Home » სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტო ვრცელდება, რომელზეც გეი წყვილია გამოსახული
გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტო ვრცელდება, რომელზეც გეი წყვილია გამოსახული

Facebook-ზე მედიასაშუალებები POSTV, POSTV-პოლიტიკა,  INFO9, ნიუსჰაბი ფოტოს ავრცელებენ შემდეგი აღწერით: „გეი წყვილი „მშვიდობიან“ მიტინგზე“. ფოტოზე, ფეიერვერკებისა და ხალხის ფონზე, ჩანს ორი მამაკაცი, რომლებსაც აირწინაღები უკეთიათ და ერთმანეთს კოცნიან. სინამდვილეში, ფოტო ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული. (არქივირებული ბმული 1; 2; 3; 4)

ტელეკომპანია POSTV-ის ფეისბუქ გვერდებზე გამოქვეყნებული ფოტოანაბეჭდის მიხედვით, ფოტო Instagram-ზე ანგარიშმა apakidzedavid გაავრცელა. თუმცა, POSTV-ს პოსტში არ ჩანს გამოქვეყნებული პოსტის ის ნაწილიც კი, სადაც მითითებულია, რომ ფოტო პროგრამა midjourney-ის მიერაა შექმნილი.  INFO 9-ისა და „ნიუსჰაბის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტებში, მიუხედავად იმისა, რომ ორიგინალ პოსტზე არსებული აღნიშნული მითითება ჩანს, დატანილია აღწერა „გეი წყვილი „მშვიდობიან“ მიტინგზე“. ეს აღწერა თანდართულ ფოტოსთან ერთად მთლიანობაში მიუთითებს, რომ თითქოს ის რეალურია და თბილისის საპროტესტო აქციებზეა გადაღებული.

Midjourney ხელოვნური ინტელექტის პლატფორმაა, რომელიც ტექსტის საფუძველზე ნახატს აგენერირებს.

გარდა ამისა, ფოტოზე მრავალი უზუსტობაა, რაც ადასტურებს, რომ ის ხელოვნური ინტელექტითაა შექმნილი. მაგალითად, ცხვირის ფორმა, თითები. ასევე ფოტოზე ჩანს, რომ ორივე ადამიანს უკეთია აირწინაღი, თუმცა შუაში მხოლოდ ერთი აირწინაღის წინა ნაწილი ჩანს, თანაც დეფორმირებული, თითქოს ერთმანეთშია შერწყმული (იხ. ფოტო).

გარდა ამისა, Instagram-ანგარიშმა @apakidzedavid გამოაქვეყნა Story, სადაც ადასტურებს, რომ ფოტო ხელოვნური ინტელექტითაა შექმნილი.

ამგვარად, გავრცელებული ფოტო ნამდვილი არ არის. ის ხელოვნური ინტელექტის პროგრამა midjourney-ის მიერაა შექმნილი.

რედაქტორის შენიშვნა: 2024 წლის 4 დეკემბერს სტატია განახლდა. მას დაემატა „ნიუსჰაბისა“ და INFO9-ის პოსტების აღწერა.

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]