სოციალურ ქსელში ანონიმურად მოქმედი ანტიოპოზიციური Facebook-გვერდი „სიმართლის დროა“ გადაცემა „კვირის აქცენტებიდან“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუდან ნაწყვეტს ავრცელებს (დაარქივებული ბმული). ინტერვიუში სააკაშვილი ამბობს: „კობა დავითაშვილზე იყო ცნობილი ისტორია, ეს ისტორია ჩემს წიგნშიც მაქვს აღწერილი, როგორ მუშაობდნენ ჩვენ წინააღმდეგ, რომ წარმოიდგინოთ. კობა დავითაშვილი გამოვიდა, ჩვენ წინააღმდეგ რაღაც სიბინძურეები ილაპარაკა, ჩემზე და ჩემს ოჯახზე და ამის შემდეგ მოხდა ეს ცნობილი ჩანაწერი. მაშინ ვიყავი ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით და ვანო მერაბიშვილს ველაპარაკებოდი სხვადასხვა თემებზე და მეუბნება, სხვათა შორის, რომ იცოდე, კობა დავითაშვილი პრაქტიკულად ჩათვალე, რომ მკვდარიაო, აი, ნახავო, მალე მოკვდებაო, ახლა ყველაფერს ბოლომდე ვერ გეტყვიო“. თვითონვე აღიარებენ და ამათი მობრუნება გინდათ? “-ვკითხულობთ Facebook პოსტის აღწერაში.
რეალურად, ინტერვიუდან მონაკვეთი მანიპულაციურადაა მოჭრილი და ისე წარმოდგენილი, თითქოს პირდაპირ ეთერში მიხეილ სააკაშვილმა კობა დავითაშვილის მკვლელობის მცდელობის დაგეგმვა აღიარა. სინამდვილეში, სააკაშვილი ამ ინტერვიუში ამტკიცებს, რომ 2006 წელს კობა დავითაშვილზე თავდასხმასთან კავშირი არ აქვს.
მოჭრილ მონაკვეთში სააკაშვილი ვანო მერაბიშვილთან საუბარს იხსენებს, რომელმაც ტელეფონზე განუცხადა, რომ კობა დავითაშვილი მალე მოკვდებოდა. ვიდეო იმ მომენტში წყდება, როცა სააკაშვილი აზუსტებს, რომ საუბარი იყო დავითაშვილის პოლიტიკურ სიკვდილზე.
მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუს მონაკვეთი ამოღებულია გადაცემიდან „კვირის აქცენტები“, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში 2018 წლის 1 ივლისს გავიდა. სააკაშვილმა გადაცემაში 2006 წელს საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრზე კობა დავითაშვილზე თავდასხმის საქმეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ საქმესთან კავშირი არ აქვს. (იხილეთ ბმულზე 19:05 წუთიდან): “კობა დავითაშვილზე იყო ცნობილი ისტორია, ეს ისტორია ჩემს წიგნშიც მაქვს აღწერილი, როგორ მუშაობდნენ ჩვენ წინააღმდეგ. კობა დავითაშვილი გამოვიდა, ჩვენ წინააღმდეგ რაღაც სიბინძურეები ილაპარაკა, ჩემზე და ჩემს ოჯახზე და ამის შემდეგ მოხდა ეს ცნობილი ჩანაწერი. მაშინ ვიყავი ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით და ვანო მერაბიშვილს ველაპარაკებოდი სხვადასხვა თემებზე და მეუბნება, სხვათა შორის, რომ იცოდე, კობა დავითაშვილი პრაქტიკულად ჩათვალე, რომ მკვდარიაო, რას მეუბნები-თქო? ნუ პოლიტიკურად მკვდარიაო, რომ იცოდეო. რას გულისხმობ-თქო? თუ არა და, აი ნახავ მალე მოკვდება, ყველაფერს ახლა ვერ გეტყვიო. ეს რომ მითხრა, ეგრევე დავუკიდე ყურმილი, რა თქმა უნდა ჩინელები უსმენდნენ და რუსეთზე გადიოდა და ისინი ყველაფერს იწერდნენ. მერე რა მოხდა? მერე იყო ცნობილი ისტორია, როდესაც 3 კვირის შემდეგ თუ 2 კვირის შემდეგ, კობა დავითაშვილი აცხადებს, რომ ჩემი მოკვლა ცადეს. რა თქმა უნდა, ასეთ სისულელეებს ბევრჯერ ამბობდნენ, ამიტომ არ ვაქცევდი ყურადღებას. ერთი კვირის შემდეგ მერე მოდის, თუ 10 დღის შემდეგ ადეიშვილი და მერაბიშვილი, გაგეცინება, მაგრამ მართლა კლავდნენო. რუსებმა გამოაგზავნეს კურტაევი მახსოვს, ჰქონდათ ეს ჩანაწერი, ჰქონდათ ის ფაქტი, რომ მას ჩემზე ჰქონდა ნალაპარაკევი და წარმოიდგინეთ, შემთხვევით გადარჩა იმიტომ, რომ მეზობელმა მისმა, რომელსაც ბათუმში კაცი ჰყავდა გატანილი ავარიაში, ჩათვალა, რომ მას ჩაუსაფრდა ვიღაცა ტიპი, გამოვიდა იჩხუბეს, იმან დაჭრა კურტაევი, გაიქცა და მერე ვლადიკავკაზში აღმოაჩინეს ეფესბეს-ს შენობაში. ეფესბე-მ გამოაგზავნა და იმ წუთში რომ მოეკლათ დავითაშვილი, ვის დავუმტკიცებდი მსოფლიოში და საქართველოში განსაკუთრებით, რომ მე არაფერ კავშირი არ მაქვს დავითაშვილის მკვლელობასთან. აი, ასე მუშაობდნენ, ამ მეთოდებით მუშაობდნენ ჩვენ წინააღმდეგ“.
ამდენად, სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუდან აღნიშნული ნაწყვეტი იმგვარად არის მოჭრილი, რომ განცხადებას შინაარს ამახინჯებს და წარმოაჩენს, თითქოს ინტერვიუში სააკაშვილმა კობა დავითაშვილის მკვლელობის დაგეგმვა აღიარა.
დამატებით, აღსანიშნავია ისიც, რომ საჯარო წყაროებით დასტურდება, რომ კობა დავითაშვილზე თავდასხმა 2006 წლის ივნისში პოლიტიკოსის სახლთან მართლაც მოხდა, რასაც დავითაშვილის მეზობლის დაჭრა მოჰყვა. რამდენიმე დღეში, შსს-მ საქმე გახსნილად გამოაცხადა. მათი ინფორმაციით, თავდასხმა რუსეთის მოქალაქე გიორგი ალიკას ძე კურტაევმა მოაწყო.
საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი 2020 წლის 2 დეკემბერს გარდაიცვალა. მას იშვიათი, ბეხტერევის დაავადება ჰქონდა. საქართველოს პროკურატურამ 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, ოპოზიციის მაშინდელი წევრის კობა დავითაშვილის ცემისა და მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმე 2016 წელს გახსნა. პროკურატურის ინფორმაციით, დავითაშვილის თავისუფლების აღკვეთა და მისი ნაცემ მდგომარეობაში გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა სპეცდანიშნულების რაზმის წევრების მიერ, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის დავით ქარსელაძის დანაშაულებრივი გეგმითა და ორგანიზებით განხორციელდა.