Home » სოციალურ ქსელში თამრიკო ჭოხონელიძის ციტატა მანიპულაციურად ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები კონტექსტის გარეშე

სოციალურ ქსელში თამრიკო ჭოხონელიძის ციტატა მანიპულაციურად ვრცელდება

სოციალურ ქსელში პროსახელისუფლებო არხი „პოსტვ“ მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძის ციტატას ავრცელებს (დაარქივებული ბმული): „ემიგრანტებო სამარცხვინოები ხართ, შევარცხვინე თქვენი ქართველობა!“. თამრიკო ჭოხონელიძის მიმართვა არხმა TikTok-ზეც გაავრცელა.

რეალურად, აღნიშნული ციტატა მომღერლის ვრცელი მიმართვიდან შერჩევით და იზოლირებულად არის გავრცელებული. პოსტი ქმნის წარმოდგენას, რომ თამრიკო ჭოხონელიძე გადაცემაში ყველა ემიგრანტს მიმართავს და მათ სამარცხვინოებს უწოდებს.  სინამდვილეში, მომღერალი  აკრიტიკებს  ემიგრანტების იმ ნაწილს, რომლებიც მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით უარყოფით  კომენტარებს წერენ,   „პროპაგანდირებენ“ და აკრიტიკებენ აქციაზე შეკრებილ ადამიანებს, რომლებიც დასისხლიანებული ბრუნდებიან სახლებში. თავის მხრივ, მომღერალი იმასაც აცხადებს, რომ ძალიან ამაყია იმ ემიგრანტებით, რომლებიც ახერხებენ საპროტესტო აქციებზე  გასვლას და მიუხედავად იმისა, რომ დაშორებით ცხოვრობენ ქვეყნიდან, სწორედ საქართველოთი ცხოვრობენ.

მთავარი არხის გადაცემაში „შენი დილა“, რომლის თანაწამყვანიც თამრიკო ჭოხონელიძეა, მომღერალმა განაცხადა: (იხილეთ ბმულზე 15:20-დან) „ძალიან ამაყი ვარ ემიგრანტებით, იმიტომ, რომ მე ვიცი ძალიან ბევრი ემიგრანტი, რომლებიც უბრალოდ თავს ადგამს იმას, რომ დღეს შეიკრიბნონ. მე ვიცი, აი ამერიკიდან, ლოს-ანჯელესიდან, მართლა ღირსეული ქართველები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ ამ დაშორებით ცხოვრობენ საქართველოდან, საქართველოთი ცხოვრობენ. მათი შვილები გადასარევად ლაპარაკობენ ქართულად და ა.შ. დღეს აქციებზე მიდიან, ამ ყველაფერს რაღაცნაირად თავს აბამენ, აპროტესტებენ იქიდან. თუმცა, ისეთი ადამიანებიც არიან ემიგრაციაში და მე მათ მინდა მივმართო და ვუთხრა, რა ვიცი, თითქოს ნორმალურად მოაზროვნე ხალხი მეგონეთ და რას  პროპაგანდირებთ, ვის ეკამათებით, მომჯდარხართ კარგად,  თბილად, თქვენი შვილები კარგად სწავლობენ უპრობლემოდ, თქვენ ჯანდაცვა გაქვთ უპრობლემოდ მოგვარებული, ეს პრობლემები არ გაქვთ, ის რაც დღეს საქართველოში ხალხს უდგას, შიათ, თქვენ არ გშიათ. არ გრცხვენიათ, რას აკეთებთ? მე ვიცი, რა, რა… პოლემიკა აღარ ჰქვია ამას, სწორედ რომ პროპაგანდირებენ და აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, უგუნურად ეკამათებით ადამიანებს, ვინც დასისხლიანებული მოდის სახლში. ჩამობრძანდით, თუ ასე ძალიან გინდა შენი საქართველოს კეთილდღეობა და აქედან მითხარი, აქედან მებრძოლე და აქედან მელაპარაკე, რასაც იქიდან ისვრი აი ამ სიტყვებს. არ გრცხვენიათ, რაებს აკეთებთ? ემიგრანტები, აი სამარცხვინოები ხართ თქვენ, შევარცხვინე მე თქვენი ქართველობა. არც კი გრცხვენიათ, თქვენ რასაც აკეთებთ, გაჩუმდით მაინც, დაიმალეთ ვირთხებივით. თქვენ არ გაქვთ უფლება სიტყვა წარმოთქვათ საერთოდ ქართველებთან, რომლებიც მართლა პატრიოტები არიან. აი, ეს ბავშვები, რაებს აკეთებენ, თავს სწირავენ, ჩვენ ხომ სიცოცხლე გვაქვს გაწირული“.

ცნობისთვის,  მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოქალაქეები „ქართული ოცნების“  გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე გადადოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი,  უკვე რამდენიმე დღეა აპროტესტებენ.

ამდენად, მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძის ციტატა კონტექსტის გარეშე ვრცელდება, რამაც შესაძლოა, მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანოს და აფიქრებინოს, რომ ჭოხონელიძე ყველა ემიგრანტს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ისინი სამარცხვინოები არიან. რეალურად, ჭოხონელიძე იმ ემიგრანტებზე საუბრობს, რომლებიც მიმდინარე აქციებზე უარყოფით კომენტარებს აკეთებენ.

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]