Home » სოციალურ ქსელში მელანია ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის რედაქტირებული ფოტოები ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

სოციალურ ქსელში მელანია ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის რედაქტირებული ფოტოები ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს ვიდეოს (დაარქივებული ბმული), რომელშიც გამოსახულია აშშ-ის ყოფილი პირველი ლედის, მელანია ტრამპისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, საერთო ფოტოები. სურათები იმგვარი ხასიათისაა, რომ ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს რუსეთის პრეზიდენტსა და აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის მეუღლეს შორის რაიმე პირადი ურთიერთობა არსებობს. რეალურად, ფოტოები რეალური არ არის და სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთ სანდო მედიასა და ღია წყაროში არ იძებნება მელანია ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირადი სახის შეხვედრების დამადასტურებელი ფოტოები. კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი და ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მეუღლის მელანია ტრამპის დამოუკიდებელი, პირადი ან/და ინტიმური სახის შეხვედრები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან უთუოდ გახდებოდა საერთაშორისო მედიის ყურადღების საფუძველი და აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდებოდა. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ სანდო უცხოენოვანი მედიები მელანია ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის მსგავსი შინაარსის ფოტოებისა და შეხვედრების არსებობას არ ადასტურებენ, მიუთითებს, რომ ფოტო რეალური არაა.

წყაროების მიხედვით, პირველ ლედისა და პრეზიდენტ პუტინს შორის პირველი შეხვედრა  2018 წელს ჰელსინკის სამიტზე შედგა, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა პუტინს მეუღლე გააცნო. კიდევ ერთი ინტერაქცია მელანია ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის 2021 წლის G20-ის სამიტის მიმდინარეობისას შედგა, როდესაც სადილის დროს მელანია ტრამპი, გერმანელი მასპინძლების „ხუმრობის“ წყალობით, პრეზიდენტ პუტინის გვერდითა სკამზე აღმოჩნდა.

დასახელებული შემთხვევების გარდა, მელანია ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სხვა შეხვედრა არ დასტურდება. ვიდეოში ნაჩვენები ფოტოების ხარისხი კი მიუთითებს, რომ ფოტო ხელოვნურადაა შექმნილი. კერძოდ, სურათები ხარისხისა და ნაკლოვანებების მიხედვით, აჩენს ეჭვს, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული.

უფრო კონკრეტულად, რამდენიმე მახასიათებლის მიხედვით, მარტივი ამოსაცნობია, რომ ფოტოები რედაქტირებულია. პირველ რიგში, აღსანიშნავია პუტინისა და მელანია ტრამპის თვალებთან დაკავშირებული დეფექტები. კერძოდ, თითქმის ყველა ფოტოში ვხედავთ, რომ პუტინის თვალები გაურკვეველი მიმართულებითაა მიპყრობილი, ზოგჯერ ჩავარდნილი და სხეულის სხვა ნაწილებთან მორფირებული (იხ. სურათებზე).

ამასთანავე, ზოგიერთ ვიდეოში ვხედავთ თითების არაბუნებრივ მოყვანილობას ან შეერთებას. ერთ-ერთ ფოტოში მელანიას  3 თითიც კი აქვს (იხ. სურათებზე).

გარდა ამისა, ზოგიერთ ფოტოში შეინიშნება ისეთი ტიპის ნაკლოვანებები, როგორიც ზოგადად ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ სურათებს ახასიათებს ხოლმე: ტანსაცმლისა და სხეულის არაბუნებრივი შერწყმა, სხეულის არარეალური ნაკვთები და სხვა (იხ. სურათებზე).

აღსანიშნავია ისიც, რომ „ჯეოფაქტსმა“ ფოტოს ძებნის ინსტრუმენტის (reverse image search) გამოყენებით დაადგინა, რომ მელანია ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის აღნიშნული ფოტოები არც ერთ სანდო წყაროსა თუ მედიაში არ გავრცელებულა და, შესაბამისად, ეს მიუთითებს, რომ ისინი კონკრეტული ვიდეოსთვის ხელოვნურადაა შექმნილი.

ამრიგად, ვიდეო რედაქტირებულია და სინამდვილეს არ შეესაბამება.

 

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]