Home » რა შეცვალა „ქართულმა ოცნებამ“ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში?
გადამოწმებული ფაქტები საგაზეთო სტატია

რა შეცვალა „ქართულმა ოცნებამ“ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში?

2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნასა და საბიუჯეტო გრანტების მიღებაზე უარის თქმის შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას საზოგადოების მასობრივი პროტესტი მოჰყვა.

საპროტესტო ტალღას საჯარო სექტორში – პარლამენტში, ეროვნულ ბანკში, მთავრობის ადმინისტრაციაში, სამინისტროებში, ბიუროებსა და სააგენტოებში – დასაქმებული პირები შეუერთდნენ (ჩამონათვალი იხ. ბმულზე). „ცალსახად ვემიჯნებით 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას და მკაცრად ვგმობთ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის არაპროპორციული ფორმებით დარბევას!“, – ვკითხულობთ საჯარო სექტორის თანამშრომლების განცხადებაში.

2024 წლის 11 დეკემბერს გამართული საპროტესტო მარშის დროს საჯარო სექტორის თანამშრომლებმა საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევის მცდელობასა და მშვიდობიანი პროტესტის არაპროპორციული ფორმებით დარბევასთან ერთად, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებზე ზეწოლისა და დაშინების პრაქტიკაც გააპროტესტეს.

საჯარო მოსამსახურეების პროტესტის დისკრედიტაცია „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ სცადა. მაგალითად, ირაკლი კობახიძემ პროტესტს „თვითწმენდის პროცესი“ უწოდა და განაცხადა, რომ „უცხოურმა აგენტებმა და მათმა პატრონებმა ყველა რესურსი, მათ შორის, საჯარო სამსახურში არსებულიც, ბოლომდე გამოიყენეს“. კახა კალაძემ კი, პროტესტში მონაწილე საჯარო მოსამსახურეებს საბოტაჟის მცდელობაში დასდო ბრალი.

ყურადსაღებია, რომ „ოცნებამ“ საჯარო მოხელეებს „კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში პასუხის გაცემა“ დაუანონსა – „ეს საბოტაჟის მცდელობა, რომელიც იყო და ვნახეთ, არ დარჩება პასუხგაუცემელი, რა თქმა უნდა, კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში. მერწმუნეთ, ასე იქნება“, – აცხადებდა კალაძე. „ჩვენ ვაკვირდებოდით, რა თქმა უნდა, ყველას მოქმედებას და ყველას მოქმედებაზე გვექნება რეაგირება. ეს რეაგირება იქნება კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ რეაგირება იქნება, ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით“, – აცხადებდა კობახიძე.

მოგვიანებით, „ქართულმა ოცნებამ“ გვამცნო, რომ რეაგირება საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების გზით მოხდებოდა. „დაპირების“ შესაბამისად, 13 დეკემბერს „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით განიხილა და 79 ხმით მიიღო საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები. ცვლილებები ადგილობრივი ორგანიზაციების მხრიდან შეფასდა, როგორც საჯარო მოხელეთა დაშინების და პარტიისთვის მიუღებელი ადამიანებისგან სექტორის წმენდის საშუალებად.

რა შეიცვალა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში?

ცვლილებების მიხედვით, საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე საჯარო მოხელეების ნაცვლად, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები იქნებიან. აღსანიშნავია, რომ ეს თანამდებობები დღევანდელი სისტემით, ყველაზე მაღალ და საშუალო მმართველობით დონეს შეესაბამება (იხ. ცხრილი N1.).

 

ცხრილი N1 – იერარქიული რანგები – წყარო.

ცვლილებებამდე, საჯარო სამსახურში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის[1] თანაშემწე, მრჩეველი, უშუალო აპარატის/სამდივნოს/ბიუროს თანამშრომელი და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი და მუნიციპალიტეტში (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული სხვა პირები მიიღებოდნენ. ამ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ინსტიტუტის გამოყენება  პოლიტიკური მართვის და საჯარო მმართველობის ერთმანეთისგან გამიჯვნას უკავშირდება.[2] თუ, საჯარო დაწესებულებაში საჯარო სამსახური ხორციელდება დაწესებულების პოლიტიკური მართვისგან გამიჯნულად, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირს შესაძლოა, გააჩნდეს საკუთარი გუნდის სუბიექტური (პოლიტიკური) შეხედულებებით დაკომპლექტების გონივრული მოლოდინი. [3]

აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, კანონმა საჯარო სამსახურში ვადიანი საჯარო მმართველობის განმახორციელებელი პირების პოლიტიკური ნიშნით – მაშასადამე, პირის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის სუბიექტური (პოლიტიკური) შეხედულებების საფუძველზე, კონკურსის გარეშე მიღება დაუშვა.[4]

საჯარო დაწესებულებაში კონკურსის ჩატარება ემსახურება საუკეთესო კონკურსანტის მიუკერძოებლად შერჩევის მიზანს. ადმინისტრაციული ხელშეკრულების შემთხვევაში კადრების შერჩევას საფუძვლად არ უდევს მიუკერძოებლობის პრინციპი“, – ვკითხულობთ საქართველოს საჯარო სამსახურის შესახებ კანონის კომენტარში.

ზემოთ თქმულზე დაყრდნობით:

  • თუ ცვლილებებამდე პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე უვადოდ ინიშნებოდნენ მოხელისთვის განკუთვნილ თანამდებობაზე, ცვლილებების შედეგად, მათი ხელშეკრულების ვადა მიეჯაჭვა შესაბამისი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადას, ხოლო დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტისას, მათი ხელშეკრულებაც ავტომატურად შეწყდება.
  • გარდა ამისა, ცვლილებებით, ხელშეკრულების შეწყვეტისთვის 1 თვით ადრე გაფრთხილების წესის დაცვით, მხარის ინიციატივაც საკმარისი გახდა.
  • ამ თანამდებობებზე კადრებს კონკურსის გარეშე, პირდაპირ დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით დანიშნავენ, რაც ეწინააღმდეგება საუკეთესო კონკურსანტის მიუკერძოებლად შერჩევის მიზანს.
  • დღევანდელი სისტემით, ყველაზე მაღალ და საშუალო მმართველობით დონის თანამდებობის პირებს, ვინაიდან მათ მიმართ აღარ იარსებებს მოხელისთვის კანონით დადგენილი ძირითადი მოთხოვნები, არც სახელმწიფო ენის ცოდნა და არც მოხელის სერტიფიკატი აღარ მოეთხოვებათ.

ცვლილებების შემდეგი ნაწილი, როგორც იურისტები განმარტავენ, რეორგანიზაციის პროცესის[5] გამარტივებას, არასასურველი მოხელეების უსამსახუროდ, თანაც ყოველგვარი სოციალური გარანტიების გარეშე დატოვებას მიემართება.

ცვლილებების შედეგად, ყველა იერარქიული რანგის მოხელე ყოველი 1 წლის ნაცვლად 6 თვის პერიოდულობით შეფასდება. არადამაკმაყოფილებელი შეფასების შემთხვევაში, მას თანამდებობრივი სარგოს 20% დაუკავდება მისი მომდევნო შესაფასებელი პერიოდის დაწყებამდე.

ცვლილებებამდე, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის გამო მოხელის უფრო დაბალი იერარქიული რანგის თანამდებობაზე გადაყვანისას, მას საკლასო დანამატი (დანამატი თანამდებობრივი სარგოს პროცენტული ოდენობით) უნარჩუნდებოდა. ცვლილებების შედეგად, კანონში „რეორგანიზაციის“ საფუძველი ამოიშალა და ამგვარი შესაძლებლობა მხოლოდ ლიკვიდაციის, შერწყმის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უფრო დაბალი იერარქიული რანგის თანამდებობაზე გადაყვანის შემთხვევებზე დარჩა.

ცვლილებებამდე, კანონი საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის გამო შტატის შემცირებისას, შესაბამისი მოხელის იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას ან ასეთის არარსებობისას დაბალ თანამდებობაზე გადაყვანის შესაძლებლობას ითვალისწინებდა. ცვლილებების პროექტით, „რეორგანიზაციის“ საფუძველი ამ შემთხვევაშიც ამოიშალა და შესაძლებლობა კვლავ ლიკვიდაციის და შერწყმის შედეგებზე შენარჩუნდა.

მეტიც, რეორგანიზაციის გამო საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, საჯარო სამსახურის სისტემაში არსებული ვაკანტური თანამდებობების მოძიების და მოხელეების მობილობის ვალდებულებები გაუქმდა.

გაჩნდა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში, მოხელის იმავე ან ტოლფას  თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენის ვალდებულება  საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევებზე აღარ გავრცელდება! სამსახურში აღდგენის ნაცვლად, მას მხოლოდ 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით განაცდური მიეცემა.

ყოველივე ზემოთ თქმულზე დაყრდნობით, ფაქტია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში გონივრულობასა და სამართლიანობასთან შეუსაბამო მოდიფიკაციების განხორციელებით, თავად კანონის მიზნებს გადაუხვია. ცვლილებებმა, ერთი მხრივ, გააჩინა მაღალ და საშუალო თანამდებობებზე პირთა არა კარიერაზე დაფუძნებული კრიტერიუმებით, არამედ,  პოლიტიკური მიკერძოებით, ერთპიროვნულად განმწესების საფუძველი. ხოლო მეორე მხრივ კი, გააუარესა მოხელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები.

[1] საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობის სხვა წევრი და მისი მოადგილე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრები და მათი მოადგილეები

[2] https://lawlibrary.info/ge/books/2018GIZ-GE-Komentari_Sajaro_Samsax_Kanoni.pdf გვ. 256

[3] იქვე.

[4] იქვე.

[5] კანონის მიხედვით, რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება.

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]