2024 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანიებმა „რუსთავი 2“, „TV იმედი“, ინტერნეტგამოცემამ „InfoPostalioni“ საკუთარ Facebook-გვერდზე პოსტები, ხოლო ინტერნეტგამოცემებმა „Xnews“, „ლიდერი“, „ExclusiveTv“ და „Primetime“ სტატიები გამოაქვეყნეს, რომლებშიც აღნიშნეს, რომ საქართველო მსოფლიო მმართველობის ინდიკატორებით, კანონის უზენაესობის შეფასებით, ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას და ნატოს წევრ 5 სახელმწიფოს უსწრებს.
„რუსთავი 2-ის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში კი ვკითხულობთ, რომ „საქართველო კანონის უზენაესობის შეფასებით უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას და ნატოს წევრ 5 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია ევროკავშირის წევრი ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, თურქეთი, მოლდოვა, უკრაინა, ბოსნია ჰერცეგოვინა. კანონის უზენაესობით, საქართველო პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს შორის მეოთხე ადგილზეა ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ და შავიზღვისპირეთში მხოლოდ რუმინეთს ჩამორჩება“.
„რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები სწორია, თუმცა უგულებელყოფილია ის ფაქტი, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ქულა მცირდება. საქართველო კანონის უზენაესობის 2023 წლის რეიტინგში 214 სახელმწიფოს შორის 97-ე ადგილზე იმყოფება (იხილეთ მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები შემდეგ ბმულზე) ის ევროკავშირის ყველა კანდიდატ სახელმწიფოს (უკრაინა, მოლდოვა, თურქეთი, სერბეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ბოსნია-ჰერცეგოვინა და ალბანეთი) მართლაც უსწრებს. ამასთანავე, საქართველო ნატოს წევრ 5 სახელმწიფოსაც (ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, თურქეთი და ბულგარეთი) უსწრებს. საქართველო ასევე უსწრებს ყველა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს, გარდა ბალტიისპირეთის სახელმწიფოებისა (ლიტვა, ლატვია და ესტონეთი) და შავი ზღვის რეგიონში მართლაც მხოლოდ რუმინეთს ჩამორჩება.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ბოლო წლებში საქართველოში კანონის უზენაესობის თვალსაზრისით უარყოფითი ტენდენციები შეინიშნება. ყველაზე მაღალი რეიტინგი კანონის უზენაესობის კუთხით (მსოფლიო მმართველობის ინდიკატორი) 2016 წელს ჰქონდა და 0.34-ს შეადგენდა. მას შემდეგ სერიოზულ დაღმასვლას ვხედავთ. კერძოდ, საქართველოს რეიტინგი 2017-ში – 0.26-ს, 2018-ში – 0.27-ს, 2019-ში – 0.25-ს, 2020-ში – 0.22-ს, 2021-ში – 0.14-ს, 2022-ში – 0.17-ს და 2023-ში 0.18-ს შეადგენდა.
როგორც ვხედავთ, 2016 წლიდან საქართველოს რეიტინგი ნელ-ნელა მცირდებოდა და 2023 წლისთვის თითქმის განახევრდა კიდეც.
ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს კანონის უზენაესობის ნაწილში უარყოფითი ტენდენციის შესახებ არაფერს ამბობს და მხოლოდ იმ ნაწილს აშუქებს, სადაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებსა და ნატოს წევრ ქვეყანაზე მეტი შეფასება აქვს.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პროსახელისუფლებო მედიები ცალკეულ რეიტინგებს იყენებენ მანიპულაციურად, საზოგადოებრივი აზრის შეცდომაში შესაყვანად. სხვადასხვა რეიტინგის მსგავს გამოყენებაზე „ჯეოფაქტსი“ აქამდეც წერდა.