სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „პოსტივი“ ავრცელებს პოსტს, რომლის მიხედვითაც აქციების ერთი და იგივე მონაწილე როგორც PR სპეციალისტების, ისე „ბარსელონას“ და „რეალ მადრიდის“ საფეხბურთო გუნდების ფან-კლუბების საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობდა. „ერთი და იგივე მომიტინგე ჯერ PR მარშში მონაწილეობდა, შემდეგ ფანკლუბის მარშში“, ვკითხულობთ პოსტზე, რომელშიც თორნიკე რაზმაძის მიერ ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ მიცემული ორი სხვადასხვა კომენტარის ფოტოანაბეჭდი არის გამოსახული.
იდენტური Facebook-პოსტი ტელეკომპანია „იმედმაც“ გაავრცელა, თუმცა პოსტი რამდენიმე საათში წაშალა. დამატებით, 16 დეკემბერს, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, განაცხადა (30:50), რომ „ერთი და იგივე ადამიანი ხან, ასე ვთქვათ, კაცების მარშით იღებს მონაწილეობას, ხან იურისტების მარშით იღებს მონაწილეობას, ხან დილით ადრე ამდგომების მარშში იღებს მონაწილეობას და ა.შ… არის რაღაც ერთი, სტაბილური რაოდენობა ადამიანებისა, რამდენიმე ასეული, რომელიც ყოველდღე გამოხატავს ამ თავის პროტესტს და ა.შ.“.
რეალურად, „პოსტივის“ პოსტში წარმოდგენილი ფოტოანაბეჭდებითაც არ დასტურდება, რომ თორნიკე რაზმაძე ორივე დასახელებულ საპროტესტო მსვლელობაში იღებდა მონაწილეობას.
თორნიკე რაზმაძის მიერ ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ მიცემული კომენტარებიდან ერთ-ერთი „ბარსელონას“ და „რეალ მადრიდის“ გულშემატკივრების ერთობლივი მსვლელობის დაწყებამდე, 15 დეკემბერს არის გადაღებული. რაც შეეხება მეორე კომენტარს, თორნიკე რაზმაძე „ფორმულას“ მიერ მოხსენიებულია, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) სპეციალისტი, თუმცა ამით PR მენეჯერების საპროტესტო მსვლელობაში მისი მონაწილეობა არ დასტურდება. რეალურად, „ფორმულამ“ თორნიკე რაზმაძის კომენტარი პარლამენტის შენობის წინ გამართული აქციიდან, „პოსტივის“ პოსტის გამოქვეყნებიდან ხუთი დღით ადრე, 9 დეკემბერს გამოაქვეყნა, რაც თავად „პოსტივის“ ე.წ. „ქარდშიც“ ჩანს. ვაკის პარკიდან მარკეტერებისა და PR მენეჯერების მსვლელობა კი 13 დეკემბერს გაიმართა. აქედან გამომდინარე, „პოსტივის“ მიერ თორნიკე რაზმაძის PR მენეჯერების მსვლელობაში მონაწილეობის მტკიცება აღნიშნული მსვლელობიდან 4 დღით ადრე ჩაწერილი ინტერვიუთი, ვერ დადასტურდა.
მტკიცება, რომ თორნიკე რაზმაძე „ჯერ PR მარშში იღებდა მონაწილეობას, შემდეგ ფანკლუბის მარშში“, ტელეკომპანია „ფორმულას“ იმავე პოსტების ფოტოანაბეჭდებზე დაფუძნებით, გაავრცელა ტელეკომპანია „იმედმაც“. „იმედის“ და „პოსტივის“ მიერ გამოქვეყნებული პოსტების გადამოწმების თხოვნით თორნიკე რაზმაძემ „ჯეოფაქტსს“ მიმართა და განმარტა, რომ PR მენეჯერების მსვლელობაზე არ იმყოფებოდა.
ამავდროულად, თორნიკე რაზმაძემ საჯაროდაც გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ამბობს, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო აქციებზე ვერ გადიოდა და 13 დეკემბერს გამართულ PR მენეჯერების მსვლელობაზე არ ყოფილა. გარდა ამისა, თორნიკე რაზმაძე მიუთითებს, რომ „იმედის“ მტკიცება და მტკიცების დამადასტურებლად მოყვანილი ტელეკომპანია „ფორმულას“ პოსტების ფოტოანაბეჭდები თარიღებში ერთმანეთს არ ემთხვევა. რაზმაძის მიხედვით, ის „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს დაუკავშირდა, რის შემდეგაც ტელეკომპანიამ Facebook-პოსტი წაშალა.
საპროტესტო მსვლელობების მონაწილეების შესახებ მსგავსი შინაარსის მტკიცება ტელეკომპანია „იმედმა“ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ იურისტის, საბა ბრაჭველის შესახებაც გაავრცელა. კერძოდ, „იმედმა“ დაწერა, რომ ბრაჭველი თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე „სამეზობლოს მსვლელობაში“ იღებდა მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ ის რუსთავის მცხოვრებია: „ქალაქ რუსთავში მცხოვრები, NGO სექტორის ლიდერი საბა ბრაჭველიც ესწრებოდა“, ვკითხულობთ პოსტში. საპასუხოდ, საბა ბრაჭველმა განმარტა, რომ რუსთავში დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია საბურთალოზე ცხოვრობს. საბა ბრაჭველის სახელზე, საჯარო რეესტრის მონაცემებით, საბურთალოზე, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ბინის საკუთრება ნამდვილად დასტურდება (იხ. ამონაწერი).