ძვირი“. ამის შემდეგ ჟურნალისტი მას მეორე კითხვას უსვამს: „ხალხის წინააღმდეგ ხელისუფლება წავიდა, ამას ვუყურებდით, ხომ? თითქმის ერთი თვის განმავლობაში ვადევნებთ თვალს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი, დაიხევს ახლა უკან თქვენი აზრით? ამ სანქციების გამო?“, რაზეც გიორგი უშიკიშვილის პასუხი შემდეგია: „იცი რა, მე ერთ რაღაცას ვფიქრობ, რომ, ხო იცი ნათქვამი რო არი რა, მე თუ არ ვიქნები, ქვა ქვაზე არ დარჩენილაო, ანუ, ეხლა ნებისმიერი შემდეგი ნაბიჯი არის სწორედ აი ეს, ანუ ჩვენ თუ არ ვიქნებით, ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა და ეხლა თუ იმათ [ხელისუფლებას] უნდათ, რომ ქვეყანა განადგურდეს ყველანაირად, ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს.“ ამდენად, ჟურნალისტის კითხვიდან გამომდინარე, აღნიშნული ფრაზით გიორგი უშიკიშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოზიციაზე მიუთითებს.

გარდა ამისა, სოციალურ ქსელში გავრცელებულ მანიპულაციურად მოჭრილ ვიდეოს გიორგი უშიკიშვილი საკუთარ Facebook-გვერდზე გამოეხმაურა: „მომღერლების მარშის დროს, ინტერვიუს ჩაწერისას, ვთქვი რომ ადამიანმა (მათ შორის ხელისუფლებამ) ისე არ უნდა იცხოვროს,  გამოთქმა რომ არსებობს, მე თუ არ ვიქნები ქვა ქვაზე ნუ დაჩენილაო. პროპაგანდისტებმა,  მხოლოდ ეს ფრაზა მოჭრეს და გამოვიდა თითქოს მე ვამბობ, მე თუ არ ვიქნები ქვა ქვაზე ნუ დარჩებაო“, – ნათქვამია პოსტში.

ამგვარად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ნაწყვეტი მანიპულაციურადაა მოჭრილი და მომხმარებლებს მცდარ შთაბეჭდილებას უქმნის, თითქოს ის მომღერლის პოზიციას გამოხატავს. რეალურად, აღნიშნული რეპლიკით გიორგი უშიკიშვილმა პასუხი გასცა ჟურნალისტის კითხვას, რა იქნებოდა ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯი და დაიხევდა, თუ – არა ის უკან. შესაბამისად, აღნიშნული კომენტარით მომღერალმა ხელისუფლების პოზიცია დაახასიათა.

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]