სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „David Tordia”, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტს“ აქამდეც გადაუმოწმებია, (1, 2, 3) უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ფოტოს ავრცელებს, რომლის ფონზეც ამერიკის დროშის ფერებში განათებული „დედა-სამშობლოს“ ძეგლი ჩანს. პოსტის აღწერაში ვკითხულობთ: „უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის საახალწლო მიმართვისას კიევში, სამშობლოს ძეგლი ამერიკის დროშის ფერებში განათდა.“ მოცემული აღწერა მანიპულაციურია და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ძეგლი მხოლოდ ამერიკის დროშის ფერებში იყო განათებული, რაც მცდარია. (არქივირებული ბმული)
2025 წლის 1 იანვარს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს მიმართა და ახალი წელი მიულოცა. 20-წუთიან ვიდეოში ზელენსკიმ გასული წლის მნიშვნელოვანი მოვნელები გაიხსენა – ტყვეების დაბრუნება, რუსების მიერ უკრაინის ქალაქების დაბომბვა, უკრაინელი მებრძოლების, ენერგეტიკოსებისა და ექიმების გმირობები და ა.შ.
ვიდეოში უკრაინის პრეზიდენტი ძეგლის „დედა-სამშობლო“ ფონზე საუბრობს, პარალელურად, 2024 წლის სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენის ვიდეოების ჩანართებიც ჩანს, მაგალითად, ბავშვთა საავადმყოფო „ოხმატდეტის“ დაბომბვის კადრები, უკრაინელი სპორტსმენები პარიზის 2024 წლის ოლიმპიადიდან, ზელენსკის შეხვედრა დონალდ ტრამპთან და სხვა. ვიდეოს უმეტესი ნაწილის განმავლობაში „დედა-სამშობლოს“ ძეგლი უკრაინის დროშის ფერებშია განათებული. ბოლოსკენ (15:22-დან) ძეგლი იმ ქვეყნის დროშის ფერებით ნათდება, რომლებსაც ზელენსკი მადლობას უხდის გაწეული დახმარებისთვის: „მადლობას ვუხდი ყველას, ვინც წელს ჩვენ გვერდით იდგა. ჩვენი პარტნიორები, მოკავშირეები, მეგობრები, ლიდერები. მართლაც ლიდერები, არა იმიტომ, რომ მათ ზოგადად ასე ვუწოდებთ, არამედ იმიტომ, რომ ისინი თავიანთი ქმედებებით ამტკიცებენ საკუთარ ლიდერობას. მათ, ვისაც არ ეშინოდათ უკრაინაში ჩამოსვლის, იცოდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი გვერდიგვერდ დგომა. მათთან, ვისთანაც, მანძილისა და დროის სხვაობის მიუხედავად, ერთად ვიმუშავეთ, ვიპოვეთ გამოსავალი და მივაღწიეთ შედეგებს“, ამის შემდეგ მან კონკრეტული ქვეყნების დახმარებებზე ისაუბრა. პარალელურად, „დედა-სამშობლოს“ ძეგლი იაპონიის, საფრანგეთის, შვეიცარიის, ფინეთის, პოლონეთის, შვედეთის, აშშ-ის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, კანადისა და სხვა ქვეყნების, ასევე ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა (იხ. ფოტოები ქვემოთ).
ამდენად, სინამდვილეში, პრეზიდენტ ზელენსკის მილოცვის დროს „დედა-სამშობლოს“ ძეგლი აშშ-ის გარდა, უკრაინის მხარდამჭერ სხვა ქვეყნების დროშების ფერებში ნათდებოდა.