20 დეკემბერს ეუთო/ოდირმა საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სოციალურ ქსელში ეუთო/ოდირის დასკვნაზე ქარდი გაავრცელა (დაარქივებული ბმული) – „ეუთო/ოდირი – საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ყველა პოლიტიკური პარტია უპირატესად პოზიტიური ან ნეიტრალური კუთხით წარმოაჩინა“, ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რა წერია სინამდვილეში ეუთო/ოდირის დასკვნაში „ჯეოფაქტსმა“ გადაამოწმა.
“ყველა კანდიდატის გააშუქებისას საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ძირითადად პოზიტიური ან ნეიტრალური ტონი გამოიყენა (89 პროცენტი), თუმცა წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების უმეტესი ნაწილი „ქართულ ოცნებას“ დაეთმო (61 პროცენტი)“ – ვკითხულობთ ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშში.
ამრიგად, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეუთო/ოდირის ანგარიშიდან ციტატის მხოლოდ ერთი ნაწილი გამოიტანა ქარდზე, ხოლო მეორე ნაწილი, სადაც საუბარია რომ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებისას უმეტესი დრო „ქართული ოცნების“ გაშუქებას დაუთმო, უგულებელყო. ამდენად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული ქარდი მანიპულაციურია და ეუთო/ოდირის შეფასების შესახებ მომხმარებლებს მცდარ შთაბეჭდილებას უქმნის.