Home » მცდარია, თითქოს ეუთო/ოდირის წინასწარმა ანგარიშმა არჩევნები შეაფასა როგორც კონკურენტული და საბოლოო ანგარიშმა აღნიშნული დაადასტურა
გადამოწმებული ფაქტები მცდარი

მცდარია, თითქოს ეუთო/ოდირის წინასწარმა ანგარიშმა არჩევნები შეაფასა როგორც კონკურენტული და საბოლოო ანგარიშმა აღნიშნული დაადასტურა

2024 წლის 20 დეკემბერს TV – იმედმა Facebook-ქარდი გამოაქვეყნა. ქარდზე დატანილი ინფორმაციის მიხედვით, ეუთო/ოდირის წინასწარმა დასკვნამ საპარლამენტო არჩევნები შეაფასა როგორც კონკურენტული, ხოლო საბოლოო დასკვნამ კი ეს შეფასება დაადასტურა (იხ. არქივირებული ბმული)

უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის წინასწარი ანგარიში „კონკურენტულობის“  კრიტერიუმს უშუალოდ პოლიტიკური სუბიექტების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვის პირობებს უკავშირებს – „წინასაარჩევნო კამპანია კონკურენტულ გარემოში, მაგრამ ნაკლებად ინტენსიურად წარიმართა. კანდიდატებს ზოგადად შესაძლებლობა ჰქონდათ თავისუფლად წარემართათ წინასაარჩევნო კამპანიები“, – ვკითხულობთ ანგარიშში.[1] შესაბამისად, ქარდზე დატანილი ინფორმაცია თითქოს ეუთო/ოდირმა „კონკურენტულად“ არჩევნები შეაფასა – არაზუსტია.

ზემოაღნიშნულ შეფასებას, წინასაარჩევნო კამპანიის კრიტიკა და პროცესების საერთაშორისო სტანდარტებსა და ეუთო/ოდირის მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან შეუსაბამობის თაობაზე მითითებები ერთვის.

წინასწარი ანგარიში მმართველი პარტიის ქმედებებზე, ინიციატივებსა და საკანონმდებლო ცვლილებებზე აპელირებს, რომლებმაც უთანასწორო საასპარეზო პირობები კიდევ უფრო უთანასწორო გახადეს“.  კერძოდ:

  • მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიერ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა მმართველ პარტიას შეუსაბამო თანამდებობრივ უპირატესობას ანიჭებდა და ზოგიერთ შემთხვევაში პარტიასა და სახელმწიფოს შორის გავლებულ ზღვარს შლიდა, რაც არ შეესაბამება ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებსა და კარგ პრაქტიკას.
  • მთავრობამ წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებისთვის დიდი რაოდენობის ადამიანისთვის ფინანსური სტატუსის გაუმჯობესება გადაწყვიტა.
  • სექტემბერში პარლამენტმა აამოქმედა კანონი სასჯელმისჯილთა ფართო სპექტრის ამნისტიის შესახებ.
  • საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობის მიმართ საზოგადოებაში გავრცელებულ აღქმაზე უარყოფითად იმოქმედა ბოლოდროინდელმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, რომლებიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წევრთა შერჩევისა და წარდგენის პროცესზე კონტროლის უფლებამოსილება მმართველ პარტიას მიანიჭა, ოპოზიციის მიერ დასახელებული თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის გაუქმებამ, გადაწყვეტილების მიღების პროცესმა და ასევე, არაპარტიულ წევრებსა და მმართველ პარტიას შორის სავარაუდო კავშირებმა.
  • წინასაარჩევნო კამპანიის მარეგულირებელი ნორმები ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისგან დაცვას სრულად ვერ უზრუნველყოფდა.
  • წინასაარჩევნო კამპანიის რიტორიკისა და ვიზუალური მასალის ძალზე დიდი ნაწილი განხეთქილებას აღრმავებდა. კერძო მედიასაშუალებების პოლიტიკური პროპაგანდის ინსტრუმენტად გამოყენება ძირს უთხრიდა ახალი ამბების დამოუკიდებელ წარმოებას და ამძაფრებდა პოლიტიკურ განხეთქილების რიტორიკას.
  • საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ყველა პოლიტიკური პარტია უპირატესად პოზიტიური ან ნეიტრალური კუთხით წარმოაჩინა, მაგრამ ახალი ამბების გაშუქებისას მნიშვნელოვნად მეტი დრო დაუთმო სახელისუფლებო პარტიას.

ამრიგად, მართალია წინასწარ ანგარიშში საერთაშორისო დამკვირვებლებმა პოლიტიკური სუბიექტების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვის პროცესი, ერთი მხრივ, კონკურენტულად შეაფასეს, თუმცა, ამასთან ერთად, ანგარიშში გაკრიტიკებულ იქნა რიგი პროცესები, რომლებმაც წინასაარჩევნო გარემო (მათ შორის, საარჩევნო სუბიექტთა კონკურენტულობის ნაწილში) მნიშვნელოვნად დააზიანა.

რაც შეეხება ეუთო/ოდირის მისიის საბოლოო ანგარიშს, რომელიც 20 დეკემბერს გამოქვეყნდა, წინასწარ ანგარიშში ასახული შეფასებისგან განსხვავებით, რომლის მიხედვითაც „წინასაარჩევნო კამპანია კონკურენტულ გარემოში, მაგრამ ნაკლებად ინტენსიურად წარიმართა; კანდიდატებს ზოგადად შესაძლებლობა ჰქონდათ თავისუფლად წარემართათ წინასაარჩევნო კამპანიები“, საბოლოო ანგარიშში ზოგადი შეფასება იმის თაობაზე, რომ „წინასაარჩევნო კამპანია იყო კონკურენტული“[2] აღარ გვხვდება. შეფასება პირდაპირ კანდიდატების მიერ კამპანიის თავისუფლად წარმართვის შესაძლებლობაზე აპელირებით იწყება: „საარჩევნო სუბიექტებს, ზოგადად, თავისუფლად შეეძლოთ კამპანიის წარმოება, თუმცა ამომრჩეველთა დაშინების, მოსყიდვის და ზეწოლის მუდმივმა ცნობებმა, განსაკუთრებით საჯარო სექტორის თანამშრომლებსა და ეკონომიკურად დაუცველ ჯგუფებზე, გამოიწვია შეშფოთება  ზოგიერთი ამომრჩევლის შესაძლებლობის შესახებ, თავისუფლად ჩამოეყალიბებინათ საკუთარი აზრი და შიშის გარეშე მიეცათ ხმა, რაც ეწინააღმდეგება ეუთოს ვალდებულებებსა და საერთაშორისო სტანდარტებს “ – ვკითხულობთ ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშში.

აღსანიშნავია, რომ წინასწარ ანგარიშში იდენტიფიცირებული ყველა პრობლემა საბოლოო ანგარიშშიც აისახა.  მათ შორის, ბარიერები, რომლებსაც ოპოზიცია წინასაარჩევნო პერიოდში წააწყდა, მაგალითად, პლაკატების განთავსების ადგილებზე წვდომის შეზღუდვა, რეგულაციების მიერ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების ვერ აღმოფხვრა. საკვანძო ოპოზიციის – ენმ-ის, აკრძალვის შესახებ საჯარო განცხადების გაკეთება ეუთოს დემოკრატიული პლურალიზმის საწინააღმდეგოდ შეფასდა. გარდა ამისა, ანგარიშის მიხედვით,  დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მაღალი დონის ოფიციალური პირები კამპანიაში მმართველი პარტიის სასარგებლოდ მონაწილეობდნენ, რამაც პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარი ბუნდოვანი გახადა და რაც ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებსა და კარგ საერთაშორისო პრაქტიკას ეწინააღმდეგება.

ყოველივე ზემოთ თქმულზე დაყრდნობით,  მართალია, საერთაშორისო დამკვირვებლებმა წინასაარჩევნო კამპანია პოლიტიკური სუბიექტების უფლებრივი მდგომარეობის შეფასების ნაწილში ზოგადად შეაფასეს, როგორც კონკურენტული, თუმცა, ზოგად შეფასებასთან ერთად, ანგარიშში გაკრიტიკებულ იქნა მმართველი პარტიის მიერ გამოყენებული ის „კანონიერი“ (ამნისტია, ფინანსური სტატუსის გაუმჯობესება) თუ უკანონო (დაშინება, იძულება ზეწოლა) ბერკეტები, რომლებმაც „ისედაც უთანასწორო საასპარეზო პირობები კიდევ უფრო უთანასწორო გახადეს“.

TV-იმედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში პირველ რიგში, არასწორად არის წარმოჩენილი, თითქოს მისიამ „კონკურენტულად“ არჩევნები შეაფასა. რეალურად, როგორც აღვნიშნეთ, ანგარიში „კონკურენტულობის“  კრიტერიუმს უშუალოდ პოლიტიკური სუბიექტების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვის პირობებს უკავშირებს. გარდა ამისა, „კონკურენტულობასთან“ დაკავშირებით მისიის კრიტიკული შენიშვნები სრულიად იგნორირებულია. ასევე, ფაქტობრივად მცდარია ინფორმაცია, თითქოს საბოლოო ანგარიშმა დაადასტურა, რომ „არჩევნები იყო კონკურენტული“. როგორც აღვნიშნეთ, საბოლოო დასკვნაში გამქრალია შეფასება იმის თაობაზე, რომ „წინასაარჩევნო კამპანია კონკურენტულ გარემოში“ წარიმართა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ ნაწილში ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა კიდევ უფრო მწვავე და კრიტიკულია.

ამდენად, გავრცელებული ქარდი Facebook მომხმარებლებს ეუთო/ოდირის 26 ოქტომბრის არჩევნების შეფასებასთან დაკავშირებით მცდარ შთაბეჭდილებას უქმნის, თითქოს არჩევნები შეფასდა, როგორც კონკურენტული.

[1] იხ. გვ.4; გვ.12; გვ.18

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]