Home » სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ფოტო ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ფოტო ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ფოტოს ავრცელებს (დაარქივებული ბმული), რომელშიც  „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია და „მთავარი არხის“ დირექტორი, გიორგი გაბუნია  ერთმანეთს კოცნიან. რეალურად, ფოტო  ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი და რეალობას არ შეესაბამება.

ფოტო ორგანიზაცია „სირცხვილიას“  2019 წლის პირდაპირი ჩართვიდან არის დამუშავებული. კერძოდ, 2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ პარლამენტის წინ ყოველდღიურად იმართებოდა საპროტესტო აქციები, საიდანაც პირდაპირი  ეთერით სხვადასხვა ინტერვიუ და დისკუსია გადაიცემოდა. ერთ-ერთ ჩართვაში, 2019 წლის 20 აგვისტოს მიწვეულნი  იყვნენ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები – ნიკა გვარამია, გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე.

გიორგი გაბუნიას შემოსვლიდან (იხილეთ ბმულზე 59:52 წუთიდან), პირდაპირი ეთერის ბოლომდე მსგავსი კადრის არსებობა, რომელშიც გვარამია და გაბუნია ერთმანეთს კოცნიან, არ დასტურდება. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით  სწორედ გიორგი გაბუნიას ჩართვიდან ერთ-ერთი მონაკვეთის დამუშავებით არის შექმნილი (იხილეთ კადრი 01:24:13 წუთზე, რომელიც, სავარაუდოდ, გამოიყენეს რედაქტირებისათვის).

გარდა ამისა, ფოტო, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი, რამდენიმე დეტალიც ცხადყოფს. კერძოდ, გიორგი გაბუნიასა და ნიკა გვარამიას სხეულის ნაწილები მაგალითად, ხელის კიდურები არაბუნებრივად გამოიყურება, ერთმანეთშია აზელილი, რაც ხელოვნური ინტელექტით გაყალბებული მასალისთვის დამახასიათებელი ნიშანია.

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით არის დამუშავებული და რეალობას არ შეესაბამება.

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]