Home » სოციალურ ქსელში თანამდებობიდან გადამდგარ ელჩებთან დაკავშირებით მეტწილად მცდარი ინფორმაცია ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები მეტწილად მცდარი

სოციალურ ქსელში თანამდებობიდან გადამდგარ ელჩებთან დაკავშირებით მეტწილად მცდარი ინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელ Facebook-ზე ანგარიში Xaxutaishvili Irma, რომლის გავრცელებული ინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ აქამდეც გადაუმოწმებია (ბმული 1), საქართველოს ელჩების დანიშვნის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას აქვეყნებს. „ელჩებს სალომე ნიშნავდა.“ – აცხადებს ირმა ხახუტაიშვილი.

2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. „დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. 2028 წლის ბოლო არის ის დრო, როდესაც საქართველო იქნება მზად, ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ მომზადებული, რათა გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად… ჩვენ ვაპირებთ არა მათხოვრობით და ცალ ფეხზე დგომით ევროკავშირში შესვლას, არამედ ევროკავშირში ღირსეულად გაწევრიანებას გამართული დემოკრატიული სისტემითა და ძლიერი ეკონომიკით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. აღნიშნული განცხადებით „ქართულმა ოცნებამ“ დაადასტურა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერება, რამაც საზოგადოების დიდ ნაწილში პროტესტი გამოიწვია.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მათ შორის არიან დიპლომატებიც, რომლებმაც „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯები საქართველოს კონსტიტუციის დარღვევად შეაფასეს. „მიგვაჩნია, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება პოლიტიკური დღის წესრიგიდან წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლების ერთობლივ განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებას ელჩებიც გამოეხმაურნენ. მაგალითად, თარაშ პაპასკუამ, საქართველოს ელჩმა სამხრეთ კორეაში, განაცხადა, რომ „ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება მეტი #ევროპა და მეტი #ნატო; გვჭირდება მეტი სოლიდარობა და თავისუფალი სამყაროს გვერდში დგომა!!“

ზოგიერთმა დიპლომატმა, პროტესტი თანამდებობის დატოვებითაც გამოხატა. ირმა ხახუტაიშვილის მიერ პოსტის გამოქვეყნების დროისთვის თანამდებობიდან გადადგა საქართველოს ელჩი ბულგარეთში (ოთარ ბერძენიშვილი). 2024 წლის 6 დეკემბრის მონაცემებით, თანამდებობიდან გადადგნენ საქართველოს ელჩები ჩეხეთში (თეა მაისურაძე), ლიეტუვაში (სალომე შაფაქიძე), ნიდერლანდების სამეფოში (დავით სოლომონია) და იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი (ირაკლი ვეკუა).

ირმა ხახუტაიშვილი, საკუთარი Facebook-პოსტით, ცდილობს, საკითხი იმგვარად წარმოაჩინოს, თითქოს ელჩების დანიშვნა ექსკლუზიურად საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილება იყოს. რეალურად, საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი ელჩებსა და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელებს მართლაც ნიშნავს, თუმცა ამავე პუნქტში ვკითხულობთ იმასაც, რომ იგი ელჩებსა და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელებს არ ნიშნავს საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტს ელჩობისა და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელობის კანდიდატებს მთავრობა წარუდგენს. შესაბამისად, პროცესი ასეთია – მთავრობა არჩევს კანდიდატურას და პრეზიდენტი მას ამტკიცებს.

თუ პრეზიდენტი კონკრეტული პირის ელჩად/დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელად მივლენის წინააღმდეგია, ერთადერთი, რაც მას ამ მოცემულობით შეუძლია, ელჩების დანიშვნის გაჭიანურებაა. ასეთ შემთხვევაში საზღვარგარეთ არ გაიგზავნება სრულუფლებიანი ელჩი და ელჩის მოვალეობის შემსრულებელი იმუშავებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რადგან ელჩებს სალომე ზურაბიშვილი ნიშნავს, თუმცა მას ელჩების დანიშვნა მთავრობის მიერ ელჩის წარდგენის გარეშე არ შეუძლია, ირმა ხახუტაიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეცდომაში შემყვანია. პრეზიდენტი მხოლოდ ნიშნავს ელჩს, რომელსაც მას მთავრობა წარუდგენს.

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]