სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში საპროტესტო აქციების საწინააღმდეგოდ შექმნილ ჯგუფში „ანტი-მაიდანი“, აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის გაყალბებულ ციტატას ავრცელებს (დარქივებული ბმული): „გამოვხატავ ღრმა შეშფოთებას აგრესიული მომიტინგეების მხრიდან პოლიციის მისამართით განხორციელებული ძალადობის გამო“. რეალურად, ციტატა ყალბია, აშშ-ის ელჩს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.
აღსანიშნავია, რომ ყალბი ციტატა თავდაპირველად ტელეკომპანია „პოსტვ“-ის მიერ გავრცელდა (დაარქივებული ბმული), ტელეკომპანია აღწერაში უთითებს: „ასეთი უნდა იყოს ობიექტური ელჩის კომენტარი მომიტინგეების მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე”. POSTV-მ იმავე აღწერით მეორე პოსტიც გაავრცელა და ამჯერად, საინფორმაციო ბარათზე შემდეგი ციტატა დაიტანა: „უკიდურესად ვარ შეშფოთებული აგრესიული მომიტინგეების მხრიდან ვანდალიზმის და ქალაქის ინფრასტრუქტურის განადგურების გამო“.
საგულისხმოა, რომ აღნიშნული აღწერა ორაზროვანია. კერძოდ, შესაძლოა, ტელეკომპანია ავრცელებს განცხადებას, რომლის მსგავსიც, მათი აზრით, ელჩმა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით უნდა გააკეთოს. თუმცა, მეორე მხრივ, პოსტმა შეიძლება მომხმარებლები აფიქრებინოს, რომ აშშ-ის ელჩმა მსგავსი განცხადება მართლაც გააკეთა და ტელეკომპანია ამ განცხადებას იწონებს.
გასათვალისწინებელია პოსტის კომენტარებიც, მომხმარებელთა უმრავლესობას POSTV-ის პოსტიდან გამომდინარე ასკვნის, რომ ციტატა მართლაც რობინ დანიგანს ეკუთვნის (იხილეთ რამდენიმე ასეთი კომენტარი).
სინამდვილეში, აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის მიერ მსგავსი განცხადების გაჟღერება არ დასტურდება. ზოგადად, აშშ-ის ელჩის განცხადებები ვრცელდება როგორც საელჩოს სოციალური ქსელის გვერდებზე (1;2), ასევე ვებგვერდზე. ამ შემთხვევაში, მსგავსი ციტატა არც ერთ მათგანზე იძებნება.
რობინ დანიგანმა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება 29 ნოემბერს გააკეთა. ელჩმა მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს და საქართველო ევროკავშირის, დასავლური ინტეგრაციისა და დემოკრატიის გზაზე დააბრუნოს, რაც დანიგანის თქმით, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს წარმოადგენს. „გუშინ ღამით, ჩვენ ყველა გავხდით მოწმე, როგორ იძალადა პოლიციამ პროტესტის დროს დაკავებულ მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე. მოვუწოდებ მთავრობას, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებასა და პრესის თავისუფლებას პროტესტის უსაფრთხოდ გასაშუქებლად“,-განაცხადა დანიგანმა.
ამდენად, გავრცელებული ციტატა ყალბია, აშშ-ის ელჩს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.