Home » რა ვიცით ამერიკული გამოცემა „The Gateway Pundit“-ის შესახებ, რომელსაც POSTV და „იმედი“ ციტირებს?
გადამოწმებული ფაქტები საგაზეთო სტატია

რა ვიცით ამერიკული გამოცემა „The Gateway Pundit“-ის შესახებ, რომელსაც POSTV და „იმედი“ ციტირებს?

სოციალურ ქსელში პროსამთავრობო არხი „POSTV“ ამერიკული გამოცემის Gateway Pundit სტატიას  ავრცელებს (დაარქივებული ბმული),  რომელშიც  მიხეილ ყაველაშვილზე და ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზეა საუბარი. „როგორც გამოცემის სტატიაშია აღნიშნული, აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყანაში, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა ლიბერალური/გლობალისტური ოპოზიციის პროტესტის ფონზე და დასავლეთიდან და აშშ-ში ჯო ბაიდენის რეჟიმის მხრიდან გამალებული ზეწოლის პირობებში“, – ვკითხულობთ „POSTV“-ის პოსტის აღწერაში. ამერიკული გამოცემის სტატიაზე ტელეკომპანია „იმედის“ ვებგვერდზეც დაიწერა.

ამერიკულმა გამოცემა Gateway Pundit, მიხეილ ყაველაშვილის შესახებ სტატია 14 დეკემბერს გამოაქვეყნა. სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოში, საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა „ლიბერალური/გლობალისტური ოპოზიციის“ მნიშვნელოვანი პროტესტისა და როგორც ევროკავშირის, ისე აშშ-ში ჯო ბაიდენის რეჟიმის „ფართო ზეწოლის“ ფონზე. პარლამენტში აირჩიეს მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც დასავლეთის  კრიტიკოსი იყო და რომელმაც, „საფრანგეთში დაბადებული „პროდასავლური“ გლობალისტი უნდა ჩაანაცვლოს“. გამოცემის მიხედვით, პრეზიდენტის არჩევით, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლების კონსოლიდირება მოახდინა.

რა ვიცით გამოცემის Gateway Pundit შესახებ?

The Gateway Pundit, ამერიკული გამოცემაა, რომელიც შეთქმულებისა და ყალბი ამბების გავრცელებითაა ცნობილი. ამას ადასტურებს პლატფორმა Mediabias/factcheck-ი, რომელიც მედიის მიკერძოებულობისა და ყალბი ახალი ამბების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ემსახურება (იხილეთ ფოტო). ამასთანავე, Gateway Pundit-ის მიერ გამოქვეყნებული ყალბი ამბები ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის (IFCN) მიერ აკრედიტებულ ამერიკულ ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციებს, მათ შორის, PolitiFact-ს, Factcheck.org-სა და Snopes არა ერთხელ გამოუვლენიათ.

წყარო: Mediabias/FactCheck

Gateway Pundit 2004 წელს შეიქმნა, მისი მფლობელი და რედაქტორი, ჯიმ ჰოფტია,    რომელსაც ბიოლოგიის ხარისხი აქვს და გამოცემის შექმნის პროცესში ჟურნალისტური გამოცდილება  საერთოდ არ ჰქონია. ჰოფტი სტატიების დიდ  ნაწილს თავადვე ან მის  ტყუპ ძმასთან, ჯო ჰოფტთან ერთად ხშირად აქვეყნებს.

გამოცემა პოპულარული  2016 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, პრეზიდენტობის კანდიდატის ჰილარი კლინტონის ჯანმრთელობის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებით გახდა. კერძოდ, Gateway Pundit-ის სტატიების მიხედვით,  ექიმების 71% ამბობდა, რომ ჰილარი ჯანმრთელობის სერიოზული საფრთხის წინაშე იდგა, რასაც შესაძლოა მისი დისკვალიფიკაციაც გამოეწვია.  Gateway Pundit ეტაპობრივად ტრამპის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მხარდამჭერ გამოცემად იქცა. კამპანიის დროს ტრამპი რეგულარულად ციტირებდა ან სოციალურ ქსელში აზიარებდა Gateway Pundit-ის მიერ გამოქვეყნებულ ამბებს. მოგვიანებით, 2017 წელს ლუსიან ვინტრიჩს, ვაშინგტონის კორესპონდენტს Gateway Pundit-დან, ტრამპის ადმინისტრაციამ პრესის რწმუნებათა სიგელი გადასცა და გამოცემის წარმომადგენელს თეთრ სახლში ბრიფინგებზე დასწრების საშუალება მიეცა.

ამავდროულად, Gateway Pundit-მა  დეზინფორმაცია იმის შესახებაც გაავრცელა, რომ თითქოს აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი, ბარაკ ობამა შეერთებულ შტატებში არ დაბადებულა. გამოცემის მიერ გავრცელებული ყალბი ამბებიდან, ასევე აღსანიშნავია შარლოტსვილში მომხდარი ტრაგედიის შესახებ არასწორი ინფორმაციის გამოქვეყნებაც. კერძოდ, The Gateway Pundit-მა სტატიაში იმ პირის ვინაობა დაასახელა, რომელიც  თითქოს საპროტესტო აქციაზე შეკრებილ ხალხს მანქანით შეუვარდა.  სტატიის გამოქვეყნებას პირის ოჯახის მისამართით მუქარებიც მოჰყვა. მოგვიანებით, დადგინდა, რომ სტატიაში პირის იდენტიფიცირება არასწორად მოხდა. 2018 წლის აგვისტოში, გამოცემამ  პირის იდენტიფიცირება კვლავ არასწორად მოახდინა და პლატფორმა Reddit-ის მომხმარებელი,  ქალაქ ჯექსონვილში სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის მონაწილედ დაასახელა.

საგულისხმოა, რომ 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, არჩევნების   გაყალბებასთან დაკავშირებით, Gateway Pundit-მა არაერთი ყალბი ინფორმაცია გამოაქვეყნა. მაგალითად, გამოცემა ამტკიცებდა, რომ  არიზონას შტატმა წაშალა ხმის მიცემის აპარატის მონაცემები. ასევე, 2021 წელს არიზონას შტატის მარიკოპას საარჩევნო ოლქის აუდიტის შედეგების გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, The Gateway Pundit-მა გამოაქვეყნა აუდიტის ანგარიშის შეცვლილი ვერსია, რომელშიც დამატებული იყო ყალბი ტექსტი: „აუდიტის დროს გამოვლინდა 57 734 ბიულეტენი სერიოზული პრობლემებით“ და, შესაბამისად, „არჩევნები არ უნდა იყოს დამოწმებული და მოხსენებული შედეგები არ არის სანდო“.

2024 წლის აპრილში The Gateway Pundit-მა  2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების გამო, გაკოტრების შესახებაც განაცხადა. საჩივრებიდან ყველაზე გახმაურებული საქმე, ორი ყოფილი საარჩევნო მუშაკის, რუბი ფრიმანისა და ვანდრია მოსს უკავშირდება.  კერძოდ, The Gateway Pundit-მა გამოაქვეყნა ვიდეო და  სტატიების სერია, სადაც მათ  არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა. 2020 წლის შემდეგაც კი, როცა ჯორჯიას საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა თაღლითობასთან დაკავშირებული მტკიცებები უარყვეს, საიტი განაგრძობდა სტატიების გამოქვეყნებას, რომლებიც მოსს და ფრიმენს კვლავ თაღლითობაში ადანაშაულებდა. ქალების მისამართით მრავალი მუქარაც გაისმა, მათ შორის მოსის შვილის მისამართით. მიმდინარე წელს,  დავა დასრულდა.  სასამართლოს დადგენილებით, რუბი ფრიმანისა და ვანდრია მოსს 2020 წელს საარჩევნო ბიულეტენების გაყალბებაში არ მონაწილეობდნენ. აღნიშნული ინფორმაცია  Gateway Pundit-ის საიტზეც გამოქვეყნდა.  ასევე, თითქმის ოცამდე სტატია, რომლებშიც მოსისა და ფრიმენის შესახებ ცრუ ბრალდებები იყო წარმოდგენილი, The Gateway Pundit-ის ვებსაიტზე ხელმისაწვდომი აღარ არის.

Gateway Pundit ვებგვერდის გარდა, ასევე  იყენებს  Facebook-გვერდს, რომელსაც  ამჟამად 632 ათასი გამომწერი ჰყავს. 2021 წელს Reuters-თან ინტერვიუში, Facebook-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გვერდები, რომლებიც განმეორებით არღვევენ პლატფორმის სტანდარტებს, როგორც მაგალითად, Gateway Pundit, მკაცრ სანქციებს ექვემდებარებიან.  პლატფორმა, მაგალითად,  მათი პოსტების ხილვადობას ამცირებს და Facebook-ის კონტენტის პოპულარიზაციისთვის არსებულ სერვისებს, მათ შორის – ფასიან რეკლამებს, კრძალავს.

X-მა მიიღო უფრო მკაცრი მიდგომა Gateway Pundit-თან მიმართებით და 2021 წელს   საიტის დამფუძნებლისა და რედაქტორის ჯიმ ჰოფტის ანგარიში შეაჩერა, თუმცა ანგარიში სოციალურ ქსელში 2022 წლიდან კვლავ დაბრუნდა, როცა X პლატფორმა ილონ მასკმა შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ  2021 წლის სექტემბერში Google-მა  საიტის დემონეტიზაცია განახორციელა, შესაბამისად,   ვებგვერდს Google-ის მიერ მათ პლატფორმაზე განთავსებული რეკლამებით  შემოსავლის მიღება აღარ შეუძლია. Google-ის სპიკერმა აღნიშნა, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღებამდე,  Gateway Pundit რამდენჯერმე იქნა გაფრთხილებული დარღვევებთან დაკავშირებით. „ჩვენ არ განვათავსებთ Google-ის რეკლამებს მათ საიტზე, სანამ ისინი არ შეასრულებენ ჩვენს მითითებებს“, – აღნიშნა სპიკერმა.

თეგები
1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]