Home » მანიპულაციაა „ქართული ოცნების“ მტკიცება, რომ ევროკავშირის გაფართოების ანგარიში საქართველოს პროგრესზე მიუთითებს
გადამოწმებული ფაქტები ვერდიქტები მცდარი

მანიპულაციაა „ქართული ოცნების“ მტკიცება, რომ ევროკავშირის გაფართოების ანგარიში საქართველოს პროგრესზე მიუთითებს

ევროკავშირის 2024 წლის გაფართოების პაკეტი

2024 წლის 30 ოქტომბერს ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც გაფართოების პოლიტიკაში ჩართული ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მდგომარეობასა და პროგრესს აფასებს (იხილეთ ანგარიში საქართველოს შესახებ, კომუნიკაცია გაფართოების ანგარიშსა და პოლიტიკასთან დაკავშირებით, პრეს-რელიზი გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით).

ევროკავშირის 2024 წლის გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით ნიკოლოზ სამხარაძისა და საქართველოში ნიდერლანდების ელჩის განცხადებები და პასუხები

ანგარიშთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ, პლატფორმა X-ზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: „საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიის გაფართოების ანგარიში ბოლო 12 თვის განმავლობაში გაფართოების 35 თავიდან 25-ში სხვადასხვა დონის პროგრესს აღნიშნავს. შესაბამისად, ბრალდებებისა და სპეკულაციების საპირისპიროდ, საქართველო ევროკავშირის გზაზე პროგრესირებს და ფუნდამენტური უფლებების თავში კვლავ უსწრებს ბოსნიასა და ჰერცეგოვინას, მოლდოვასა და უკრაინას“.

სამხარაძის აღნიშნულ განცხადებას პლატფორმა X-ზე უპასუხა საქართველოში ნიდერლანდების ელჩმა, მელინე არაკლეიანმა: „არა, ბატონო ნიკოლოზ სამხარაძე, ეს ასე არ არის. საქართველო არ პროგრესირებს ევროკავშირის გზაზე მანამ, სანამ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში უკუსვლაა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი ამის გამოა შეჩერებული“.

ნიკოლოზ სამხარაძემ ნიდერლანდების ელჩის განცხადებას ასევე უპასუხა პლატფორმა X-ზე: „რა კუთხითაც არ უნდა შეხედო, 25 თავში პროგრესი პროგრესია. თქვენი ლოგიკის მიხედვით, ასოცირების შეთანხმება პროგრესი საერთოდ არ არის. რაც შეეხება კანონებს, ეს არ არის დიპლომატების/პოლიტიკოსების მოვალეობა, რომ შეაფასონ კანონები, როგორც არადემოკრატიული, არამედ ეს სასამართლოების საქმეა. ამიტომ დავუცადოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას“.

ნიკოლოზ სამხარაძის გარდა, „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებმაც ევროკავშირის გაფართოების ანგარიში საქართველოსთვის პოზიტიურ შეფასებად წარმოადგინეს. მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა: „გუშინ გამოქვეყნდა ევროკომისიის გაფართოების ანგარიში, სადაც საუბარია საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. საერთო შეფასებით, საქართველო პროგრესირებს ევროკავშირში წევრობის გზაზე. ჩვენ დადებითად ვაფასებთ ევროკომისიის ანგარიშს“.

რას ამბობს გაფართოების პაკეტი სამხარაძისა და „ქართული ოცნების“ ლიდერების მტკიცებებთან დაკავშირებით?

ევროკომისიის კომუნიკაციის თანახმად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, რომელიც 9 ნაბიჯის შესრულების პირობით განხორციელდა, ხელისუფლების მხრიდან არ მოჰყოლია საკმარისი პოლიტიკური ერთგულება, რომ ევროკავშირის გზაზე ქვეყნის პროგრესისთვის საჭირო რეფორმები განეხორციელებინათ (კომუნიკაციის მე-17 პუნქტი).

ასევე, ევროკომისიის თანახმად, „2024 წლის გაზაფხულიდან საქართველოს მთავრობის მიერ არჩეული კურსი საქართველოს ევროკავშირის გზას აზიანებს და დე ფაქტო მის შეჩერებას იწვევს“. კერძოდ, 28 აპრილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება და 17 სექტემბერს ოჯახური ღირებულებებისა და მცირეწლოვნების დაცვის შესახებ კანონების პაკეტის მიღება ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის ევროკავშირის გზისადმი ერთგულებას. აღნიშნულ კანონთან ერთად საქართველოს ევროკავშირის ტრაექტორიის შეცვლის მიზეზად ევროკავშირი ასახელებს საქართველოს ოფიციალური პირების მხრიდან მომდინარე ძლიერ ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივებს. შედეგად, კომუნიკაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერდა.

ამასთან, გაფართოების პაკეტის თანახმად, საქართველომ 2023 წლის გაფართოების კომუნიკაციით განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულებაში უმნიშვნელო პროცესს მიაღწია. სწორედ 9 ნაბიჯის შესრულება იყო ის კრიტერიუმი, რომლის შესრულების შემთხვევაშიც საქართველოს გაწევრიანების შემდგომ ეტაპზე – ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების ეტაპზე – გადავიდოდა.

აქედან გამომდინარე, ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ რეკომენდაცია არ გაუწია, რაც კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ ეტაპს წარმოადგენს. ამდენად, სამხარაძის და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების მტკიცებები, რომ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის თანახმად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პროგრესირებს, ტყუილია, რადგან, პირიქით, მასში აღნიშნულია, რომ საქართველოს შემდეგ ეტაპზე გადასვლას რეკომენდაციას არ უწევს და გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია.

ცხრა ნაბიჯის შესრულების შეფასება ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში

ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის თანახმად, ცხრა ნაბიჯი ძირითადად, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროებში რეფორმებს უკავშირდება. ამ მიმართულებითაც გაფართოების ანგარიში საკმაოდ კრიტიკულია. ჯამში შეფასებულია, რომ პროგრესი მხოლოდ უმნიშვნელო იყო. გაფართოების ანგარიშში 9 ნაბიჯის შესრულების შეფასებაში ბევრგან, პირიქით, რეგრესი იკითხება:

  • პირველი ნაბიჯის შემთხვევაში, პირიქით გაიზარდა ევროკავშირთან დაკავშირებული საინფორმაციო მანიპულაციები, მათ შორის მმართველი პარტიისა და მთავრობასთან აფილირებული მედიის მხრიდან;
  • მეორე ნაბიჯის შესახებ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს შესაბამისობის დონე ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაბალი რჩება;
  • მესამე ნაბიჯის შესახებ აღნიშნულია, რომ პოლარიზაცია, პირიქით, კიდევ უფრო გაღრმავდა;
  • მეოთხე ნაბიჯთან დაკავშირებით უარყოფითად ფასდება არჩევნებამდე განხორციელებული საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები და ყურადღებაა გამახვილებული ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე, რამაც საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე უარყოფითად იმოქმედა;
  • მეხუთე ნაბიჯთან დაკავშირებით უარყოფითად ფასდება უსაფრთხოებისა და სხვა სექტორების საპარლამენტო ზედამხედველობისა და ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ირგვლივ არსებული მდგომარეობა;
  • მეექვსე ნაბიჯის შესახებ ანგარიშში ნათქვამია, რომ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული რეფორმები ევროკავშირის მოთხოვნებსა და სტანდარტებს არ პასუხობს და სასამართლო სისტემაში არსებული სხვადასხვა პრობლემაზეა ყურადღება გამახვილებული;
  • მეშვიდე ნაბიჯის ფარგლებში ანტიკორუფციული კანონმდებლობა, პოლიტიკა, ზომები, ინსტიტუტების ხელმძღვანელების დანიშვნის პროცედურები და გამოძიებების, მათ შორის, ფართომასშტაბიანი მიყურადების საქმის, არარსებობა, უარყოფითადაა შეფასებული;
  • მერვე ნაბიჯის შესახებ ნათქვამია, რომ მთავრობის დეოლიგარქიზაციის გეგმაში ნაკლოვანებებია, ხოლო მასთან დაკავშირებულ სფეროებში მიღებული კანონები საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებს არ შეესაბამება;
  • მეცხრე ნაბიჯში, ძირითადად, საუბარია, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ გადადგმული ნაბიჯები არასაკმარისია, მიღებული კანონები, პირიქით, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების შესახებ ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს და სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობას აუარესებს.

შესაბამისად, 9 ნაბიჯის შესრულების მხრივ ანგარიში ძირითადად უარყოფითია და უფრო მეტად რეგრესზე მიუთითებს, ვიდრე რაიმე არსებით პროგრესზე.

კოპენჰაგენის კრიტერიუმები და ფუნდამენტური უფლებების საკითხის მნიშვნელობა საქართველოს გაწევრიანების კონტექსტში

ამავე კონტექსტში მნიშვნელოვანია ევროპული საბჭოს მიერ 1993 წელს დამტკიცებული ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმები – ცნობილი როგორც „კოპენჰაგენის კრიტერიუმები“ – რომელთა დაკმაყოფილებაც ევროკავშირის წევრობისთვის სავალდებულოა. ესენია:

  • ინსტიტუტების სტაბილურობა, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და უმცირესობების პატივისცემასა და დაცვას (პოლიტიკური კრიტერიუმი),
  • ფუნქციური საბაზრო ეკონომიკა და უნარი, გაუმკლავდეს ევროკავშირში არსებულ კონკურენციისა და საბაზრო ძალების ზეწოლას (ეკონომიკური კრიტერიუმი),
  • უნარი, იკისროს წევრობის ვალდებულებები, მათ შორის იმ წესების, სტანდარტებისა და პოლიტიკების ეფექტური აღსრულების შესაძლებლობა, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობას შეადგენს, და [ევროპის] კავშირის პოლიტიკური, ეკონომიკური და მონეტარული მიზნებისადმი ერთგულება (სამართლებრივი კრიტერიუმი).

პირველი კრიტერიუმი სწორედ ფუნდამენტური უფლებების საკითხებს – დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებისა და უმცირესობების პატივისცემას – ითვალისწინებს, რაც 9 ნაბიჯშია ასახული. აღნიშნულ ნაწილში პროგრესის არარსებობა და პირიქით – უკუსვლა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას შეუძლებელს ხდის.

გაფართოების კომუნიკაციაში აღნიშნულია, რომ გაფართოების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ფუნდამენტურ საკითხებს ენიჭება, რომლებიც უკავშირდება დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებს. ხოლო გაფართოების ანგარიშის თანახმად, სასამართლოსა და ფუნდამენტური უფლებების თავში (23-ე თავი) საქართველოს უკუსვლა ჰქონდა.

ფუნდამენტური უფლებების საკითხის მნიშვნელობას ხაზს უსვამენ ევროკავშირის წარმომადგენლებიც. ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, 30 ოქტომბერს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის ანგარიშზე საუბრისას, სასამართლო სისტემისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებებთან დაკავშირებულ მდგომარეობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა: „ნება მიბოძეთ, მკაფიოდ ვთქვა: ეს უკუსვლა [სასამართლო სისტემასა და ფუნდამენტურ უფლებებში] უპრეცედენტოა ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის“.

აღსანიშნავია, აგრეთვე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის, განცხადება, რომლის მიხედვითაც, ევროკომისიის ანგარიში საქართველოს მთავრობას სთავაზობს ევროკავშირთან დაახლოების მკაფიო გზას პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში: „საქართველომ ჩაატარა საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც მნიშვნელოვანი დარღვევებით გამოირჩეოდა და ამაზე აუცილებელია გამჭვირვალე და დამოუკიდებელი გამოძიება და რეაგირება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელ დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად, მაგრამ არც საწინააღმდეგო პოზიცია დაუკავებიათ. აქედან გამომდინარე, საჭიროა გამოძიება, რათა ცხადი გახდეს, რა მოხდა, რამდენად ხშირი იყო დარღვევები და როგორ იმოქმედა ამან არჩევნების შედეგზე. ეს აძლიერებს იმ ტენდენციას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ბოლო თვეებში ვხედავთ: ქვეყანა დაშორდა ევროკავშირს, მის ღირებულებებსა და პრინციპებს. ჩვენი ანგარიში გვთავაზობთ მკაფიო გზას ევროკავშირთან ხელახალი დაახლოებისთვის, თუ საქართველოს ხელმძღვანელობას ამის პოლიტიკური ნება ექნება, ესენია: „უცხოური გავლენის [გამჭვირვალობის] შესახებ“ კანონის გაუქმება, რაც დამთრგუნველ ზეგავლენას ახდენს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციებზე, ასევე ე.წ. „ოჯახის ღირებულებების შესახებ“ კანონის გაუქმება, რადგან დისკრიმინაცია მიუღებელია ჩვენს ევროპულ ოჯახში. ეს იქნებოდა საქართველოს ხელმძღვანელობის მხრიდან კონკრეტული ვალდებულების პირველი ნიშნები”.

ფუნდამენტური უფლებების თავზე კომენტირებისას, სამხარაძე მხოლოდ საქართველოს მზადყოფნის დონეს ადარებს სამი სხვა კანდიდატი ქვეყნის დონეს და თავად საქართველოს უკუსვლის ფაქტს ყურადღების მიღმა ტოვებს. მის მიერ მოცემული შედარებაც ასევე არასწორია. სამხარაძის მტკიცებით, საქართველო „ფუნდამენტური უფლებების თავში კვლავ უსწრებს ბოსნიასა და ჰერცოგოვინას, მოლდოვასა და უკრაინას“. რეალურად, საქართველოს შეფასების დონე 23-ე თავში არის „მზადყოფნის გარკვეული დონე“ და „უკუსვლა“, ხოლო ბოსნიასა და ჰერცოგოვინას შემთხვევაში ევროკავშირის შეფასება არის „მზადყოფნის გარკვეული დონე“ და „შეზღუდული პროგრესი“, მოლდოვის შემთხვევაში არის „მზადყოფნის გარკვეული დონე“ და „გარკვეული პროგრესი“, ხოლო უკრაინის შემთხვევაში არის „მზადყოფნის გარკვეული დონე“ და „გარკვეული პროგრესი“. ამდენად, შედარების ნაწილში სამხარაძის მტკიცება ტყუილია, რადგან მის მიერ დასახელებულ სამივე კანდიდატ ქვეყანას 23-ე თავში ჯამურად იგივე მზადყოფნის დონე აქვთ, რაც საქართველოს, მაგრამ შეზღუდული ან გარკვეული პროგრესი, მაშინ როდესაც საქართველოს უკუსვლა უფიქსირდება.

25 თავში პროგრესის საკითხი

სამხარაძის განცხადების ნაწილი, სადაც ის 35 თავიდან 25 თავში პროგრესზე საუბრობს, ფაქტობრივად ზუსტია, თუმცა აკლია მნიშვნელოვანი კონტექსტი პროგრესის ხარისხთან დაკავშირებით, კერძოდ, არც ერთ თავში საქართველოს „კარგი პროგრესი“ არ უფიქსირდება. ტექნიკურად, ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის ფარგლებში უფრო ზუსტი იქნება 33 თავში პროგრესის განხილვა, რადგან ევროკავშირის კანონმდებლობის 34-ე თავი ევროკავშირის შიდა ინსტიტუციურ და პროცედურულ წესებს უკავშირდება, ხოლო 35-ე თავი ფარავს სხვადასხვა საკითხს, რომელიც წინა თავებში არაა გათვალისწინებული, მაგრამ გაფართოების მოლაპარაკებების დროს შეიძლება გამოიკვეთოს. ამ ეტაპზე ასეთი საკითხები გამოკვეთილი არაა და 35-ე თავი გაფართოების მოლაპარაკებების ბოლოს განიხილება, ხოლო 34-ე თავი ევროკავშირის გაწევრიანების მომენტში არის რელევანტური. შესაბამისად, ისინი აღნიშნულ გაფართოების პაკეტში განხილული და შეფასებული არ ყოფილა.

აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ ზოგი ლიდერი მოცემულ საკითხს არასწორად წარმოაჩენს, როგორც კარგ პროგრესს. მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის, განცხადებით, „ევროკომისიის შეფასებით, 35 თავიდან, გასული ერთი წლის მანძილზე საქართველომ კარგი პროგრესი დააფიქსირა 12 თავზე, ხოლო გარკვეული პროგრესი 13 თავზე“). რეალურად, საქართველოს კარგი პროგრესი არც ერთ თავში არ დაუფიქსირებია, არამედ მხოლოდ „შეზღუდული პროგრესი“ და „გარკვეული პროგრესი“. კონტექსტის ეს მნიშვნელოვანი ნაწილი სამხარაძის განცხადებაშიც გამოტოვებულია. რეალურად, შეზღუდული პროგრესი ევროკავშირის მეთოდოლოგიაში მაღალ შეფასებას არ წარმოადგენს და ის მთავრობის კარგ მუშაობაზე არ მიუთითებს. მასზე დაბალი შეფასებებია მხოლოდ: „პროგრესი არაა“ და „უკუსვლა“, ხოლო უფრო მაღალი შეფასებები: „გარკვეული პროგრესი“, „კარგი პროგრესი“ და „ძალიან კარგი პროგრესი“. პაპუაშვილი თავის განცხადებაში ევროკომისიის მიერ „შეზღუდულ პროგრესად“ შეფასებულ საკითხებს „გარკვეულ პროგრესად“ წარმოაჩენს, ხოლო ევროკომისიის მიერ „გარკვეულ პროგრესად“ შეფასებულ საკითხებს „კარგ პროგრესად“, რის გამოც პაპუაშვილის განცხადება მცდარია.

ასოცირების ხელშეკრულება და DCFTA საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში

გაფართოების პაკეტში ასევე აღნიშნულია, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების  (DCFTA) შესრულებით საქართველო ევროკავშირის საკანონმდებლო ჩარჩოს უახლოვდება, რაც ხსნის მხარეებს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის ღია გარემოს. სამხარაძის მტკიცება, რომ ნიდერლანდების ელჩის ლოგიკით, „ასოცირების შეთანხმება პროგრესი საერთოდ არ არის“, შესაძლებელია ამ კუთხით  იქნას განხილული. ასოცირებისა და DCFTA-ს შესრულება ხელს უწყობს საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზებას ევროკავშირის საკანონმდებლო ბაზასთან, რაც ვაჭრობასა და ეკონომიკურ ურთიერთობებს გაამარტივებს; საკანონმდებლო დაახლოება საჭიროა ევროკავშირში შესვლისთვის, მაგრამ ასოცირების შეთანხმება (DCFTA-ს ჩათვლით) არ მოიაზრებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ამასთან, ის ჯერ კიდევ მაშინაა მიღებული, როდესაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის განაცხადი გაკეთებული არ ჰქონდა და არც ევროკავშირი აღიარებდა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას (ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას). შესაბამისად, ასოცირებისა (და DCFTA-ს) სრულად შესრულების შემთხვევაშიც კი თუ საქართველოს ფუნდამენტური უფლებების საკითხებში პროგრესს არ აჩვენებს და ვერ შეძლებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებული სტატუსიდან კვლავ აქტიური გახადოს, ის ევროკავშირში მაინც ვერ გაწევრიანდება.

მიუხედავად იმისა, რომ ასოცირების ხელშეკრულების შესრულება გაწევრიანებისთვის აუცილებელ საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზებას მოიაზრებს, თუ გაწევრიანების პროცესი შეჩერებული იქნება და ფუნდამენტურ საკითხებში პროგრესი არ მოხდება, ასოცირების შესრულებაში პროგრესი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ უზრუნველყოფს. ე.ი., ნიდერლანდების ელჩის განცხადების პასუხად, რომელიც უშუალოდ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე მიუთითებს, სამხარაძის კომენტარი („თქვენი ლოგიკის მიხედვით, ასოცირების შეთანხმება პროგრესი საერთოდ არ არის“ ) მანიპულაციურია, რადგან არსებულ კონტექსტში ის არსებითად იმავე პროგრესზე არ საუბრობს. სამხარაძე ასევე ამტკიცებს, რომ რა კუთხითაც არ უნდა შეაფასო, 25 თავში პროგრესი პროგრესია – რეალურად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით 2024 წლის გაფართოების პაკეტის შეხედვის შემთხვევაში, ანგარიში არა საქართველოს პროგრესზე, არამედ რეგრესზე მიუთითებს.

სადავო კანონების საკითხი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში

ევროკავშირის მიერ დასახელებული მოთხოვნების პასუხად „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, განაცხადა, რომ „გავაგრძელებთ ევროპისკენ სვლას ზუსტად ისე, როგორც აქამდე … ვერავინ გაბედავს, რომ საქართველო მოუწოდოს „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ გააუქმოს, LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი გააუქმოს, რასაც არ ვიზამთ. თუ ვიღაცას მიაჩნია, რომ ევროპული ღირებულებაა LGBT პროპაგანდა, ჩვენ ამ ღირებულებებს არ გავითვალისწინებთ არასდროს! ხელიც რომ შეგვიშალოს დროებით რაღაცაში, ჩვენ ამ „ღირებულებას“ არ გავითვალისწინებთ. გვირჩევნია, 2-3 წლით დაგვაგვიანდეს რაღაც, მაგრამ LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონს არასდროს გავაუქმებთ!“. მისი მტკიცება, რომ არადემოკრატიული კანონების გაუქმებაზე უარი მხოლოდ 2-3 წლით ევროკავშირში გაწევრიანების დაგვიანებას გამოიწვევს, აბსურდული და ტყუილია.

ევროკავშირის გაფართოების პაკეტის თანახმად, საქართველო უნდა დაუბრუნდეს ცხრა ნაბიჯის შესრულებას, მათ შორის გამოასწოროს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრის დაბალი დონე, და ეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. ასევე, საქართველომ უნდა გააუქმოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და ოჯახური ღირებულებებისა და მცირეწლოვნების დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი, და თავი შეიკავოს სხვა იმგვარი აქტივობებისგან, რაც აზიანებს კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებს და სანაცვლოდ, განაახლოს გენდერული თანასწორობის მიღწევის მცდელობები. ევროკომისიის თანახმად, თუ საქართველო არ შეცვლის მის ახლანდელ ქმედებათა კურსს, რომელიც ევროკავშირის გზას აზიანებს, და აჩვენებს ხელშესახებ მცდელობებს მნიშვნელოვან შეშფოთების საკითხებთან და საკვანძო რეფორმებთან დაკავშირებით, კომისიას არ შეეძლება საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით რეკომენდაციის გაწევა.

ეს ნიშნავს, რომ, მამუკა მდინარაძის, ნიკოლოზ სამხარაძისა და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლების პათოსის საპირისპიროდ, თუ საქართველო ზემოხსენებულ კანონებს არ გააუქმებს და ცხრა პრიორიტეტის შესრულებაში არსებით პროგრესს არ აჩვენებს, სხვა საკითხებში პროგრესის მიუხედავად, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ეტაპზე ვერ გადავა და ამდენად, გაწევრიანების გზაზე პროგრესი აღარ ექნება.

რეალურად, ზემოთ განხილულიდან აშკარაა, რომ ევროკავშირი არსებული კანონების და მოქმედებათა კურსის შეცვლაზე უარის თქმის შემთხვევაში საქართველო ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებს და შესაბამისად, წევრიც ვერ გახდება. მეტიც, საქართველო ვერ შეძლებს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე გადასვლას, რაც ნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველო შემდეგ ეტაპზე ვეღარ გადავა და ამ მხრივ, პროგრესი აღარ ექნება. ევროკავშირის ელჩის განცხადებით, „იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ, გარდაქმნათ საქართველო ერთპარტიულ სახელმწიფოდ, აკრძალოთ ყველა ოპოზიციური პარტია, განდევნოთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და დაუშვებთ, რომ საქართველო იყოს ადგილი, სადაც თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას ადგილი არ აქვს – საქართველო ევროკავშირის წევრი არ გახდება. არც დღეს, არც ხვალ და 2030-ში … გთხოვთ, პატივი ეცით იმას, რომ ევროკავშირი შექმნილია კონკრეტულ ღირებულებებზე. ეს არის თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები. ეს ღირებულებები მოლაპარაკების საგანი არ არის“.

შესაბამისად, როგორც ევროკავშირის ელჩმაც განმარტა, ევროკავშირისთვის გაწევრიანების პროცესში ფუნდამენტური უფლებების კრიტერიუმების დაკმაყოფილება საკვანძო საკითხია, მასზე რაიმე კომპრომისი არ იქნება და კრიტერიუმის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ქვეყანა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება (ბუნებრივია, ეს ეხება 2-3 წლის დაგვიანებით ევროკავშირში გაწევრებასაც).

ვის შეუძლია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში აღნიშნული კანონების შეფასება?

ნიკოლოზ სამხარაძის კიდევ ერთი მტკიცების თანახმად, „ეს არ არის დიპლომატების/პოლიტიკოსების მოვალეობა, რომ შეაფასონ კანონები, როგორც არადემოკრატიული, არამედ ეს სასამართლოების საქმეა. ამიტომ, დავუცადოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას“. აღნიშნული მტკიცება ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში ასევე რეალობას აცდენილია.

ბუნებრივია, პოლიტიკოსს კანონის შეფასება შეუძლია, ისევე როგორც დიპლომატს შეუძლია კანონი შეაფასოს, რა დროსაც ის კანონთან დაკავშირებით ქვეყნის ოფიციალურ პოზიციას აფიქსირებს. ასევე, ევროკავშირში გაწევრიანება სამართლებრივთან ერთად პოლიტიკური პროცესიცაა. მოცემული სადავო კანონები, როგორც ეს გაფართოების პაკეტში და ევროკავშირის ოფიციალური პირების განცხადებებშია აღნიშნული, ევროკავშირის ღირებულებებსა და საკანონმდებლო ბაზას ეწინააღმდეგება და ისინი სამართლებრივი თვალსაზრისითაც შეუძლებელს ხდის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რაც შეეხება განცხადების იმ ნაწილს, რომ კანონების დემოკრატიულობას სასამართლო შეაფასებს, აქ სამხარაძე, სავარაუდოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე დავაზე მიუთითებს. თუმცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო რეალურად აფასებს მხოლოდ კანონის შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციასთან და არა ევროკავშირის ღირებულებებსა და კანონმდებლობასთან. აღნიშნულ კანონებთან დაკავშირებით, ევროკავშირმა საკუთარი ოფიციალური შეფასება უკვე გააკეთა და გააჟღერა, რომლის მიხედვითაც, მათი გაუქმება აუცილებელი წინაპირობაა, რომ საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პროგრესი განაგრძოს. მაგალითად, ჰიპოთეტურ სცენარში საქართველოს პარლამენტმა შეიძლება მიიღოს ევროკავშირში არსებულის საწინააღმდეგო ეკონომიკური რეგულაცია და ის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისი იყოს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ გააუქმოს, თუმცა კანონი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მაინც ხელს შეუშლის.

ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის დაცდა ამ მხრივ რაიმე გამოსავალს არ წარმოადგენს, რადგან ევროკავშირი მისი ღირებულებებისა და საკანონმდებლო ბაზის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით არ მსჯელობს და არ იღებს გადაწყვეტილებას. გაწევრიანების მოსურნე ქვეყანას ევროკავშირის კანონმდებლობასა და ღირებულებებთან შესაბამისობა მოეთხოვება და არა პირიქით.

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]