სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები (1; 2; 3; 4; 5; 6) ინფორმაციას ავრცელებენ, რომლის თანახმადაც სამოქალაქო აქტივისტი სანდრო ქინქლაძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტის ცემის ფაქტზეა დაკავებული. სინამდვილეში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. (არქივირებული ბმული 1; 2)
აქტივისტის, სანდრო ქინქლაძის დაკავების შესახებ ინფორმაცია მისმა მეგობარმა ნათია გაბრავამ სოციალურ ქსელში 8 დეკემბერს 00:08 სთ-ზე გაავრცელა. ნათია გაბრავამ რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, რომ სანდრო ქინქლაძე ვარკეთილში, მეგობრის სახლიდან გამოსვლის შემდეგ რამდენიმე ადამიანმა დააკავა, მათ არ ეცვათ პოლიციელების ფორმა და ჩასვეს ავტომობილში, რომელსაც ასევე არ ჰქონდა სამართალდამცველი უწყების მაიდენტიფიცირებელი ნიშნები.
დაკავებულის ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე Facebook-ზე წერს, რომ ქინქლაძე ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული და მოთავსებულია დიღმის იზოლატორში. „ჯეოფაქტსი“ ლაშა ცუცქირიძეს დაუკავშირდა. მან ჩვენთან საუბარში დაადასტურა ინფორმაცია ქინქლაძის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაკავებასთან დაკავშირებით, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩლებლობას გულისხმობს.
დამატებით, „ჯეოფაქტსი“ ინფორმაციის დასადასტურებლად დიღმის მე-3 იზოლატორსაც დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, სანდრო ქინქლაძე ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლის 1 პუნქტითაა დაკავებული, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ცნობისთვის, 2024 წლის 7 დეკემბერს, თბილისში ბესიკის ქუჩაზე, “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს, პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას, 22:12 საათზე, შავებში ჩაცმული ნიღბიანი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. „ტვ პირველის“ გადამღებ გუნდზე თავდასხმის ვიდეო ასევე გაზიარებულია სანდრო ქინქლაძის პირად ფეისბუქ გვერდზე 22:37 საათზე, რომელიც მან, სავარაუდოდ, დაკავებამდე გამოაქვეყნა. (არქივირებული ბმული)
ამგვარად, მტკიცება, რომლის თანახმადაც სანდრო ქინქლაძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტის ცემის ფაქტზეა დაკავებული, მცდარია.