ირაკლი კობახიძე: 2012 წელს საქართველოში უმუშევრობა 26.7% იყო, ჩვენ გავანახევრეთ და 14%-ზე ნაკლებია დღეს უმუშევრობა
ვერდიქტი: „ჯეოფაქტსის“ შეფასებით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.
28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „2012 წელს უმუშევრობა 26.7% იყო, ჩვენ უკვე მოვახერხეთ და გავანახევრეთ უმუშევრობა ამ წლების განმავლობაში, 14%-ზე ნაკლებია დღეს უმუშევრობა ჩვენ ქვეყანაში. 2028 წლისთვის 4%-ს ჩამოსცდება უმუშევრობა საქართველოში“.
„ჯეოფაქტსმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება გადაამოწმა.
პირველ რიგში, უნდა განვმარტოთ, თუ როგორ გამოითვლება უმუშევრობის დონე. საქსტატის მეთოდოლოგიით, უმუშევრობის დონე უმუშევარ ადამიანთა და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის (სამუშაო ძალის) შეფარდების შედეგად გამოითვლება. სამუშაო ძალა არის დასაქმებული და სამსახურის მაძიებელი უმუშევარი ადამიანების ერთობლიობა. 15 წლის და მეტი ასაკის პირი, რომელიც უმუშევარია, მაგრამ არ არის სამუშაოს მაძიებელი (გამოკითხვის მომენტის წინა 4 კვირის განმავლობაში არ ეძებდა სამუშაოს), სამუშაო ძალის მიღმა გადადის და უმუშევრად არ მიიჩნევა. აქედან გამომდინარე, გარკვეულ პერიოდში უმუშევრობის დონე ტექნიკურად – სამუშაო ძალის შემცირების ხარჯზე, დასაქმების ზრდის გარეშე, მცირდებოდა. შესაბამისად, გრძელვადიან პერიოდში ქვეყანაში უმუშევრობის დონის ცვლილების სწორად შესაფასებლად სამუშაო ძალის და დასაქმების პარამეტრებიც უნდა გავაანალიზოთ.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონემ 13.8% შეადგინა, ეს არის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც ამ ეტაპზე არ არის დასაქმებული, მაგრამ აქტიურად ეძებს სამუშაოს. 2012 წელს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება გადაიბარა, უმუშევრობის დონე 26.7%-ს შეადგენდა. ირაკლი კობახიძე 2012 წლის წლიურ მაჩვენებელს მიმდინარე წლის მესამე კვარტლის მაჩვენებელს ადარებს, კვარტალური მონაცემების წლიურ მაჩვენებელთან შედარება არამართებულია, რადგან უმუშევრობის მაჩვენებელზე სეზონურ დასაქმებას დიდი გავლენა აქვს. ამიტომაც, სეზონურობის ფაქტორის გამოსარიცხად, მართებულია წლიური მაჩვენებლები შევადაროთ ერთმანეთს.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში, 2013-2023 წლებში საქართველოში უმუშევრობის დონე 10.3 პროცენტული პუნქტით, 26.7%-დან 16.4%-მდე შემცირდა. გრძელვადიან პერიოდში უმუშევრობის დონის კლებაზე გავლენა იქონია როგორც დასაქმებულთა რაოდენობის ზრდამ, ასევე სამუშაო ძალის კლებამ, ეს უკანასკნელი ცალსახად უარყოფითი მოვლენაა. გრძელვადიან პერიოდში ქვეყანაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა შემცირდა, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოქალაქეების დიდმა ნაწილმა სამსახურის ძიება შეწყვიტა ან ქვეყანა დატოვა, რომლებიც ქვეყანაში უმუშევართა რიგებს დააკლდნენ.
2023 წელს ქვეყანაში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ 1 596.3 ათასი შეადგინა, რაც 2019-2022 წლების მონაცემებს აღემატება, თუმცა წინა წლების (2012-2018) მაჩვენებლებზე ნაკლებია.
„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში დასაქმების მაჩვენებლები (დასაქმებულთა რაოდენობა, დასაქმების დონე) იცვლებოდა როგორც ზრდისკენ, ასევე კლებისკენ (იხ. გრაფიკი 1). 2023 წლის მონაცემებით, დასაქმებულთა რაოდენობა 2012 წლის მაჩვენებელს დაახლოებით 10%-ით (122.4 ათასით) აღემატება. 2023 წელს დასაქმების დონემ (დასაქმებულთა პროცენტული წილი შესაბამისი ასაკის (15+) მოსახლეობაში) 44.5% შეადგინა. 2012 წელთან შედარებით, დასაქმების დონე 4.9 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.
როგორც ვხედავთ, „ქართული ოცნების“ მმართველობის გრძელვადიან პერიოდში დასაქმების მაჩვენებლები ჯამში გაუმჯობესდა, თუმცა არა იმ მასშტაბით, რამდენადაც უმუშევრობის დონე არის შემცირებული. აღნიშნული იმით აიხსნება, რომ უმუშევრობის დონის შემცირებაზე გავლენა იქონია როგორც დასაქმების ზრდამ, ასევე სამუშაო ძალის კლებამ.
გრაფიკი 1: სამუშაო ძალის მაჩვენებლები 2012-2023 წლებში
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
გრძელვადიანი პერიოდის ტენდენციას თუ შევხედავთ, „ქართული ოცნების“ საწყის წლებში ქვეყანაში დასაქმება/უმუშევრობის პარამეტრები გაუმჯობესდა. 2016-2019 წლებში ქვეყანაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა მკვეთრად შემცირდა, რის ხარჯზეც, დასაქმების ზრდის გარეშე, უმუშევრობის დონემ იკლო. პანდემიის პერიოდში, 2020-2021 წლებში დასაქმების მაჩვენებლები მკვეთრად გაუარესდა და უმუშევრობის დონეც გაიზარდა. პანდემიის შემდგომ პერიოდში, 2022-2023 წლებში, დასაქმების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, შესაბამისად, შემცირდა უმუშევრობის დონეც. 2024 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, დასაქმება/უმუშევრობის მაჩვენებლების გაუმჯობესების დადებითი დინამიკა მიმდინარე წელსაც გაგრძელდა.
ბოლო წლებში დასაქმების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რაც რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. პირველი რიგში, პანდემიის დასრულებასა და მისი თანმხლები ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნას პანდემიის პერიოდში დაკარგული სამუშაო ადგილების აღდგენა ლოგიკურად მოჰყვა. ამასთან, კერძო სექტორში ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა, რომელიც ეკონომიკის ზრდის თანმდევი პროცესია. გარდა ამისა, დასაქმების ზრდაზე გარკვეული გავლენა სახელმწიფო სექტორში დასაქმების ზრდამაც იქონია, მათ შორის, სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამამ, რომელიც 2022 წლის გაზაფხულზე ამოქმედდა. აღნიშნული პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი გაცხადებული მიზანი სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების დასაქმების წახალისებაა, რაც, ძირითადად, ხელოვნურად შექმნილ საზოგადოებრივ სამუშაო ადგილებზე დასაქმებას გულისხმობს.
2012 წელთან შედარებით, დასაქმების მაჩვენებელი გაზრდილია, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში. თუმცა, 2021-2023 წლებში სახელმწიფო სექტორში დასაქმების მაჩვენებელი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. 2023 წლის მონაცემებით, სახელმწიფო სექტორში 320.5 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, რაც სახელმწიფო სექტორში დასაქმების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. არასახელმწიფო სექტორში დასაქმების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2015-2016 წლებში დაფიქსირდა. შემდგომ პერიოდში კი არასახელმწიფო სექტორში (კერძო სექტორში დაქირავებით დასაქმებულები და თვითდასაქმებულები) დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. 2023 წელს კერძო სექტორში დასაქმება გაიზარდა, თუმცა ის კვლავ ჩამორჩება 2015-2016 წლების მაჩვენებლებს.
გრაფიკი 1: დასაქმებულთა განაწილება საკუთრების ფორმების მიხედვით
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ირაკლი კობახიძის პროგნოზით, 2028 წლისთვის საქართველოში უმუშევრობის დონე 4%-ს ჩამოსცდება. „ჯეოფაქტსი“ პროგნოზს ვერ გადაამოწმებს, თუმცა გასული წლების ტენდენციის ანალიზი და უმუშევრობის დონის შემცირების არსებული ტემპი, ამ ეტაპზე, მსგავსი პროგნოზის გაკეთების საფუძველს არ იძლევა.
ამრიგად, 2023 წლის მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე 26.7%-დან 16.4%-მდე შემცირდა. მიმდინარე წლის კვარტალური მონაცემებით, უმუშევრობის დონის კლების დადებითი ტენდენცია წელსაც შენარჩუნებულია. 2024 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონემ 13.8% შეადგინა. ირაკლი კობახიძე თავის განცხადებაში კონკრეტულ მონაცემებს სწორად ასახელებს, თუმცა უმუშევრობის დონეზე სეზონურ დასაქმებას დიდი გავლენა აქვს, ამიტომაც უმუშევრობის დონის წლიური მაჩვენებლის კვარტალურ მაჩვენებელთან შედარება არამართებულია.
ამავდროულად, „ქართული ოცნების“ მმართველობის გრძელვადიან პერიოდში, დასაქმების დონე არ გაზრდილა იმ მასშტაბით, რამდენადაც უმუშევრობის დონე შემცირდა. 2023 წლის მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე 10.3 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, თუმცა დასაქმების დონე მხოლოდ 4.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. აღნიშნული იმით აიხსნება, რომ უმუშევრობის დონის კლებაზე გავლენა იქონია როგორც დასაქმებულთა რაოდენობის ზრდამ, ასევე სამუშაო ძალის კლებამ – ადამიანებმა დატოვეს ქვეყანა ან შეწყვიტეს სამუშაოს ძიება. შესაბამისად, ირაკლი კობახიძის განცხადებას ვაფასებთ ვერდიქტით ნახევრად სიმართლე.