4 დეკემბერს, როდესაც 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის მოხსნის შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების წინააღმდეგ პროტესტის მე-7 დღე თენდებოდა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეთერში გაუშვა ინტერვიუ კიმბერლი ლოუსთან და საზოგადოებას წარუდგინა როგორც „ტრამპის ადმინისტრაციის შესაძლო წარმომადგენელი ევროკავშირში“. საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, რომ „მისივე თქმით, ტრამპის ადმინისტრაციის ევროკავშირში შესაძლო წარმომადგენლად განიხილება“. ინტერვიუდან ამონარიდები გაავრცელეს ტელეკომპანია „იმედმა“ (1, 2, 3, 4), „პოსტივიმ“ (1, 2), „რადიო სივრცე FM 98.5-მა“, ასევე ონლაინ გამოცემა „ინფო9-მ“, „ნიუსჰაბმა“, „პრაიმტაიმმა“ და „ჯორჯიან თაიმსმა“. ინტერვიუში კიმბერლი ლოუ ამტკიცებს, რომ ის გახდება „ევროკავშირში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი“ და საქართველოს დაეხმარება „ევროკავშირში გაწევრიანებასა და მოლაპარაკებების განახლებაში ბევრ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, რუსეთთან მიმართებაში“, ასევე, როგორც სპეციალური წარმომადგენელი, იმოქმედებს როგორც „შუამავალი საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის“.
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში აშშ-ის დიპლომატიურ მისიაში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა არ არსებობს. ევროკავშირში აშშ-ის დიპლომატიური მისია მოიცავს ელჩის და დიპლომატიური მისიის მოადგილის პოზიციებს, რომლებსაც ამჟამად ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ წარდგენილი მარკ გიტენსტეინი და ნორმან ტეტჩერ შარფი, იკავებენ.
დონალდ ტრამპის ახალმა ადმინისტრაციამ ელჩების კანდიდატურები რამდენიმე ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციაში დაასახელა, მაგალითად, ნატოში, გაერთიანებულ სამეფოში და გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. რაც შეეხება ევროკავშირში აშშ-ის ელჩობის კანდიდატს, ტრამპის ადმინისტრაციას ჯერჯერობით კანდიდატურა არ დაუსახელებია. სავარაუდო კანდიდატების შესახებ ინფორმაცია არც მედიაში გავრცელებულა. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპმა პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, 2016 წლის 8 ნოემბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ევროკავშირში აშშ-ის ელჩის კანდიდატურა 548 დღის შემდეგ, 2018 წლის 10 მაისს წარუდგინა აშშ-ის სენატს.
ვინ არის კიმბერლი ლოუ?
პირველ რიგში, ტრამპთან და ტრამპის მიერ სხვადასხვა თანამდებობებზე ნომინირებულ კანდიდატებთან გადაღებული სურათების გარდა, არ არსებობს სხვა საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რაც კიმბერლი ლოუს ტრამპის ადმინისტრაციასთან კავშირებს დაადასტურებდა. საჯაროდ არც იმის შესახებ იძებნება ინფორმაცია, რომ კიმბერლი ლოუ ტრამპის ადმინისტრაციაში რაიმე თანამდებობაზე განიხილება. საყურადღებოა, რომ ლოუს Facebook-ზე 4000, ხოლო პლატფორმა X-ზე 2215 გამომწერი ჰყავს.
კიმბერლი ლოუმ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატასა და სენატში ადგილის მოპოვებისთვის „რესპუბლიკური პარტიის“ პრაიმერისში („რესპუბლიკური პარტიის“ შიდა არჩევნებში) კენჭი რამდენჯერმე იყარა, თუმცა ყველა შემთხვევაში ან დისკვალიფიცირებულ იქნა ან საკუთარი კანდიდატურა თავად მოხსნა.
2024 წელს ლოუმ „რესპუბლიკური პარტიის“ პრაიმერისში, აშშ-ის სენატში ვირჯინიის შტატის წარმომადგენლის პოზიციისთვის იყარა კენჭი, თუმცა მისი კანდიდატურა „რესპუბლიკური პარტიის“ პრაიმერისში დისკვალიფიცირებულ იქნა.
2022 წელს ლოუმ „რესპუბლიკური პარტიის“ პრაიმერისში, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ვირჯინიის შტატის მე-9 ოლქის ადგილისთვის იყარა კენჭი, თუმცა იმავე ოლქის რესპუბლიკური პარტიის კომიტეტის თავმჯდომარის, ადამ ტოლბერტის მიხედვით, კანდიდატურის წარსადგენად საჭირო დოკუმენტაციაში შეცდომები ჰქონდა, რის გამოც დისკვალიფიცირებულ იქნა. ამიტომ „რესპუბლიკურ პარტიაში“ აღნიშნული ოლქისთვის პრაიმერისი არ გამართულა და მოქმედი კონგრესმენის, მორგან გრიფიტის კანდიდატურა ავტომატურად გავიდა, რომელმაც საბოლოოდ, „დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელი დაამარცხა.
2021 წელს ლოუმ „რესპუბლიკური პარტიის“ პრაიმერისში, ვირჯინიის შტატის წარმომადგენელთა პალატაში ადგილის დასაკავებლად იყარა კენჭი, თუმცა კიმბერლი ლოუს კანდიდატურა პრაიმერისში ვერ გავიდა (ზუსტი მიზეზის შესახებ ინფორმაცია საჯარო წყაროებში არ არსებობს), რის გამოც პარტიაში აღნიშნული პოზიციისთვის პრაიმერისი არ გამართულა. საბოლოოდ, ვირჯინიის შტატის წარმომადგენელთა პალატის პოზიციაზე „რესპუბლიკური პარტიიდან“ ოტო ვაშმანის კანდიდატურა ავტომატურად გავიდა, რომელმაც „დემოკრატიული პარტიიდან“ ოპონენტი დაამარცხა.
აქედან გამომდინარე, კიმბერლი ლოუმ წლების განმავლობაში სხვადასხვა პოზიციის დასაკავებლად გამართულ „რესპუბლიკური პარტიის“ პრაიმერისშიც კი ვერ მიიღო მონაწილეობა.
2024 წლის 31 ოქტომბერს კიმბერლი ლოუმ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „უნივერსალური მშვიდობის ფედერაციის“ მიერ მშვიდობის ელჩის სტატუსი მიიღო. „უნივერსალური მშვიდობის ფედერაცია“ 2005 წელს სუნ მიუნ მუნმა დააფუძნა, რომელსაც 1954 წელს „გაერთიანების ეკლესია“ აქვს დაფუძნებული. „გაერთიანების ეკლესიას“ ხშირად კულტად მოიხსენიებენ, რადგან დაფუძნებულია იდეოლოგიაზე, რომლის მიხედვითაც სუნ მიუნ მუნი მესიაა, რის გამოც „გაერთიანების ეკლესიის“ წევრებს „Moonies“ შეარქვეს. ჯგუფი 2023 წელს იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, შინზო აბეს მკვლელობის საქმეში ფიგურირებს. ცნობების მიხედვით, მკვლელმა აბე „გაერთიანების ეკლესიასთან“ სავარაუდო კავშირების გამო მოკლა.
რაც შეეხება „უნივერსალური მშვიდობის ფედერაციას“, მას გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ზოგადი საკონსულტაციო სტატუსი აქვს (მსგავსი სტატუსი 6471 არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს) და 2020 წლის მონაცემებით, 160 სხვადასხვა ქვეყნიდან 100 000-ზე მეტი მშვიდობის ელჩი ჰყავს. მშვიდობის ელჩის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ლოუს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში მისი ბიოგრაფია ჩანს.
პოსტის მიხედვით, კიმბერლი ლოუ იყო:
- სამხრეთ კორეის გაერთიანების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული კორეის გაერთიანების განათლების საბჭოს წევრი;
- „გლობალური საოჯახო ალიანსის“ (Global Family Alliance) ყოფილი საკანონმდებლო დირექტორი;
- „სასამართლოს რეფორმების და სამართლის ცენტრის“ (The Center for Court Reform and Justice) ყოფილი დირექტორი;
- „თავისუფლებისკენ სწრაფვის ოჯახის“ (Chasing Freedom Family) საბჭოს თავმჯდომარე;
- „საოჯახო რესურსების ფონდის“ (Family Resource Foundation) საბჭოს წევრი;
- აშშ-ის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიის, ვიეტნამში სახელმწიფო კონტროლირებადი რელიგიისა და რელიგიური თავისუფლების შესახებ საკონსულტაციო კომიტეტის წევრი.
ლოუს კიდევ ერთი პოსტის მიხედვით, ის სამხრეთ კორეის გაერთიანების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული კორეის გაერთიანების განათლების საბჭოს წევრად 2024 წლის ივნისში 2-წლიანი ვადით დაინიშნა. სამხრეთ კორეის გაერთიანების სამინისტროს ვებგვერდზე, ისევე როგორც სხვა ღია წყაროებში, „ჯეოფაქტსმა“ კორეის გაერთიანების განათლების საბჭოს და მისი ფუნქციების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ვერ ნახა.
„გლობალური საოჯახო ალიანსის“ სახელით მხოლოდ ერთი Facebook-გვერდი იძებნება, რომელსაც 75 მოწონება აქვს და ბოლო პოსტი 2013 წელს აქვს გამოქვეყნებული. Facebook-გვერდის აღწერაში განთავსებული ვებგვერდი უფუნქციოა, ხოლო თავად აღწერის მიხედვით, „გლობალური საოჯახო ალიანსი“ არის „იმ ოჯახების ალიანსი, რომლებიც გაუმჯობესების შესაძლებლობებს ეძებენ“.
„თავისუფლებისკენ სწრაფვის ოჯახი“ ვირჯინიის მოქალაქეებისა და ჯგუფების ღია სათემო ორგანიზაციას წარმოადგენს.
რაც შეეხება აშშ-ის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიას (USCIRF), ის ნამდვილად არსებობს და ვიეტნამში სახელმწიფო კონტროლირებადი რელიგიისა და რელიგიური თავისუფლების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, თუმცა მასში არაფერია ნახსენები საკონსულტაციო კომიტეტისა და კიმბერლი ლოუს შესახებ. მსგავსი ინფორმაცია არც სხვა ღია წყაროებში მოიძებნა. „ჯეოფაქტსი“ USCIRF-ს დაუკავშირდა კითხვით, ოდესმე ყოფილა, თუ – არა კიმბერლი ლოუ მათი ინსტიტუციის ან მის ქვეშ მოქმედი რაიმე კომისიის წევრი. USCIRF-ის მიხედვით, „კიმბერლი ლოუ არ არის დაკავშირებული აშშ-ის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიასთან“.
„ჯეოფაქტსმა“ ღია წყაროებში ინფორმაცია ვერ ნახა „სასამართლოს რეფორმების და სამართლის ცენტრის“ და „საოჯახო რესურსების ფონდის“ სახელით მოქმედი ორგანიზაციების შესახებაც.
ამდენად, ჩამოთვლილი ექვსი ორგანიზაციიდან ორი არ იძებნება, ერთი უფუნქციოა, ერთი უარყოფს კიმბერლი ლოუსთან კავშირებს, ერთი არსებობს, მაგრამ მასთან კიმბერლი ლოუსთან კავშირების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება, ხოლო დარჩენილი ერთი ღია სათემო ორგანიზაციაა.
აქედან გამომდინარე, „ჯეოფაქტსმა“ ვერ ნახა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ კიმბერლი ლოუს აშშ-ში საჯარო სამსახურში ან კერძო სექტორში მნიშვნელოვანი თანამდებობა ოდესმე ჰქონდა.
კიმბერლი ლოუს ქართული კავშირები
კიმბერლი ლოუს Facebook-ზე ბესო შენგელიას რამდენიმე პოსტი აქვს გაზიარებული (1, 2, 3, 4, 5).
ბესო შენგელიას Facebook-ანგარიშის მიხედვით, ის 2024 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატობის კანდიდატი, ეკონომისტი და გამომგონებელია, თუმცა ნობელის პრემიის კანდიდატების სია კონფიდენციალურია და ამჟამად ხელმისაწვდომია მხოლოდ ვიკიპედიაზე, სადაც ბესო შენგელიაც ფიგურირებს. გასათვალისწინებელია, რომ ამ ვებგვერდზე ინფორმაციის რედაქტირება ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია.
გარდა ამისა, საინფორმაციო სივრცეში შენგელიაზე ინფორმაცია ორ საკითხთან დაკავშირებით ვრცელდება – მის მიერ შემუშავებულ ადრეული ასაკის საგანმანათლებლო პროექტ „ქინდერ ბუბუზე“ და მის ინიციატივაზე საქართველოში „მსოფლიო მშვიდობის ფორუმის“ ჩატარების შესახებ.
შენგელია „ქინდერ ბუბუზე“ სასაუბროდ სტუმრად იყო მიწვეული ტელეკომპანია „იმედის“ 2), „პოსტივის“, „მთავარი არხის“ და „რუსთავი 2“ ეთერებში, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის და „ჯორჯიან თაიმსის“ რადიო გადაცემებში.
რაც შეეხება თბილისში „მსოფლიო მშვიდობის ფორუმის ჩატარების“ გეგმებს, ამ საკითხზე მან 3 ოქტომბერს შეხვედრა გამართა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე მარიამ ლაშხთან. ამავე საკითხზე საუბრობდა „ჯორჯიან თაიმსში“, „Georgia Today-ში“ და „კომერსანტში“. ბესო შენგელია ამტკიცებს, რომ „მსოფლიო მშვიდობის ფორუმზე“ აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ილონ მასკი, ესპანეთის პრემიერ მინისტრი პედრო სანჩესი, ევროპარლამენტარები, ინდოეთის, ჩინეთის და საქართველოს მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრებიან, თუმცა ამის მტკიცებულებები არ არსებობს. ზოგადად, „მსოფლიო მშვიდობის ფორუმის“ შესახებ ინფორმაცია მხოლოდ თავად ბესო შენგელიასგან ვრცელდება. არ არსებობს რაიმე ვებგვერდი ან სოციალური მედიის გვერდი, რომელიც ფორუმის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეიცავს.
მანამდე შენგელია „იმედის“, „ალტ ინფოს“ და „რუსთავი 2-ის“ ეთერებში „საერთაშორისო საოჯახო ფესტივალის“ ჩატარების გეგმებზე საუბრობდა, რომლის შესახებაც „მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოება და საქართველოს საპატრიარქო არის ინფორმირებული“ და რომელიც „ჩვენი ქვეყნისთვის ქმნის ეკონომიკურ და უსაფრთხოების გარანტიებს“. იქვე, შენგელია საუბრობს სააქციო საზოგადოების დაფუძნებაზე, რომელიც იქნება „პირველი ქართული, გლობალური მასშტაბის ეკონომიკური საქმიანობა” და რომელიც „ახერხებს მსოფლიოს ძლიერი და ავტორიტეტული ხალხის გაერთიანებას და ჩვენი ქვეყნისთვის არნახულად ძლიერი პოტენციალის გაჩენას“. „საერთაშორისო საოჯახო ფესტივალის“ ჩატარების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. ამავდროულად, ის, თუ კონკრეტულად რას გულისხმობს შენგელია სააქციო საზოგადოების დაარსებით „პირველი ქართული, გლობალური მასშტაბის ეკონომიკურ საქმიანობაში”, გაურკვეველია.
რაც შეეხება ბესო შენგელიას კავშირებს კიმბერლი ლოუსთან, შენგელიას თქმით, „მსოფლიო მშვიდობის ფორუმზე“ დონალდ ტრამპის მოწვევა სწორედ ლოუს საშუალებით მოხდა.
„კონკრეტულად დონალდ ტრამპის გუნდთან კომუნიკაცია მოხდა ასე, მე დავუკავშირდი რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლობას. თავიდან კომუნიკაცია ვერ შედგა. ბოლოს მოხდა ისე, რომ კონკრეტული პიროვნებები გამოვიდნენ ჩემთან კავშირზე. ერთ-ერთი იყო ქალბატონი კიმბერლი ლოვე. იქამდე განვითარდა კომუნიკაცია, რომ რამდენიმე საჯარო ინტერვიუც გააკეთეს ქართულ მედიაში, გაზეთებში ძირითადად…“,- განაცხადა ბესო შენგელიამ „კომერსანტთან“ საუბრისას.
იმავე ინტერვიუში შენგელია ამბობს, რომ „კიმბერლი არის სენატორობის კანდიდატი რესპუბლიკელების მხრიდან. არის დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის გუნდის წევრი და ტრამპის უახლოესი მეგობარი პოლიტიკური წრის გარეთაც“. როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, ეს ინფორმაცია არ დასტურდება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კიმბერლი ლოუსთან ინტერვიუს ეთერში გადაცემის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ Facebook-პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ ლოუს ესაუბრა მხოლოდ თავად ლოუს მტკიცების საფუძველზე, რომ ის შესაძლოა ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის წევრი იყოს. თავად გიორგი გვიმრაძე კიმბერლი ლოუს ტრამპის მომავალ ადმინისტრაციასთან კავშირებს მხოლოდ ლოუს მიერ ტრამპის ახლო გარემოცვის წევრებთან გადაღებული სურათებით ამტკიცებს.
„ქალბატონ კიმბერლი ლოუს ვესაუბრე მე პირადად და არ თქმულა, რომ ის არის მომავალი ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ის შეიძლება გახდეს, რასაც თავად ამბობს, ამ ეტაპზე მხოლოდ. და სწორედ ამიტომ, ითქვა, რომ შესაძლოა იყოს. თუმცა, ის, რომ რესპუბლიკური პარტიის წევრია და თან კენჭს იყრიდა სენატში, ეს ადვილად იძებნება. მისი კავშირები, ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის უკვე დასახელებულ წევრებთან, ასევე იძებნება. ამის გარდა, ქალბატონი კიმბერლი, არაფერს ამბობს ისეთს, რაც არ უთქვამს ტრამპთან დაახლოებულ სხვა ადამიანებს. ამდენად, მისი გამონათქვამები, დიდწილად თანხვედრაშია ტრამპის პოლიტიკის ძირითად გზავნილებთან და ეს არის მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ამ ინტერვიუს გარკვეული ნაწილების გამოქვეყნებაზე, პასუხისმგებელი ვარ მე და მხოლოდ მე და არავინ ჩემს გარდა.“
პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში გიორგი გვიმრაძემ თანამდებობა დატოვა.
2024 წლის 5 დეკემბერს კიმბერლი ლოუმ საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც ევროკავშირში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის პოზიციის შექმნის იდეა აშშ-ევროკავშირის ურთიერთობების ( ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის პირობებში) გაძლიერების მიზნით, ევროპარლამენტის მიერ დეკემბრის პირველ კვირაში გაჟღერდა. ლოუს მტკიცებით, პოზიციის შექმნის შესახებ დოკუმენტის სამუშაო ვერსია ევროპაში მოქმედი ორგანიზაციების და ევროპარლამენტის მიერ შედგა და განსახილველად გადაეგზავნება ტრამპის გუნდს. მსგავსი გეგმის არსებობის შემთხვევაში, მედიაში შესაბამისი ცნობები გავრცელდებოდა, თუმცა ღია წყაროებში არ იძებნება რაიმე სახის ინფორმაცია, რომელიც „ევროკავშირში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის“ პოზიციის შექმნის გეგმებს დაადასტურებდა. განცხადება არც ევროპარლამენტს გაუკეთებია. „ჯეოფაქტსი“ ევროპარლამენტის პრესსამსახურს დაუკავშირდა კითხვით, მართლა გამოთქვა, თუ – არა ევროპარლამენტმა ევროკავშირში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის პოზიციის შექმნის იდეა. პასუხის მიღების შემდეგ სტატია შესაბამისად განახლდება.
იმავე დღეს, ლოუმ გიორგი გვიმრაძისთვის მიცემული ინტერვიუს სრული ჩანაწერი გამოაქვეყნა. სამწუხაროდ, ჩანაწერში არ ისმის გიორგი გვიმრაძის ხმა და, შესაბამისად, გაუგებარია, თუ რა კითხვებს უსვამს ის ლოუს. მიუხედავად ამისა, ლოუს პასუხების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ევროკავშირში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის პოზიციის შექმნასა და აღნიშნულ პოზიციაზე ლოუს დანიშვნის გეგმების შესახებ, ასევე ლოუს ბიოგრაფიასა და მის ტრამპის ადმინისტრაციასთან კავშირებზე, დამატებითი კითხვები არ დასმულა. სრულ ჩანაწერში ლოუ ზოგად განცხადებებს აკეთებს საქართველოზე, საქართველოში „მშვიდობის გლობალური ფორუმის“ ჩატარებაზე, საერთაშორისო ურთიერთობებზე, ტრამპის ადმინისტრაციის გეგმებზე და „დიფ სთეითზე“.
„ჯეოფაქტსმა“ გიორგი გვიმრაძესთან დაკავშირება სცადა, რათა მის მიერ დასმული კითხვების შინაარსი დაეზუსტებინა. სტატიის გამოქვეყნების დროისთვის გიორგი გვიმრაძეს „ჯეოფაქტსისთვის“ არ უპასუხია. პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია შესაბამისად განახლდება.