სოციალურ ქსელში ირაკლი ზაქარეიშვილმა, რომელსაც ყალბი ინფორმაციის შემცველი პოსტები აქამდეც გამოუქვეყნებია (იხილეთ ბმული 1, 2, 3, 4), 1 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკელებმა სომხეთიდან რევოლუციის დასაფინანსებლად 150 მილიონი შემოიტანეს (დაარქივებული ბმული).
„გუშინ რომ მოგახსენებდით, სომხეთიდან ფული შემოიტანეს ამერიკელებმა რევოლუციონერთა დასაფინანსებლად-მეთქი – 150 000 000 (ასორმოცდაათი მილიონი) შემოუტანიათ!“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მანამდე, 30 ნოემბერს, ამავე ანგარიშმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ სომხეთში მდებარე აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით „სომხეთიდან საქართველოში შემოტანილი იქნა კოლოსალური რაოდენობის ქეში ფული რევოლუციონერთა დასაფინანსებლად და ჩინოვნიკების მოსასყიდად!“ (დაარქივებული ბმული).
ირაკლი ზაქარეიშვილის ორივე პოსტი კონსპირაციული შინაარსისაა, რაზეც რამდენიმე დეტალი მიუთითებს. კერძოდ, ირაკლი ზაქარეიშვილს არცერთ პოსტში ან კომენტარების სექციაში წარმოდგენილი არ აქვს წყარო, რომელსაც ინფორმაციის გამოქვეყნებისას დაეყრდნო. ამდენად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ინფორმაციის წყარო თავადაა. თავად Facebook-მომხმარებელ ირაკლი ზაქარეიშვილს დეზინფორმაცია არაერთხელ გაუვრცელებია (იხილეთ „ჯეოფაქტსის“ მიერ გადამოწმებული ყალბი ამბები 1, 2, 3, 4), ამასთანავე, მსგავსი შინაარსის „გასაიდუმლოებული“ ინფორმაციის მხოლოდ Facebook-ანგარიშის მიერ ფლობა მის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს.
„ჯეოფაქტსმა“ გადაამოწმა არის, თუ – არა რაიმე ინფორმაცია ცნობილი მტკიცებაზე, თითქოს ამერიკის საელჩომ საქართველოში სომხეთიდან დიდი რაოდენობით თანხა რევოლუციის დასაფინანსებლად შემოიტანა, თუმცა მსგავსი ინფორმაცია არცერთ საინფორმაციო წყაროში არ იძებნება. ამასთანავე, ამ შინაარსის ინფორმაცია არც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ან შინაგან საქმეთა სამინისტროს გაუვრცელებია.
2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს 2028 წლამდე აღარ დააყენებს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორი განცხადება გამოაქვეყნა. ორივე განცხადებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაზე“ საუბრობს. თუმცა არცერთ მათგანში სომხეთში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ნახსენები არაა.
ცნობისთვის, მტკიცება, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებულ შტატებს რევოლუციის მოწყობა და ხელისუფლების გადაგდება სურს, რუსული საინფორმაციო ოპერაციების აქტიური გზავნილია. მაგალითად, 26 აგვისტოს რუსეთის საგარეო დაზვერვამ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში „ფერად რევოლუციას“ ამზადებდა. მანამდე, მსგავსი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა, 4 ივნისს გაავრცელა.
შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ირაკლი ზაქარეიშვილის განცხადება ამ გზავნილის გაგრძელებას წარმოადგენს.
განცხადებები, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რაიმე სახით საქართველოში „ფერად რევოლუციას“ ან ხელისუფლების ძალადობრივ გადატრიალებას გეგმავდა, მრავალჯერ უარყვეს ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ბრალდებას, რომ აშშ საქართველოში „ფერადი რევოლუციის მოწყობას“ გეგმავდა, „კატეგორიულად მცდარი“ უწოდა.
ამდენად, მტკიცება, რომ რევოლუციის დასაფინანსებლად ამერიკამ საქართველოში ფულის 150 მილიონი ერთეული შემოიტანა, მტკიცებულებებს მოკლებულია.