ტელეკომპანია „პოსტვ” სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს აღწერით – „საარჩევნო ხმის მიცემა ამერიკულად“, სადაც ჩანს, თუ როგორ აძლევს ხმას ქართულად მოსაუბრე მოქალაქე აშშ-ში ჩატარებულ არჩევნებზე. ვიდეოს ავტორი აჟღერებს მტკიცებას, რომ საარჩევნო უბნის გარეთ დაუკონკრეტებელი ჯგუფები ამომრჩევლებს ე.წ. „შპარგალკებს“, წინასწარ გაფერადებულ ბიულეტენებს აძლევენ, რათა ამომრჩეველს მიუთითონ, საარჩევნო ბიულეტენზე ვინ უნდა გააფერადონ. ვიდეოს ავტორი ასევე ამტკიცებს, რომ აშშ-ში ხმის ფარულობა დაცული არ არის და ბიულეტენის ხმის მთვლელ აპარატში შეცურების დროს საარჩევნო უბნის ახლო მდგომი თანამშრომლები ამომრჩეველთა ნებას ღიად ხედავენ. შესაბამისად, ვიდეოს ავტორს გამოაქვს დასკვნა, რომ აშშ-ში არჩევნები თავისუფალი და ფარული არ არის. ამავდროულად, ისმის მტკიცება, რომ აშშ-ში ჩატარებული არჩევნების დროს ხმის მთვლელი აპარატები დამოუკიდებლად წყვეტენ, ჩათვალონ, თუ – არა ამომრჩევლის ხმა (იხილეთ ვიდეოს არქივირებული ბმული).
„აი უყურე ახლა, აი, აქ არის ამერიკული დემოკრატია, რა. ეს მომცეს ბიულეტენი რომ შევავსო… კითხვარებია, სადაც ირჩევ… სუპერვაიზერი, რაიონის მოსამართლე და ა.შ. გარეთ გხვდება „სასტავი“ და გაძლევენ ამ ბიულეტენის პატარა ფორმას, რა. წარმოიდგინე ეს რამხელაა და ეს პატარაა. გაძლევენ „შპარგალკას“ ვინ უნდა შემოხაზო, რა. აი ხომ ხედავ? ვინ უნდა შემოხაზო გაძლევენ შპარგაკლას, ხვდები? მე რესპუბლიკელი ვარ და ვიცი რაც უნდა გავაკეთო. ეს არის მათი „შპარგაკლა“ რა. აი, ანალოგიურია ზუსტად, გადახედეთ. გეუბნებიან რა უნდა შეავსო და როგორ უნდა შეავსო. აი, ეს არის „შპარგაკლა“. ახლა, ეს რომ საქართველოში გააკეთო, ყელს გამოგჭრიან. ახლა ნახე ეს, კონვერტში კი არ იდება ეს ყველაფერი, [არამედ] ასე „გაშვანშალებული“ მიგაქვს. შენი არჩევანი არ არის თავისუფალი, შენი არჩევანი არ არის ფარული, იმიტომ რომ, ეს დგას აქა [საარჩევნო უბნის თანამშრომელი] და გაძლევს „დირექშენს“ [მიმართულებას] სად უნდა გაუშვა. ამას [ხმის მთვლელ აპარატს] ახლა თუ უნდა „დაარეჯექთებს“ [უარყოფს], თუ უნდა გაუშვებს,“ – ისმის ვიდეოში.
„ჯეოფაქტსმა“ ვიდეოში გაჟღერებული მტკიცებები გადაამოწმა. მოცემულ მტკიცებებს რამდენიმე გარემოება ეჭვქვეშ აყენებს.
1. ვიდეოში არ ჩანს ავტორის სახე ან რაიმე, რაც მის იდენტიფიცირებას შესაძლებელს გახდიდა. ვიდეოებში, სადაც არ ჩანს ავტორის ვინაობა, ხშირად ჟღერდება ყალბი ან მანიპულაციური მტკიცებები, რათა მათი გადამოწმება გართულდეს.
2. ვიდეო 2023 წლის 7 ნოემბერს, აშშ-ის შტატ პენსილვანიაში, ბაქსის ოლქში, უარინგტონის რაიონში ჩატარებულ მუნიციპალური არჩევნების დროს არის გადაღებული, რაც თავად ბიულეტენზე ჩანს. მიუხედავად ამისა, ის ერთი წლის შემდეგ, 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების და 5 ნოემბერს აშშ-ში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში ვრცელდება. ვიდეოში ნაჩვენები ბიულეტენის ნიმუში ხელმისაწვდომია ბაქსის ოლქის ვებგვერდზე.
“County of Bucks, Commonwealth of Pennsylvania, Municipal Elections, Tuesday, November 7, 2023”
„ბაქსის ოლქი, პენსილვანიის თანამეგობრობა, მუნიციპალური არჩევნები, სამშაბათი, 7 ნოემბერი, 2023“ (თარგმანი შესრულებულია „ჯეოფაქტსის“ მიერ).
“Warrington Twp District 6 (CS 684) – EC:1883745”
„უარინგტონის საქალაქო რაიონი 6 (CS 684) – EC:1883745“ (თარგმანი შესრულებულია „ჯეოფაქტსის“ მიერ).
3. ვიდეოს ავტორი არ აკონკრეტებს, საარჩევნო უბნის გარეთ თუ ვინ მისცა მას წინასწარ შევსებული ბიულეტენი, რასაც თავად ე.წ. „შპარგალკას“ უწოდებს.
4. ვიდეოს ავტორი მიუთითებს, რომ ე.წ. „შპარგალკა“ მას მისცეს, რათა მის ნებაზე გავლენა მოეხდინათ და ეს მიუთითებს, რომ აშშ-ში „შენი არჩევანი არ არის თავისუფალი…“. როგორც თავად ვიდეოს ავტორი ამბობს, ის „რესპუბლიკელია და იცის, რაც უნდა გააკეთოს“. მიუხედავად ამისა, ე.წ „შპარგალკაზე“ და ვიდეოს ავტორის მიერ შევსებულ ბიულეტენზე ერთი და იმავე – „რესპუბლიკური პარტიის“ – კანდიდატებია გაფერადებული.
ვიდეოს ავტორის ბიულეტენი წინასწარ შევსებული ბიულეტენი
ვიდეოს ავტორის ბიულეტენი წინასწარ შევსებული ბიულეტენი
წინასწარ შევსებული ბიულეტენი
ლოიოლას სამართლის სკოლის პროფესორმა, ჯასტინ ლევიტმა, „ჯეოფაქტსს“ განუცხადა, რომ აშშ-ში ხშირია პარტიების მიერ ამომრჩევლისთვის წინასწარ შევსებული ბიულეტენების დარიგება, რომელიც შესაძლოა მოქალაქეებს ფოსტით დაეგზავნოთ ან საარჩევნო უბნიდან კონკრეტული მანძილის მოშორებით დაურიგდეთ. აშშ-ში მსგავსი წინასწარ შევსებული ბიულეტენები გაიგივებულია სხვა პარტიულ ბროშურებთან და რეკლამებთან, შესაბამისად, საარჩევნო უბნიდან კონკრეტულ მანძილზე მათი დისტრიბუცია კანონიერია.
„ბიულეტენების ნიმუშის შეთავაზება შესაძლებელია, მაგრამ ნებისმიერ ამომრჩეველს შეუძლია ისინი აიღოს და უგულებელყოს, თუ სურს ნაგავში გადააგდოს, ან საერთოდ უარი თქვას მათ აღებაზე. ნებისმიერ ამომრჩეველს შეუძლია უგულებელყოს წინასწარ შევსებული ბიულეტენების ნიმუშები და ხმა მისცეს ისე, როგორც მას სურს. ბიულეტენების ნიმუშებს ამომრჩევლები აღიქვამენ რეკლამად და არა ინსტრუქციად“, – განუცხადა „ჯეოფაქტსს“ პროფესორმა ლევიტმა.
აღსანიშნავია, რომ ბევრ შტატში პარტიების სააგიტაციო მასალის დარიგება საარჩევნო უბნების ახლოს ან საარჩევნო უბნის შიგნით აკრძალულია. პენსილვანიის შტატში, სადაც ვიდეო არის გადაღებული, მსგავსი მასალის, მათ შორის, შევსებული ბიულეტენების დარიგება უბნიდან 10 ფუტის, ანუ 3 მეტრის, რადიუსში არის აკრძალული.
გასათვალისწინებელია, რომ საქართველოსგან განსხვავებით, აშშ-ის მოქალაქეები ხმის მიცემის დროს არა ერთ პარტიას ან თანამდებობის პირს, არამედ ფედერალურ, შტატის და ოლქის დონის რამდენიმე თანამდებობის პირს ირჩევენ, ხოლო რამდენიმე შტატში კონკრეტულ კანონებთან დაკავშირებით რეფერენდუმებიც ტარდება. შესაბამისად, ერთ ბიულეტენზე რამდენიმე თანამდებობის კანდიდატი არის დაბეჭდილი. ვიდეოში ნაჩვენებ 2023 წლის პენსილვანიის მუნიციპალური არჩევნების ბიულეტენზეც ჩანს, რომ ამომრჩევლები ერთდროულად 14 სხვადასხვა თანამდებობის პირს ირჩევენ. ეს შესაძლოა, დამაბნეველი იყოს, ამიტომ პარტიები წინასწარ შევსებულ ბიულეტენებს არიგებენ, რათა, სურვილის შემთხვევაში, ამომრჩევლებს დაეხმარონ, კანდიდატებს მათი პარტიული კუთვნილების მიხედვით მისცენ ხმა. თუ ამომრჩეველი „რესპუბლიკელია“, ის „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებს წინასწარ შევსებულ ბიულეტენს გამოართმევს, რათა პარტიის ინტერესების შესაბამისად მისცეს ხმა, რაც ნებაყოფლობითია.
„კატეგორიულად აკრძალულია ნებისმიერი პირის მიმართ მუქარა, იძულება ან დაშინება, რომ კონკრეტულ კანდიდატს ხმა მისცეს ან თავი შეიკავოს ხმის მიცემისგან… ვინც საარჩევნო უბნის გარეთ ბიულეტენების ნიმუშებს არიგებს, ვერ ხედავს, თუ ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა უბნის შიგნით“, – განაცხადა პროფესორმა ლევიტმა.
ცნობები პენსილვანიაში ამომრჩეველთა ნებაზე არაკეთილსინდისიერად ზემოქმედების შესახებ მუქარის, დაშინების, მოსყიდვის ან სხვა გზით 2023 წლის მუნიციპალურ და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართული არცერთი მხარის მიერ გაჟღერებულა.
ის ფაქტიც, რომ ვიდეოს ავტორის მიერ შევსებულ ბიულეტენსა და მისთვის მიწოდებულ წინასწარ შევსებულ ბიულეტენზე „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატები არის გაფერადებული, მიუთითებს, რომ აღნიშნულმა პირმა მის მიერ ნახსენები ე.წ. „შპარგალკა“ „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებისგან აიღო და მის შესაბამისად საკუთარი ნებით მისცა ხმა.
აქედან გამომდინარე, მტკიცება, რომ აშშ-ში საარჩევნო უბნებთან ე.წ. „შპარგალკებს“ არიგებენ და ამიტომ არჩევნები თავისუფალი არ არის, მცდარია.
ხმის ფარულობა
ხმის ფარულობის საკითხი საქართველოში განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს საარჩევნო სუბიექტის გასწვრივ მდებარე მარკერით გაფერადებული წრე ბიულეტენის მეორე მხარეს მკაფიოდ ჩანდა და ხმის მთვლელ მანქანაში მისი შეცურებისას, ამომრჩევლის ნება იდენტიფიცირებადი იყო, რის გამოც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ იმ უბნის შედეგების გაბათილება მოითხოვა, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიებით ჩატარდა.
ვიდეოს ავტორის მტკიცება, რომ აშშ-ში არჩევნები არ არის ფარული და თავისუფალი, არასწორია. პირველ რიგში, აშშ-ში ხმის ფარულობა რამდენიმე მეთოდით არის დაცული. ამავდროულად, გასათვალისწინებელია კონტექსტი, რომ აშშ-ში ამომრჩევლის მოსყიდვის და დაშინების რისკი და შემთხვევები, მით უმეტეს, ხელისუფლების მხრიდან, არ არსებობს, რის გამოც ბიულეტენის ხმის მთვლელ აპარატში მოთავსებისას მის მომენტალურად გამოჩენას აშშ-ში ჩატარებული არცერთი არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია.
აშშ-ში საარჩევნო კანონმდებლობა, ხმის მიცემის პროცედურები, ტექნოლოგიები და მეთოდები ცენტრალიზებული არ არის. შესაბამისად, თითოეულ შტატსა და ოლქში განსხვავებული წესები მოქმედებს. მიუხედავად ამისა, ხმის ფარულობა 44 შტატის კონსტიტუციით გარანტირებულია. დანარჩენ 6 შტატსა და კოლუმბიის ოლქში, სადაც დედაქალაქი ვაშინგტონი მდებარეობს, ხმის ფარულობა კანონმდებლობით არის დაცული. აღნიშნული მტკიცების კონტექსტში რაც უფრო მნიშვნელოვანია, აშშ-ში ხმის ფარულობა პრაქტიკაში რამდენიმე მეთოდით არის უზრუნველყოფილი.
პირველ რიგში, ხმის მიცემის დროს ამომრჩევლის პირადი სივრცის დარღვევა და მისი დაფიქსირებული არჩევანის ნებართვის გარეშე ნახვა ფედერალური კანონებით, ისევე როგორც 1965 წლის „ხმის მიცემის უფლების“ აქტით (Voting Rights Act) და 2002 წლის „დაეხმარე ამერიკას ხმის მიცემაში“ აქტით (Help America Vote Act), ამავდროულად ინდივიდუალური შტატების კანონებით, ისჯება და დანაშაულის სიმძიმის მიხედვით, ფულად ჯარიმებს ან თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საარჩევნო უბნებში ინვენტარი ისე უნდა იყოს გადანაწილებული, რომ ხმის მიცემის პროცესში შესაძლებელი იყოს ამომრჩეველთა მოწესრიგებული ნაკადის მიღება და არსებობდეს გარემო, რომელიც საშუალებას მისცემს ამომრჩევლებს, ფარულად მისცენ ხმა. საარჩევნო უბნის მოწყობისას გათვალისწინებულია ამომრჩეველთა გადაადგილების სივრცეები და ფანჯრების განლაგება, რათა ხმის ფარულობა უზრუნველყოფილი იყოს.
ხმის მიცემის ფარულ კაბინაში შესვლამდე ამომრჩევლებს ბიულეტენთან ერთად ეძლევათ ე.წ. საიდუმლო საქაღალდე (Secrecy folder), რომლის საშუალებითაც ამომრჩევლებს აქვთ შესაძლებლობა, ხმის მთვლელ აპარატში საკუთარი ბიულეტენის შეცურების დროს ის დაფარონ. ამომრჩევლებისთვის საიდუმლო საქაღალდის დარიგების შესახებ ინფორმაცია პენსილვანიის შტატის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული. სტატიაში განხილული ვიდეო სწორედ პენსილვანიის შტატში არის გადაღებული.
ხმის მთვლელ აპარატებს ბიულეტენების მიღება შეუძლიათ უკუღმა ამოტრიალებულ ან 180 გრადუსით შემოტრიალებულ ფორმაში, რაც ბიულეტენზე დაფიქსირებული არჩევანის სხვა პირების მიერ გარჩევას ართულებს.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ აშშ-ში ჩატარებული არჩევნების დროს ერთ ბიულეტენზე რამდენიმე კანდიდატი ან კითხვა არის დაბეჭდილი. აქედან გამომდინარე, ამომრჩევლის მიერ დაფიქსირებული ყველა არჩევანის იდენტიფიცირება ბიულეტენის ხმის მთვლელ აპარატში მოთავსების დროს შეუძლებელია.
როგორც უკვე აღინიშნა, აშშ-ში გამოყენებული ხმის მიცემის მეთოდები და ტექნოლოგია შტატების და ოლქების მიხედვით განსხვავდება, თუმცა აშშ-ის მოქალაქეები ხმის მიცემის სამი ძირითადი მეთოდი არსებობს: 1. ბიულეტენზე სასურველი კანდიდატის გასწვრივ მართკუთხედის ან ოვალის ხელით გაფერადება და ბიულეტენის ხმის მთვლელ აპარატში მოთავსება; 2. ბიულეტენების მონიშვნის მოწყობილობა (Ballot Marking Device – BMD) მონიშვნა, რა შემთხვევაშიც ამომრჩეველი სასურველ კანდიდატებს ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით ირჩევს, რის შემდეგაც მოწყობილობა ამომრჩევლის დაფიქსირებული ხმის შესაბამისად ბიულეტენს ბეჭდავს. შევსებულ დაბეჭდილ ბიულეტენს ამომრჩეველი ხმის მთვლელ აპარატში ათავსებს; 3. პირდაპირი ჩაწერის ელექტრონული აპარატი (Direct Recording Electronic System – DRE), რა შემთხვევაშიც ამომრჩეველი საკუთარ არჩევანს პირდაპირ ელექტრონულ სისტემაში აფიქსირებს, რომელიც მოწყობილობის მეხსიერების ბარათში ან CD დისკში ინახება. 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხელით გაფერადების მეთოდი ამომრჩეველთა 69.9%-მა, ბიულეტენების მონიშვნის მოწყობილობა (BMD) 25.1%-მა, ხოლო პირდაპირი ჩაწერის ელექტრონული აპარატი (DRE) 5%-მა გამოიყენა.
DRE-ის შემთხვევაში ამომრჩეველი ფარულ კაბინაში, ელექტრონულ მოწყობილობაში აფიქსირებს საკუთარ არჩევანს. იმავე ფარულ კაბინაში განთავსებული იგივე ელექტრონული მოწყობილობა ითვლის ამომრჩევლის არჩევანს და შესაბამისად, ხმის ფარულობა დაცულია.
ბიულეტენების მონიშვნის მოწყობილობის (BMD) გარკვეული აპარატები ამომრჩევლის ნების შესაბამისად დაბეჭდილ ბიულეტენს ბეჭდავს, რომელსაც შემდგომ ამომრჩეველი ხმის მთვლელ აპარატში ათავსებს. აღსანიშნავია, რომ BMD-ები ამომრჩევლის დაფიქსირებულ ნებას ტექსტურად ბეჭდავს, რაც იმას ნიშნავს რომ ბიულეტენზე კანდიდატები გაფერადებული არ არის და არჩეული კანდიდატის სახელი და გვარი იბეჭდება. შესაბამისად, ბიულეტენზე ამომრჩევლის დაფიქსირებული ნების გარჩევა რთულდება. ამავდროულად, ამომრჩევლები დაბეჭდილ ბიულეტენს ხმის მთვლელ აპარატში უკუღმა ათავსებენ, რაც დაფიქსირებული არჩევანის გარჩევას შეუძლებელს ხდის.
ხმის ფარულობის საკითხის განხილვისას გასათვალისწინებელია აშშ-ში არსებული საარჩევნო გარემო, სადაც ამომრჩეველთა დაშინების, მუქარის და მოსყიდვის შემთხვევები ფაქტობრივად არარსებულია. აშშ-ის 2020 და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიას მსგავსი ფაქტები არ დაუფიქსირებია. დაფიქსირდა ულტრა-მემარჯვენე დაჯგუფებების წევრების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის, ჟურნალისტების და მაღალი თანამდებობის პირების მიმართ ონლაინ შევიწროებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ცალკეული ფაქტები. ასევე, ცალკეულ ოლქებში შეიარაღებულმა ულტრა-მემარჯვენე ჯგუფებმა, რომლებიც არჩევნების გაყალბების შესახებ შეთქმულების თეორიებს ავრცელებდნენ, საჯაროდ განთავსებული ბიულეტენების ყუთების მონიტორინგი დაიწყეს, რამაც ამომრჩევლებზე პოტენციური ზეწოლის შესახებ საფრთხეები გააჩინა (აშშ-ში ამომრჩევლებს ფოსტით ბიულეტენის წინასწარ მიღება შეუძლიათ, შევსებულ ბიულეტენს კი ან საჯაროდ განთავსებულ ყუთში ათავსებენ, ან ფოსტით აბრუნებენ). საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული მსგავსი შემთხვევების საპასუხოდ, განსაკუთრებით კონკურენტულ ოლქებში, უსაფრთხოების გაუმჯობესებული ზომები იქნა მიღებული და საარჩევნო უბნებთან პოლიციელების რაოდენობა გაიზარდა.
აშშ-ში ასევე არ დაფიქსირებულა საჯარო სექტორში დასაქმებულების და სოციალური დახმარების მიმღებების მიმართ მოსყიდვის ან დაშინების ფაქტები, არც ადგილობრივი და არც ფედერალური ხელისუფლების მხრიდან. აღსანიშნავია, რომ თავად საარჩევნო უბანზე ხმის მიცემისას, ამომრჩევლებზე ზეწოლის ან მათი დაშინების ბერკეტები არ არსებობს.
„იმ რამდენიმე შემთხვევაში, როდესაც შესაძლოა რომ საარჩევნო უბნის თანამშრომელმა მომენტალურად დაინახოს ბიულეტენზე დაფიქსირებული არჩევანი, თუ უბნის თანამშრომელი პირადად არ იცნობს ამომრჩეველს, შეუძლებელია ამომრჩევლის კონკრეტულ ბიულეტენთან დაკავშირება. მე, პირადად, არ მსმენია ისეთი შემთხვევის შესახებ, როდესაც უბნის თანამშრომელი პირადად იცნობდა ამომრჩეველს, დაინახა მისი არჩევანი და შემდგომ ამომრჩეველს პრობლემა შეექმნა“, – განაცხადა ლოიოლას სამართლის სკოლის პროფესორმა, ჯასტინ ლევიტმა, „ჯეოფაქტსთან“ გაკეთებულ კომენტარში.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, გავრცელებულ ვიდეოზე დაფუძნებით, აშშ-ში ჩატარებული არჩევნების იმგვარად შეფასება, რომ ის არ იყო თავისუფალი და ფარული, მცდარია.
საარჩევნო ტექნოლოგია
საარჩევნო უბანზე სადაც ვიდეო არის გადაღებული, ClearBallot-ის ხმის მთვლელი მოწყობილობა – ClearCast Go – არის განთავსებული. ბიულეტენის აპარატში მოთავსებისას, ვიდეოს ავტორი ამბობს, რომ აპარატი ხმას (ბიულეტენს) „თუ უნდა „დაარეჯექთებს“ [უარყოფს], თუ უნდა გაუშვებს“.
ClearBallot-ის აპარატი ვიდეოში ნაჩვენები აპარატი
ვიდეოს ავტორის მტკიცება უსაფუძვლოა. ის არ ასახელებს რაიმე ფაქტს ან მტკიცებულებას, რომელიც მის მტკიცებას ხმის მთვლელი აპარატის მიერ ხმების უსაფუძვლოდ უარყოფის შესახებ დაადასტურებდა.
ClearBallot-ის საინფორმაციო ვიდეოში აღნიშნულია, რომ ბიულეტენი აპარატში მოთავსების შემდეგ 2-3 წამში დასკანერდება, მისი სკანირებული სურათი ინახება და სპეციალურ დალუქულ ყუთში თავსდება. როდესაც აპარატი ბიულეტენს იღებს, ეკრანზე გამოისახება დასტურის ნიშანი, რომელიც ამომრჩეველს მოახსენებს, რომ მისი ხმა მიღებულია. იმ შემთხვევაში, თუ ბიულეტენზე რაიმე არასწორად არის მონიშნული, აპარატი ამომრჩეველს აფრთხილებს და შესწორების შეტანის ან ბიულეტენის გამოცვლის საშუალებას აძლევს. თუ ამომრჩეველი შესწორებას არ შეიტანს ან ბიულეტენს არ გამოცვლის, აპარატი ამომრჩევლის სურვილის შემთხვევაში, ბიულეტენს მაინც მიიღებს, თუმცა ხმა არ დაითვლება.
ბიულეტენის მიღების შემდეგ აპარატი ე.წ. „ქაღალდის კვალს“ ინახავს. შესაბამისად, მიღებული ბიულეტენის ციფრული და ფიზიკური სამხილი რჩება, რაც ამომრჩევლის დაფიქსირებული ნების ოფიციალურ შედეგებზე ასახვას უზრუნველყოფს.
2019 წელს პენსილვანიის შტატის მიერ კომპანია „ClearBallot-ის“ ტექნოლოგიების ტესტირება ჩატარდა. სერტიფიცირების დასკვნაში (მე-11 გვერდი) აღნიშნულია, რომ „ClearVote 1.5 სისტემის ყველა კომპონენტის გამოყენება ადასტურებს, რომ ისინი აკმაყოფილებენ პენსილვანიის საარჩევნო კოდექსის ყველა შესაბამის მოთხოვნას… ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა ამომრჩეველს აძლევს საშუალებას, ხმა მისცეს იმ კანდიდატებს და საარჩევნო ბიულეტენზე დატანილ იმ კითხვებს, რომლებზეც მას აქვს ხმის მიცემის უფლება“ (თარგმანი შესრულებულია „ჯეოფაქტსის“ მიერ).
2022 წელს კომპანია „ClearBallot-ის“ სისტემების აუდიტი ჩაატარა აუდიტორულმა კომპანია „Pro V&V-მ“, რომელსაც საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამოყენებული ელექტრონული ტექნოლოგიების აუდიტიც აქვს ჩატარებული. „Pro V&V-ის“ მიერ ჩატარებული სიზუსტის ტესტის შედეგად დადგინდა, რომ ClearCount აპარატმა ხმების დათვლისას სიზუსტის სტანდარტები დააკმაყოფილა (31-ე გვერდი), რაც იმას ნიშნავს, რომ აპარატი მიღებულ ხმებს სწორად ითვლიდა.
აქედან გამომდინარე, ვიდეოში გაჟღერებული მტკიცება, რომ აშშ-ში გამოყენებული ხმის მთვლელი აპარატი ხმას „თუ უნდა „დაარეჯექთებს“ [უარყოფს], თუ უნდა გაუშვებს“, ასევე ყალბია.
საბოლოო ჯამში, ვიდეოს ავტორის მტკიცება, რომ აშშ-ში უცნობი ჯგუფები საარჩევნო უბნებთან ამომრჩევლებისთვის წინასწარ შევსებული ბიულეტენების დარიგებით მათ ნებაზე მოქმედებენ და ამის გამო აშშ-ში არჩევნები თავისუფალი არ არის, მცდარია, რადგან წინასწარ შევსებული ბიულეტენების დარიგება პარტიული სააგიტაციო აქტივობის ნაწილია და გამოიყენებს, თუ – არა ამომრჩეველი სახელმძღვანელოდ, მთლიანად მასზე არის დამოკიდებული. ვიდეოს ავტორი ასევე ამტკიცებს, რომ აშშ-ში ხმის მიცემა ფარული არ არის. პენსილვანიაში, სადაც ვიდეო არის გადაღებული, საარჩევნო უბნის თანამშრომლები ამომრჩევლებს საიდუმლო საქაღალდეს აძლევენ, რათა ბიულეტენის ხმის მიცემის აპარატში მოთავსებისას, ამომრჩევლის დაფიქსირებული ნება ფარული იყოს. აშშ-ში ხმის ფარულობა სტატიაში ნახსენები სხვადასხვა მეთოდითაც არის დაცული. შესაბამისად, მტკიცება, რომ აშშ-ში ხმის ფარულობა არ არის დაცული, ასევე მცდარია.
და ბოლოს, ვიდეოს ავტორის მტკიცება, რომ ვიდეოში ნაჩვენები ხმის მთვლელი აპარატი ამომრჩევლის ბიულეტენებს უსაფუძვლოდ უარყოფს, ასევე მცდარია. ვიდეოს ავტორს არ მოჰყავს რაიმე ფაქტი ან მტკიცებულება, რაც მის ნათქვამს დაადასტურებდა. რაც შეეხება ხმის მიცემის აპარატს, ის ეკუთვნის კომპანია „ClearBallot-ს“ და როგორც პენსილვანიის შტატის, ასევე დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიის მიერ არის გადამოწმებული. აპარატის სერტიფიცირების და აუდიტის დროს ხმების რაოდენობის აკურატულად დათვლასთან დაკავშირებით ხარვეზი არ დაფიქსირებულა.