Home » დეზინფორმაცია: თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაში უკრაინიდან ჩამოსული ბოევიკები მონაწილეობენ
ვერდიქტები ტყუილი

დეზინფორმაცია: თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაში უკრაინიდან ჩამოსული ბოევიკები მონაწილეობენ

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „ირაკლი ზაქარეიშვილი სათადარიგო ფბ“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ აქამდეც გადაუმოწმებია (1, 2, 3, 4), ავრცელებს ვიდეოს (დაარქივებული ბმული) სათაურით: „ეს გუშინდელი კადრებია – წინა ხაზზე უკრაინიდან ჩამოთრეული ბოევიკები არიან!“. რეალურად, თბილისში საპროტესტო აქციებში უკრაინიდან ჩამოსული ბოევიკების მონაწილეობა არ დასტურდება.

საქართველოში საპროტესტო აქციაში უკრაინიდან ჩამოსული „ბოევიკების“ მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია არც ერთ ქართულენოვან თუ უცხოენოვან სანდო მედიაში არ იძებნება. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო  საპროტესტო აქციაზე მიმდინარე მოვლენებზე ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებს განცხადებებს და ოფიციალურ Facebook-ანგარიშზე/საიტზე აქვეყნებს. სამინისტროს უკრაინიდან ჩამოსული მებრძოლების  დემონსტრაციებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

გარდა ამისა, თავად პოსტის ავტორი არ წარმოადგენს მტკიცებულებებს, რაც მის ნათქვამს, რუსთაველის გამზირზე „წინა ხაზზე უკრაინიდან ჩამოსული ბოევიკების ყოფნის“ შესახებ, დაადასტურებდა. პოსტში წარმოდგენილ ვიდეოში ჩანს სპეცრაზმელებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება, თუმცა მასში მონაწილე პირების იდენტიფიცირება შეუძლებელია, ვინაიდან სპეცრაზმელებთან ერთად აქციის მონაწილეთა უმრავლესობა სპეციალური აღჭურვილობითაა.

აღსანიშნავია, რომ საპროტესტო აქციების პარალელურად, უკრაინიდან მებრძოლების ჩამოსვლის შესახებ დეზინფორმაცია აქამდეც გავრცელდა. კერძოდ, სოციალურ ქსელებში კოორდინირებულად გავრცელდა მტკიცება, რომ უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ წევრები საქართველოში დაბრუნებას გეგმავდნენ. „ჯეოფაქტსმა“ აღნიშნული მტკიცებაც გადაამოწმა და ტყუილად შეაფასა (იხ. სტატიის ბმული).

ამრიგად, მტკიცება, საპროტესტო აქციაში უკრაინიდან ჩამოსული „ბოევიკების“ მონაწილეობის შესახებ, არ დასტურდება.

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]