Home » სოციალურ ქსელში ძველ ვიდეოს 2024 წლის საპროტესტო აქციებს მცდარად მიაწერენ
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში ძველ ვიდეოს 2024 წლის საპროტესტო აქციებს მცდარად მიაწერენ

სოციალურ ქსელში Facebook და TikTok-ანგარიშები ვიდეოს ავრცელებენ, სადაც პარლამენტის წინ მოცეკვავე ახალგაზრდები ჩანან. ვიდეო ზემოაღნიშნულმა ანგარიშებმა 2024 წლის 3 დეკემბერს გამოაქვეყნეს. თარიღისა და კომენტარების მიხედვით, ვიდეოს საქართველოში 2024 წლის დეკემბერში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირებენ. კერძოდ, უკვე მე-8 დღეა, რაც მოქალაქეები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერებას აპროტესტებენ  (არქივირებული ბმული).

სინამდვილეში, გავრცელებული ვიდეო არა 2024, არამედ 2018 წელსაა გადაღებული.

გამოქვეყნებულ ვიდეოში პარლამენტის შენობაზე არსებული წითელი ბანერები ჩანს (იხ. ფოტო ქვემოთ).

მსგავსი ბანერები პარლამენტის შენობაზე 2018 წელს იყო განთავსებული. მასზე რიცხვი „100“ იყო დატანილი, რაც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის თავს აღნიშნავდა.

შესაბამისად, პარლამენტის შენობაც ამგვარად გამოიყურებოდა: (იხ. ფოტო)

ფოტო: civil.ge

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეო 2018 წლის საპროტესტო გამოსვლებზეა გადაღებული. 2018 წელს ერთ-ერთი მასშტაბური საპროტესტო აქცია მაისში მიმდინარეობდა, კერძოდ, 12-13 მაისს, სახელწოდებით „ჩემი თავისუფლებისთვის“. აქციის მონაწილეები რამდენიმე კლუბში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებდნენ. აქციაზე ჩართული იყო ელექტრონული მუსიკა, რაზეც ახალგაზრდები ცეკვავდნენ.

ფოტო 2018 წლის 12-13 მაისის აქციიდან:

წყარო: რადიო თავისუფლება

2018 წელს აქციის „ჩემი თავისუფლებისთვის“ გარდა, კიდევ რამდენიმე აქცია მიმდინარეობდა. მაგალითად, 2018 წლის 25 იანვარს პარლამენტის წინ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) მხარდასაჭერი აქცია სახელწოდებით – „ერთი ყველასთვის“, გაიმართა. გიორგანაშვილს  თბილისის საქალაქო სასამართლომ 0,3726 გრამი სუბოტექსის ფლობისთვის 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გიორგანაშვილი 2018 წლის 28 დეკემბერს  თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

ასევე 2018 წელს გაიმართა აქცია „ნუ მომკლავ“.  აქციის მონაწილეები 2017 წელს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის სამართლიანი გამოძიებას მოითხოვდნენ.

გავრცელებული ვიდეო, 2018 წელს გამართულ აქციებს შორის, შინაარსით ყველაზე მეტად კლუბების დარბევის საპასუხოდ გამართულ საპროტესტო აქციას უკავშირდება და ის აღნიშნულ პროტესტს ასახავს.

ამგვარად, გავრცელებული ვიდეო 2018 წელსაა გადაღებული და ის 2024 წელს მიმდინარე საპროტესტო აქციას არ ასახავს.

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]