სოციალურ ქსელში ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მადისკრედიტებელი Facebook და TikTok ანგარიში „ბრძენი კრიტიკოსი“, ექიმ ლაშა უჩავას ინტერვიუდან ნაწყვეტს ავრცელებს (დაარქივებული ბმული). ვიდეოში რესპონდენტი ამბობს: „მთელი საარჩევნო რაღაცა ასპექტები ამაზე იყო აგებული, რომ ღირსებით უნდა შესულიყვნენ ევროპაში, ღირსებით ვერ შევალთ ევროპაში“.
რეალურად, ვიდეოში მონაკვეთი მანიპულაციურადაა მოჭრილი და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს საქართველო ევროკავშირში „ღირსებით“ ვერ შევა. სრულ მონაკკვეთში კი, ლაშა უჩავა ამბობს, რომ საქართველო ღირსებით ევროპაში ვეღარ შევა, რადგან ქართველ ხალხს ღირსება და ის გზა წაართვეს, რომლითაც ევროპაში უნდა შესულიყვნენ.
ექიმ ლაშა უჩავას ვიდეო ტელეკომპანია „ტვ პირველის“ სპეციალური ეთერიდან არის აღებული, რომელიც ეთერში 22 დეკემბერს გავიდა. ინტერვიუში რესპონდენტი ამბობს (იხილეთ ბმულზე 03:41:10 წუთიდან): „უბრალოდ არ შეიძლება ამ მმართველობაში რეალურად ცხოვრება, რადგან ქართველები არიან ღირსების მატარებელი ერი და ფაქტობრივად ღირსება წაართვეს ქართველებს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი საარჩევნო რაღაცა ასპექტები ამაზე იყო აგებული, რომ ღირსებით უნდა შესულიყვნენ ევროპაში, ღირსებით ვერ შევალთ ევროპაში იმიტომ, რომ რეალურად ღირსება წაართვეს ხალხს, წაართვეს ის გზა, რომლითაც ევროპაში უნდა შევსულიყავით, შესაბამისად მათი მმართველობა დასრულებულია, მე დარწმუნებული ვარ ჩვენს ქვეყანაში“.
ამრიგად, ანგარიშის მიერ გავრცელებული ფრაგმენტი მანიპულაციურად ვრცელდება და მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს.