სოციალურ ქსელში Facebook-სა (1; 2; 3; 4) და TikTok-ზე ვრცელდება პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის ვიდეო, რომელშიც ვაშაძე ამბობს: „ოჯახში რომ მივა, შვილმა უთხრას, რომ მამა იქნება თუ დედა იქნება, უთხრას, რომ მრცხვენია, რომ შენი შვილი ვარ“. აღნიშნული ნაწყვეტი სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა, მათ შორის, ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკამ“ სიუჟეტში აჩვენა და დაასათაურა, როგორც „ვაშაძის კომუნისტური მესიჯბოქსი“. ასევე ვიდეო კოორდინირებულად გაავრცელეს სოციალური ქსელის სხვა ანგარიშებმაც – გვერდმა „Brain Key” და YouTube ანგარიშმა „უცხო“. სინამდვილეში გავრცელებული ვიდეო მანიპულაციურადაა მოჭრილი, არ ჩანს სრული კონტექსტი, კერძოდ, არ ჩანს, ვის მიმართავს ამ ფრაზით გიორგი ვაშაძე, რაც შესაძლოა იმგვარადაც იყოს გაგებული, რომ ის პოლიტიკურ ოპონენტებს გულისხმობს, ყოველივე ამან კი შეიძლება მაყურებელი შეცდომაში შეიყვანოს. (არქივირებული ბმული)
„ქრონიკის“ სიუჟეტი ვაშაძის შემდეგი სიტყვით იწყება: „ოჯახში რომ მივა, შვილმა უთხრას, რომ მამა იქნება თუ დედა იქნება, უთხრას, რომ მრცხვენია, რომ შენი შვილი ვარ“, შემდეგ ჟურნალისტი აგრძელებს: „მე მამას მოვკლავ, დავახრჩობ დედას, რევოლუციამ თუკი მიბრძანა, კალისტრატე ვეკუას ეს ლექსი ჟურნალ „მერცხალში“ 1926 წელს დაიბეჭდა. მწერალი, რომელიც ბოლშევიკური რევოლუციისა და საბჭოთა ხელისუფლების ფანატიკური ერთგულებით თავს ესხმოდა ეროვნული პატრიოტიზმის გამოვლინებებს, როგორც ჩანს, პროლეტარულ იდეოლოგიას დღეს თანამედროვე ოპოზიციის მესიჯბოქსი იმეორებს. სხვა არაფერია ვაშაძის მიერ გახმიანებული ის გზავნილი, რომელიც პოლიტიკური შეხედულების გამო ახალგაზრდებს ოჯახის წევრების, დედის და მამის, სიძულვილს უნერგავს“ – ნათქვამია სიუჟეტში. დასაწყისში აღნიშნული ნაწყვეტის გარდა, „იმედის“ ვიდეოში ვაშაძის კიდევ ერთი ციტატა ფიგურირებს: „სუფრაზე რომ დაჯდება მოძალადე, მას ჭიქა არავინ მიუჭახუნოს, პირდაპირ გეუბნებით, სამეზობლოში რომ გაივლის მოძალადე მას ყველამ უთხრას რომ, გამარჯობა არავინ არ უთხრას.“
„ჯეოფაქტსს“ გიორგი ვაშაძის პრესსამსახურმა განუცხადა, რომ სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებული ვიდეო 2024 წლის 11 დეკემბერს, ვაშაძის საჯარო მოხელეებისადმი მიმართვის შემდგომ, კითხვა პასუხის დროსაა გადაღებული.
დამატებით, პრესსამსახურმა „ჯეოფაქტსს“ მიაწოდა აღნიშნული გამოსვლის ვიდეოები, სადაც ჩანს როგორც ჟურნალისტის კითხვა, ასევე პოლიტიკოსის სრული პასუხი.
პირველ ვიდეოში ისმის ჟურნალისტის კითხვა: „გახარიაზეც გკითხავთ, გახარიამ გუშინ ინგა გრიგოლიას რეაქციაში თქვა, რომ პროტესტის მეორე ფაზა არის ეკონომიკის ჩამოშლა…პირველი ფაზა არის სანქციები, რომელიც 20 იანვრამდე უნდა მოესწროს და შემდეგ უკვე ეკონომიკური იზოლაცია, თქვენ როგორ იგებთ ამ ყველაფერს და თუ ხართ თანაზიარი“ (ვიდეოები იხ. ქვემოთ).
ცნობისთვის, 2024 წლის 10 დეკემბერს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ინგა გრიგოლიას გადაცემაში მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ ძალადობაში ჩართული ინდივიდების სანქცირების აუცილებლობაზე ისაუბრა.
გიორგი ვაშაძის განცხადების სრული ვერსია, რომელიც „ქრონიკის“ სიუჟეტში გავიდა ინტერნეტსივრცეში არ იძებნება. თუმცა, პრესსამსახურის მიერ მოწოდებულ ვიდეოში ჩანს, რომ ვაშაძე შემდეგნაირად პასუხობს ჟურნალისტის კითხვას: „ეკონომიკა არის დიდი საფრთხის ქვეშ, სრული პასუხისმგებლობა ამაზე ეკისრება ივანიშვილის რეჟიმს, რომელსაც მშვიდობის ნაცვლად მოაქვს ქაოსი და დაპირისპირება. თუ ჩვენ გვინდა ამას გადავურჩეთ, სასწრაფოდ, პატიმრების განთავისუფლება, ახალი არჩევნების დანიშვნა არის გზა დამშვიდებისკენ და საქართველოს ეკონომიკის გადარჩენისკენ. ეს არის ორჯერ ორი – ოთხი. რაც შეეხება ახლანდელ, რა სიტუაციაში ვართ, ახლა ყველაზე მთავარი არის იდენტიფიცირება და მხილება ყველა მოძალადის აბსოლუტურად, რომ მათ არ ჩამოართვას ხელი არავინ მის სოციუმში, ოჯახები აუბუნტდნენ და პირდაპირ უთხრან, რომ გაემიჯნონ ამ ძალადობას, და მესამე, ამ ადამიანებზე საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობები დადგეს. ჩვენ ამას მივაღწევთ აუცილებლად. ეს არის ახლა ნომერ პირველი ამოცანა, რომ სუფრაზე რომ დაჯდება მოძალადე მას ჭიქა არავინ მიუჭახუნოს, პირდაპირ გეუბნებით, სამეზობლოში რომ გაივლის მოძალადე მას ყველამ უთხრას რომ, გამარჯობა არავინ არ უთხრას, „ოჯახში რომ მივა, შვილმა უთხრას, რომ მამა იქნება თუ დედა იქნება, უთხრას, რომ მრცხვენია, რომ შენი შვილი ვარ. აი, ეს არის ახლა სისტემის მთავარი მსხვრევის გარანტიის მომტანი და ეს ფაზა, ეს რეალობა აუცილებლად დადგება. მათ შორის, კიდევ ერთხელ ვამბობ, პროპაგანდაში ჩართულ ადამიანებზეც დარწმუნებული ვარ იგივე იქნება.“
შესაბამისად, „იმედმა“ მანიპულაციურად მოჭრა ვიდეო და მასში არ ჩანს ვის მიემართება ვაშაძის სიტყვები, კერძოდ, მოჭრილია ის ნაწილი, სადაც ვაშაძე ხაზს უსვამს, რომ მსგავსი მეთოდებით („მათ არ ჩამოართვას ხელი არავინ მის სოციუმში, ოჯახები აუბუნტდნენ და პირდაპირ უთხრან, რომ გაემიჯნონ ამ ძალადობას“) მოძალადეების იდენტიფიცირება და მხილება უნდა მოხდეს. „იმედის“ ჟურნალისტის მტკიცებით კი ვაშაძე „პოლიტიკური შეხედულების გამო ახალგაზრდებს ოჯახის წევრების, დედის და მამის, სიძულვილს უნერგავს“. „ქრონიკის“ სიუჟეტში გასული ნაწყვეტები კონტექსტს უცვლის ვიდეოს, რამაც შესაძლოა მაყურებელი შეცდომაში შეიყვანოს. ვიდეოს სრული ვერსიის მიხედვით, მისი სიტყვები საპროტესტო აქციის მონაწილეებზე ფიზიკურად მოძალადეების ოჯახის წევრებსა და გარშემომყოფებს მიემართება.
„ქართული ოცნების“ 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, მოქალაქეები უკვე 34 დღეა აპროტესტებენ. 2024 წლის 10 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, განაცხადა, რომ აქციაზე დაკავებული 327 ადამიანიდან 225 მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, ხოლო 157-ს აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები. მანამდე, 3 დეკემბერს, სახალხო დამცველის აპარატმა პოლიციელების მხრიდან მოქალაქეების დასჯის მიზნით ძალადობრივი მეთოდების გამოყენება წამების ქმედებად შეაფასა, ხოლო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიხედვით, სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ სისტემური და ძალადობრივი რეპრესიები ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს. „არაერთი მტკიცებულებითა და მოწმის ჩვენებით დადასტურებულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული სპეციალური სადამსჯელო რაზმები მომიტინგეებს ალყაში აქცევენ, არ აძლევენ გარიდების შესაძლებლობას, რა დროსაც განურჩევლად ურტყამდნენ აქციის მონაწილეებს, მათ შორის, სასტიკ მოპყრობას და მიზანმიმართულ თავდასხმას დაექვემდებარნენ ქალები, არასრულწლოვანები და შშმ პირები“, – აღნიშნულია განცხადებაში. 7 დეკემბერს სახალხო დამცველმა ასევე თქვა, რომ „ძალიან ბევრი დაკავებული მიუთითებს პირადი ნივთების დაკარგვაზე, განსაკუთრებით, ტელეფონის, რომელიც მათ დაკავების დროს ჩამოართვეს და შემდეგ ეს ნივთები გამქრალია. ეს არის ერთ-ერთი ნაწილი, რომელსაც ჩვენ რამდენჯერმე გამოვეხმაურეთ, მაგრამ უკვე საგანგაშოდ ბევრი ადამიანი ამბობს, რომ კარგავენ პირად ნივთებს“.
ამავდროულად, მედიაჩეკერის მიხედვით, 28 ნოემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით დაფიქსირდა მედიის საქმიანობაში ხელშეშლის 90-ზე მეტი ინციდენტი.