Home » „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებით, მაღალი და საშუალო რანგის თანამდებობის პირებზე სახელმწიფო ენის ცოდნის მოთხოვნა აღარ ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები კონტექსტის გარეშე

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებით, მაღალი და საშუალო რანგის თანამდებობის პირებზე სახელმწიფო ენის ცოდნის მოთხოვნა აღარ ვრცელდება

13 დეკემბერს „ქართულმა ოცნებამ“ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები  დაჩქარებული წესით განიხილა და 79 ხმით მიიღო. ცვლილებებმა პირთა მაღალ და საშუალო თანამდებობებზე პოლიტიკური მიკერძოებით, კონკურსის გარეშე განმწესების საფუძველი გააჩინა და მოხელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები გააუარესა (უფრო ვრცლად კანონში განხორციელებული ცვლილებების შესახებ იხ. „ჯეოფაქტსის“ სტატია).

საზოგადოების განსაკუთრებულად მწვავე რეაქცია საჯარო მოხელეთათვის ქართული ენის ცოდნის სავალდებულოობასთან დაკავშირებულმა საკითხმა გამოიწვია.  სოციალურ ქსელში ცალკეულმა Facebook-ანგარიშებმა (ბმული 1, 2, 3, 4) ამბავი იმგვარად გაავრცელეს, თითქოს ქართული ენის ცოდნის მოთხოვნა საჯარო სამსახურში ყველა დასაქმებულისთვის გაუქმდა. მსგავსი სათაურით გაავრცელა ინფორმაცია „მთავარმა არხმაც“. თუმცა მათ სტატიაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები სწორადაა მითითებული (არქივირებული ბმულები 1, 2, 3).

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 27-ე მუხლის თანახმად, მოხელედ შეიძლება მიღებულ იქნას საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა. ეს არის მოხელისათვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნა, რომელსაც „ქართული ოცნების“ პროექტით ცვლილება არ შეხებია. ამრიგად, საჯარო მოხელეთათვის სახელმწიფო ენის ცოდნა კვლავ სავალდებულო რჩება.

ამის მიუხედავად, კანონში განხორციელებულმა ცვლილებამ მაღალი და საშუალო თანამდებობების პირებზე რიგი მოთხოვნების, მათ შორის, მოქალაქეობის, სახელმწიფო ენის ცოდნის, კონკურსის გავლის და სხვ. გავრცელება ავტომატურად გამორიცხა ან, უკეთეს შემთხვევაში, დამსაქმებლის ნებაზე დამოკიდებული გახადა.

საქმე ისაა, რომ ცვლილებების მიხედვით,  საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე საჯარო მოხელეების ნაცვლად, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები იქნებიან. აღსანიშნავია, რომ ეს თანამდებობები დღევანდელი სისტემით, ყველაზე მაღალ და საშუალო მმართველობით დონეს შეესაბამება (იხ. ცხრილი N1.).

წყარო: „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის კომენტარი

ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე მოხელეთათვის დადგენილი მოთხოვნები: ენის ცოდნაზე, მოქალაქეობის ქონასა თუ კონკურსის გავლაზე არ ვრცელდება, უკეთეს შემთხვევაში კი, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მხარის ნებაზე დამოკიდებული გახდება. ამ საკითხს Facebook-პოსტით „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძეც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „თუ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კონტექსტმა ვინმე ააღელვა, ამ მიმართულებით შეგვიძლია ხელშეკრულებით დასაქმებულზეც ჩავწეროთ ენის ცოდნის ვალდებულება“.

ამდენად, კანონპროექტით მოხელისთვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნა სახელმწიფო ენის ცოდნის შესახებ არ შეცვლილა, თუმცა ყველაზე მაღალი და საშუალო მმართველობითი დონის წარმომადგენლებზე მოხელეთათვის დადგენილი რიგი მოთხოვნები, მათ შორის, მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეობის ქონის, კონკურსის გავლისა და სახელმწიფო ენის ცოდნის შესახებ, არ გავრცელდება. ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეცდომაში შემყვანია მტკიცება, რომ სახელმწიფო ენის ცოდნის ვალდებულება საჯარო მოხელეებისთვის გაუქმდა.

დამატებით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში მიღებული ცვლილებები უარყოფითად შეაფასეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და იურისტებმა. „სამართლიანი არჩევნები” მიიჩნევს, რომ ცვლილებებით უარესდება დღეს არსებული საკანონმდებლო მოწესრიგება, რაც არსებითად ეწინააღმდეგება  საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სულისკვეთებას. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, „მესამე მოსმენით მიღებული ცვლილებებით, სახელმწიფო კიდევ ერთ რეპრესიულ იარაღს ქმნის, ამჯერად საჯარო მოხელეების წინააღმდეგ და ცდილობს პარტიულ და საჯარო სამსახურს შორის ზღვარის წაშლის პროცესს საკანონმდებლო საფუძველიც შეუქმნას“. რადიო თავისუფლებასთან საუბარში იურისტი თამარ სურმავა ასკვნის, რომ ცვლილებები ეწინააღმდეგება ისეთ მიზანს, როგორიცაა კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა.

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]