სოციალურ ქსელში ვრცელდება დეზინფორმაცია – „ბცჟ ვაქცინა, რასაც ჩვილებს დაბადებისთანავე უკეთებენ, არის ძროხის ფილტვების ტუბერკულოზი, რაც პირიქით, ტუბერკულოზით აავადებს შემდეგში ადამიანებს“ (იხილეთ დაარქივებული ბმული). გავრცელებული ინფორმაცია ყალბია. რეალურად, ბცჟ ვაქცინა გამოიყენება ტუბერკულოზის მძიმე ფორმების, დისემინირებული ტუბერკულოზის და ტუბერკულოზური მენინგიტის პრევენციისთვის.
ბცჟ (კალმეტ-გერენის ბაცილა) არის ტუბერკულოზის (TB) საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც ადამიანებში პირველად 1921 წელს გამოიყენეს. ამჟამად, ვაქცინა ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ტუბერკულოზის გავრცელება კვლავ მაღალია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (who) თანახმად, Mycobacterium tuberculosis (Mtb), რომელიც არის ტუბერკულოზის (TB) გამომწვევი აგენტი, რომელიც არის ადამიანთა დაავადებისა და სიკვდილის მთავარი მიზეზი, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, სადაც ტუბერკულოზის მაღალი გავრცელებაა. ბცჟ ვაქცინა Mycobacterium bovis-ის ცოცხალი დასუსტებული ვაქცინური ფორმაა. დამტკიცებულია, რომ ბცჟ ვაქცინა იცავს ტუბერკულოზის რთული ფორმებისგან, როგორიცაა ტუბერკულოზური მენინგიტი და დისემინირებული ტუბერკულოზი.
ათწლეულების განმავლობაში ჩატარებული სამეცნიერო კვლევები აჩვენებს, რომ ბცჟ ვაქცინას ასევე აქვს ე. წ. არასამიზნე ეფექტები, ის დადებითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, რადგან აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას. მაგალითისთვის, ვაქცინა ასევე ამცირებს რესპირატორული დაავადებების რისკს.
ტუბერკულოზის (ბცჟ) ვაქცინაცია უკუნაჩვენებია აივ ინფექცია`შიდსის დროს. სხვა შემთხვევაში ვაქცინა სერიოზულ არასასურველ მოვლენებს ძირითადად არ იწვევს. თუმცა, როგორც ნებისმიერმა ვაქცინამ, ასევე ბცჟ-მ ინექციის ადგილას შეიძლება მსუბუქი და დროებითი ადგილობრივი რეაქციები გამოიწვიოს, როგორიცაა ტკივილი, სიწითლე, შეშუპება და ქავილი. ინექციის ადგილზე შეიძლება მცირე ზომის ნაწიბური წარმოიშვას, რაც კანის ნორმალური რეაქციაა.
მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ბცჟ ვაქცინა ახალშობილთა იმუნიზაციის პროგრამის ნაწილია. რეკომენდებულია, რომ ბცჟ ვაქცინაცია ახალშობილს სამშობიაროშივე, დაბადებიდან 0-5 დღის განმავლობაში, ჩაუტარდეს. თუ ჩვილის ვაქცინაცია ვერ მოხერხდა, შესაძლებელია აცრა 1 წლამდე ასაკში გაკეთდეს, შემდგომ კი ვაქცინის გაკეთება არაა რეკომენდებული, რადგან ვაქცინის დამცველობითი ეფექტი მცირდება.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ბცჟ აცრა არ ტარდება აივ ინფექციის/შიდსის ნიშნების არსებობის შემთხვევაში. ასევე განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭიროა ავადმყოფი ახალშობილების და მცირეწონიან ბავშვების აცრის შემთხვევაშიც. მაგალითად, 2 კილოზე ნაკლები წონის ახალშობილს აცრა წონის კორექციის შედეგ უტარდებათ.
რიგ ქვეყანაში, სადაც ტუბერკულოზის გავრცელების მაჩვენებელი დაბალია, ბცჟ აცრა რუტინულ იმუნიზაციაში არ შედის, მხოლოდ მაღალი რისკის მქონე ბავშვებს უტარდებათ აცრა. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ტუბერკულოზის ვაქცინა მასობრივად არ გამოიყენება, თუმცა ვაქცინა დაავადების მაღალი რისკის მქონე ადამიანებისთვის ხელმისაწვდომია. CDC-ის (ამერიკული დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი) განმარტავს, რომ „ბცჟ ვაქცინა იცავს ბავშვებს აქტიური ტუბერკულოზის დაავადების მძიმე ფორმებისგან, როგორიცაა ტუბერკულოზური მენინგიტი. თუმცა ვაქცინის დაცვა დროთა განმავლობაში სუსტდება“.
100 წელზე მეტია, რაც ბცჟ ვაქცინა გამოიყენება, არაერთი სამეცნიერო კვლევა ჩატარდა და მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს. მითი, თითქოს ბცჟ ვაქცინას დაავადების გამოწვევა შეუძლია, სავარაუდოდ, იმ ფაქტს უკავშირდება, რომ ის არის ცოცხალი ვაქცინა. ვაქცინა შესაძლოა იყოს როგორც ცოცხალი, ასევე ინაქტივირებული.
ინაქტივირებული ვაქცინის დასამზადებლად მიკრობებს ხოცავენ და ბუნებრივია, მკვდარ მიკრობებს მუტაცია არ შეუძლიათ. თუმცა მკვდარი მიკრობი უფრო სუსტ იმუნურ პასუხს იწვევს, ამიტომ სრულყოფილი იმუნიტეტის ფორმირებისთვის საჭიროა განმეორებითი აცრა, რევაქცინაცია. ბცჟ ვაქცინა ცოცხალ მიკროორგანიზმს შეიცავს, რომელიც ლაბორატორიულად ისე არის დასუსტებული, რომ ავადმყოფობის გამოწვევის უნარი აღარ შესწევთ. ცოცხალი ვაქცინა ბუნებრივ ინფექციასთან ყველაზე ახლოს დგას და მძლავრი იმუნიტეტის ჩამოყალიბებას განაპირობებს.
ბცჟ ვაქცინის ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაზე „ჯეოფაქტსი“ ინფექციონისტ მაია ბუწაშვილს ესაუბრა, მისი განმარტებით: „ბცჟ ვაქცინა ძველი და ისტორიული ვაქცინაა, მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყველაფერი გარკვეულია, ის დაავადებით ინფიცირებას არ იწვევს. ზოგადად, ცოცხალ ვაქცინას შეუძლია დაავადების ძალიან მსუბუქი სიმპტომატიკა გამოიწვიოს, თუმცა ეს არ ეხება ბცჟ-ს ვაქცინას, ის ნამდვილად არ იწვევს ტუბერკულოზს.
ბცჟ ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს. რაც შეეხება ვაქცინის ეფექტიანობას, ბცჟ ვაქცინას ძალიან ვიწრო სამიზნე აქვს, ის ზოგადად ტუბერკულოზისგან არ იცავს ადამიანს, ის იცავს ახალშობილს ტუბერკულოზის დისემინირებული ფორმისგან და ტუბერკულოზური მენინგიტისგან. ამიტომაც ისეთ ქვეყნებში, სადაც ტუბერკულოზის გავრცელება დაბალია და ამ ტიპის ტუბერკულოზი ძალიან იშვიათია, ბცჟ ვაქცინაცია არ გამოიყენება. ჩვენს ქვეყანაში ტუბერკულოზის გავრცელება ჯერ კიდევ არის და ამიტომ ვაქცინაცია რჩება. თუმცა შესაძლოა, ტუბერკულოზის შემთხვევების შემცირებასთან ერთად, ბცჟ ვაქცინაციის მოხსნის საკითხიც დადგეს“.
ამრიგად, მტკიცება, თითქოს ბცჟ ვაქცინა ტუბერკულოზით აავადებს ადამიანს, ყალბია. ის ახალშობილს ტუბერკულოზის მძიმე ფორმებისგან იცავს. გარდა ამისა, კვლევებით დასტურდება, რომ ბცჟ ვაქცინა ახალშობილის იმუნურ სისტემაზე დადებითად მოქმედებს.
ვაქცინებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ხშირად ვრცელდება. რეალურად, ვაქცინა მედიცინის უდიდესი მიღწევაა. ვაქცინაცია მილიონობით ადამიანს მძიმე დაავადებებისგან და მისგან გამოწვეული სიკვდილისგან იცავს