Home » დეზინფორმაცია: საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკული მოდელით ტარდება
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

დეზინფორმაცია: საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკული მოდელით ტარდება

სოციალურ ქსელში პროსახელისუფლებო წყაროების მიერ კოორდინირებულად გავრცელდა ინფორმაცია და ვიდეო, რომელიც ამტკიცებს, რომ თითქოს 2024 წლიდან საქართველოში მოქმედი საპრეზიდენტო არჩევნების წესი ამერიკული მოდელით პრეზიდენტის არჩევას გულისხმობს. იხილეთ წყაროები: იმედი, „რუსთავი 2“-ის ვებ გვერდი, „რუსთავი 2“-ის Facebook-გვერდი, POSTV, POSTV – ანალიტიკა, „ჰერეთი“, POSTV-ის Facebook-გვერდი, „პრაიმ ტაიმი“ და ა.შ. (არქივირებული ბმულები: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7).

მტკიცების თანახმად, საქართველოში პრეზიდენტის არჩევის წესი ამერიკულ მოდელს ეფუძნება, რამდენადაც პრეზიდენტს 300 წევრისგან შექმნილი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. ვიდეო ამტკიცებს, რომ საარჩევნო კოლეგიას აქვს უმაღლესი ლეგიტიმაცია, რომელიც დაკომპლექტებულია 2021 წლის არჩევნებში პროპორციული ხმების გადანაწილებით პარტიებისთვის მინიჭებული შესაბამისი მანდატებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური პარტიებისთვის მინიჭებული შესაბამისი მანდატებით და 2024 წელს არჩევნებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მინიჭებული შესაბამისი მანდატებით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებით. ვიდეოს თანახმად, ეს არის ამერიკული მოდელის საარჩევნო კოლეგია. ამასთან, ვიდეოში ნათქვამია, რომ პრეზიდენტის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრისგან შემდგარ ჯგუფს და პრეზიდენტის არჩევას 300-კაციანი საარჩევნო კოლეგიის ხმათა უმრავლესობა სჭირდება.

საქართველოში პრეზიდენტის არჩევის და საარჩევნო კოლეგიის გაიგივება აშშ-ში მოქმედ პრეზიდენტის არჩევის მოდელთან და საარჩევნო კოლეგიასთან ფაქტობრივ საფუძველს სრულად მოკლებულია და აღნიშნული მტკიცება ტყუილია.

საქართველოსა და აშშ-ში პრეზიდენტის არჩევის წესს შორის პრინციპული განსხვავებებია, რომლებიც მიუთითებს, რომ ორი მოდელი არათუ ერთმანეთს ჰგავს, არამედ არსით ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მოდელებია. რეალურად, აშშ-ში პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევენ, თუმცა ფორმალურად არჩევნების პროცესში ამომრჩეველთა საბჭოს მეშვეობით ხდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღება; ხოლო საქართველოში კი პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის პრინციპი გაუქმებულია და პრეზიდენტს მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბჭოს და საკრებულოების წარმომადგენლები ირჩევენ.

აღნიშნული ორი მოდელი განსხვავებულია არჩევნების პროცესის პრაქტიკულად ყველა ეტაპზე. საპრეზიდენტო არჩევნების ორივე სისტემაში პირველი ეტაპი პრეზიდენტის კანდიდატის არჩევას შეეხება. საქართველოში პრეზიდენტობის კანდიდატს ასახელებს საარჩევნო კოლეგიის მინიმუმ 30 წევრი, ხოლო აშშ-ში პრეზიდენტობის კანდიდატები პოლიტიკური პარტიების მიერ შეირჩევა თუმცა ასევე შესაძლებელია დამოუკიდებელი კანდიდატების არსებობაც. ფაქტობრივად, აშშ-ის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება მოითხოვოს.

პოლიტიკური პარტიები პრეზიდენტობის კანდიდატს, ძირითადად, შიდაპარტიული არჩევნებით – პრაიმერების, კონკურსებისა და ეროვნული კონვენციების – საშუალებით არჩევენ. შესაბამისად, ქართულ და ამერიკულ მოდელებს შორის პრეზიდენტობის კანდიდატის არჩევის წესი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება.

შემდგომი ეტაპი უშუალოდ არჩევნებია. აშშ-ში პრეზიდენტი პირდაპირი არჩევნების – მოსახლეობის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატისთვის საყოველთაო ხმის მიცემის საფუძველზე – აირჩევა. ხოლო საქართველოში პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით აღარ ხდება და მას მხოლოდ საარჩევნო კოლეგია ირჩევს. შესაბამისად, მტკიცება, რომ საქართველოში ახალი პრეზიდენტის არჩევა ამერიკული მოდელის მიხედვით ხდება, ტყუილია, საქართველოში პრეზიდენტობის კანდიდატს მოსახლეობა ხმას არ აძლევს. საპრეზიდენტო არჩევნების დროს აშშ-ში მოსახლეობა საარჩევნო უბნებზე მიდის და ხმას აფიქსირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება პარლამენტის შენობაში ხდება და მასში მხოლოდ საარჩევნო კოლეგია იღებს მონაწილეობას. ასე მოხდა 2024 წლის 14 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის შენობაში გამართულ არჩევნებშიც.

თუმცა აშშ-ის არჩევნებს გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს – მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეები საარჩევნო ბიულეტენზე ხმას აშშ-ის პრეზიდენტობისა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს აძლევენ, პრეზიდენტი კანდიდატის მიერ მიღებული ხმების უმრავლესობით არ აირჩევა. აშშ-ის სხვადასხვა შტატს, შტატის ზომის მიხედვით, მინიჭებული აქვს საარჩევნო კოლეგიის ხმების გარკვეული რაოდენობა და პრეზიდენტი მოგებული შტატების საარჩევნო კოლეგიის ჯამური ხმების მიხედვით აირჩევა. ტექნიკურად, ამომრჩეველი ხმას აძლევს საარჩევნო კოლეგიის ელექტორების არჩევას, რომელიც შემდგომ აირჩევს აშშ-ის პრეზიდენტს. ელექტორების რაოდენობა შტატის საარჩევნო კოლეგიის ხმების რაოდენობას ემთხვევა.

არჩევნების დღემდე პოლიტიკური პარტიები შტატებში საკუთარი პოტენციური ელექტორების სიას ირჩევენ. იმის მიხედვით, თუ რომელი პოლიტიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი მიიღებს შტატში მეტ ხმას, აირჩევა ელექტორების სია. მეინისა და ნებრასკას შტატის გამონაკლისების გარდა, სადაც საარჩევნო კოლეგიის ხმები შესაძლოა გაიყოს, ყველა ელექტორი შტატში გამარჯვებულ პარტიას აძლევს ხმას და შესაბამისად, შტატში გამარჯვებულ კანდიდატს შტატის საარჩევნო კოლეგიის გათვალისწინებული ხმები სრულად ენიჭება.

კონსტიტუცია ან ფედერალური კანონი არ განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მისცენ ელექტორებმა ხმა, თუმცა ის შტატების დონეზე რეგულირდება – ან ელექტორებს აღნიშნულის პასუხისმგებლობა შტატის კანონმდებლობით აქვს, რომ შტატში გამარჯვებულ კანდიდატს მისცენ ხმა ან ისინი პარტიული კუთვნილებით არიან არჩეული და მათთან ფიცი/პირობა აქვთ დადებული და ხმასაც ამის მიხედვით აძლევენ. თუ ელექტორი მაინც არჩევნების შედეგების საწინააღმდეგოდ მისცემს ხმას, ისინი ურწმუნო ელექტორები ხდებიან და შესაძლოა დაჯარიმდნენ ან დისკვალიფიცირდნენ და ჩანაცვლდნენ. თუმცა მოსახლეობის არჩევანის საპირისპიროდ ელექტორების მიერ ხმის მიცემა საკმაოდ იშვიათია და ისტორიულად 99% შემთხვევაში ისინი შტატში ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით გამარჯვებულ კანდიდატს აძლევენ ხმას. შესაბამისად, საარჩევნო კოლეგიის წევრებს აშშ-ში, ფაქტობრივად, ფორმალური დატვირთვა აქვთ და ისინი უბრალოდ ტექნიკურად აძლევენ ხმას იმ კანდიდატს, რომელმაც შტატში ჩატარებულ საყოველთაო საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ამდენად, საბოლოო ჯამში, აშშ-ში პრეზიდენტი მოქალაქის მიერ უშუალო ხმის მიცემით აირჩევა.

ერთ-ერთი მთავარი განსხვავება აშშ-ის პრეზიდენტის არჩევის საარჩევნო კოლეგიასა და საქართველოში პრეზიდენტის ამრჩევ საარჩევნო კოლეგიას შორის ისაა, რომ აშშ-ში პარტიები (რომლის წევრებიც მათ შორის საპრეზიდენტო კანდიდატები არიან) ასახელებენ საარჩევნო კოლეგიის წარმომადგენლებს, რომლებიც ხმას იმ კანდიდატს აძლევენ, რომელსაც შტატის ამომრჩეველი საყოველთაო არჩევნების დროს აირჩევს, ხოლო საქართველოში საარჩევნო კოლეგია/კოლეგიის წევრები ასახელებენ და ხმას აძლევს პრეზიდენტობის კანდიდატს. საქართველოში, ამერიკული მოდელისგან განსხვავებით, მთავარ როლს პრეზიდენტის არჩევაში საარჩევნო კოლეგია ასრულებს და ეს პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესია.

მართალია, საარჩევნო კოლეგიის წევრებს საქართველოშიც მოსახლეობა ირჩევს, მაგრამ არა საპრეზიდენტო არჩევნებზე, არამედ ისინი სხვადასხვა დროს ჩატარებულ თვითმმართველობის და საპარლამენტო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნებზე აირჩევიან. ასევე, აქ მდგომარეობს ერთ-ერთი ფუნდამენტური განსხვავებაც ქართულ და ამერიკულ მოდელებს შორის – ამერიკულ მოდელში, როდესაც ტექნიკურად ხდება საარჩევნო კოლეგიის არჩევა, ტარდება საპრეზიდენტო არჩევნები და ამომრჩეველი უშუალოდ ირჩევს, თუ ვინ უნდა იყოს ქვეყნის პრეზიდენტი, ხოლო საქართველოში საარჩევნო კოლეგია კომპლექტდება თვითმმართველობის, საპარლამენტო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბჭოს წევრებით. აღნიშნული არჩევნებით აირჩევა ცალკე თანამდებობის პირები, რომელთაც სხვა ბევრი პასუხისმგებლობა და მოვალეობა აქვთ, ხოლო ამერიკის საარჩევნო კოლეგიის წევრებს მხოლოდ ტექნიკურად ევალებათ შტატში მოსახლეობის მიერ არჩეული კანდიდატის მხარდაჭერა.

ამასთან, რაც უმნიშვნელოვანესია, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე, რომლების მეშვეობითაც საარჩევნო კოლეგია კომპლექტდება, არ სახელდება პრეზიდენტობის კანდიდატები და შესაბამისად, ამ არჩევნებში მოსახლეობა რომელიმე პრეზიდენტობის კანდიდატს მხარს არ უჭერს, ხოლო აშშ-ში მოსახლეობა კონკრეტულად პრეზიდენტობის კანდიდატებს აძლევენ ხმას. მეტიც, საქართველოში პრეზიდენტობის კანდიდატები აღნიშნული არჩევნების შემდგომ სახელდება საარჩევნო კოლეგიის მიერ. ფორმალური მხარის გარდა, საქართველოში ჩატარებულ 2021 და 2024 წლის არჩევნების წინ კანდიდატებს, რომლებიც შესაძლოა საარჩევნო კოლეგიის წევრები გამხდარიყვნენ, პრეზიდენტობის კანდიდატი საჯაროდ დასახელებული არ ჰყავდათ.

დამატებით, უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ის კონსტიტუციის თანახმად, სენატორი ან წარმომადგენელთა პალატის წევრი (ე.ი. აშშ-ის პარლამენტის წევრები) არ შეიძლება იყვნენ საარჩევნო კოლეგიის წევრები, ხოლო საქართველოში საარჩევნო კოლეგიის დიდი ნაწილი სწორედ პარლამენტის წევრების მიერ კომპლექტდება.

შესაბამისად, მტკიცება, რომ საქართველოში პრეზიდენტი ამერიკული მოდელით აირჩევა, რადგან პრეზიდენტის არჩევისას საქართველოშიც და აშშ-შიც საარჩევნო კოლეგია არსებობს, აბსურდულია. რეალურად, ამერიკულ და ქართულ მოდელებში პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგინების, პრეზიდენტის არჩევის და საარჩევნო კოლეგიის დაკომპლექტების წესები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]