20 დეკემბერს ეუთო/ოდირმა საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა.
ტელეკომპანია „იმედმა“ სოციალურ ქსელში ეუთო/ოდირის ანგარიშიდან ქარდი გაავრცელა (იხილეთ დაარქივებული ბმული) – „ეუთო/ოდირი: მედია ლანდშაფტი ქვეყანაში მრავალფეროვანია“, ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში. სოციალურ ქსელში ანალოგიური შინაარსის ქარდი ასევე გაავრცელა ნიუსჰაბმა და საინფორმაციო სააგენტომ „INFO9” (იხილეთ დაარქივებული ბმული 1, ბმული2).
თუ რა წერია მედიაგარემოზე ეუთო/ოდირის ანგარიშში, „ჯეოფაქტსმა“ გადაამოწმა.
„მედია ლანდშაფტი მრავალფეროვანი, თუმცა ძალიან პოლარიზებულია, დაფინანსების დიდი ნაწილი დაკავშირებულია პარტიული აფილაციების მქონე ინდივიდებთან, რაც ძირს უთხრის ახალი ამბების დამოუკიდებელი პოლიტიკის ქონას და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს. ჟურნალისტების უსაფრთხოება რჩება შეშფოთების მთავარ საკითხად, განსაკუთრებით ბოლო დროს მომხდარი რამდენიმე თავდასხმის გათვალისწინებით, დაშინებისა და ზეწოლის ფაქტების გათვალისწინებით, მათ შორის არჩევნების დღეს. მედიის მარეგულირებლის მხრიდან კამპანიის შემზღუდველი ნორმების ვიწრო ინტერპრეტირება და სასამართლოების მიერ მაუწყებლების წინააღმდეგ სანქციების გამოყენება ზღუდავდა ოპოზიციური პარტიების შესაძლებლობას, ეწარმოებინათ კამპანია. ოდირის სადამკვირვებლო მისიის მედია მონიტორინგმა ყველა დაკვირვებული ტელევიზიის შემთხვევაში ნათელი პოლიტიკური მიკერძოებულობა გამოავლინა, კომერციული ტელევიზიები არ ასრულებდნენ საკანონმდებლო ვალდებულებას ახალი ამბების მიუკერძოებელი გაშუქების შესახებ. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ყველა პარტია ძირითადად პოზიტიური ან ნეიტრალური ტონით გააშუქა, თუმცა მნიშვნელოვნად მეტი დრო დაუთმო მმართველი პარტიის ახალ ამბებში გაშუქებას. კომერციული ტელევიზიების პოლიტიკური პროპაგანდისთვის ინსტრუმენტალიზებამ ძირი გამოუთხარა დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას და გააძლიერა გამყოფი პოლიტიკური რიტორიკა. დამატებით, პარტიათა პროგრამების მიუკერძოებელი ანალიზის არ არსებობა და ძირითადი პოლიტიკური აქტორების მხრიდან დებატებში მონაწილეობაზე უარის თქმა გამოწვევას წარმოადგენდა ამომრჩეველთა მხრიდან ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობისთვის”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
ამრიგად, ეუთო/ოდირმა მედია ლანდშაფტი უკიდურესად კრიტიკულად შეაფასა, რაც ტელეკომპანია „იმედმა“, ასევე „ნიუსჰაბმა“ და „INFO9”-მ სრულად უგულებელყო, ანგარიშიდან ციტატის მხოლოდ ის ნაწილი გამოიტანეს, სადაც აღნიშნულია, რომ „მედია ლანდშაფტი მრავალფეროვანია“. შესაბამისად, გავრცელებული ქარდი მანიპულაციურია და Facebook-მომხმარებლებს მცდარ შთაბეჭდილებას უქმნის, თითქოს ეუთო/ოდირის ანგარიშში მედიაგარემო პოზიტიურ ჭრილშია შეფასებული.