სოციალურ ქსელში საყოველთაო აღწერა 2024-ის შესახებ პოსტები (1, 2) ვრცელდება. ავტორების მტკიცებით, საყოველთაო აღწერა მონაცემების შესაგროვებლად ტარდება, რათა ხელოვნურ ინტელექტს ადამიანზე უფრო მეტი ინფორმაცია გადაეცეს და „პროგრამა 2030-ის“ საშუალებით, „ახალი მსოფლიო წესრიგი“ შეიქმნას. რეალურად, აღწერის მიზანი არა „ახალი მსოფლიო წესრიგის“ დამყარება თუ ადამიანებზე რაიმე ტიპის ზეგავლენის მოხდენა, არამედ ქვეყანაში ზუსტი და განახლებული მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. აღწერის შედეგად, მოსახლეობის რიცხოვნობის, მათი სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, საარსებო წყაროებისა და საცხოვრისების შესახებ უახლესი ინფორმაცია იქნება მიღებული. ასევე სასოფლო–სამეურნეო კომპონენტის მეშვეობით, შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ შეგროვდება მონაცემები.
2024 წლის აღწერა, მოსახლეობის და სასოფლო მეურნეობების შესახებ ზუსტი მონაცემების მისაღებად, საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ტარდება, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. აღწერა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრისა და საზოგადოების ინფორმირების მიზნითაა აუცილებელი. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ბოლოს 2014 წლის ნოემბერში ჩატარდა.
2024 წლის საყოველთაო აღწერის პირველ ეტაპზე, 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, მოსახლეობის შესახებ მონაცემები თვითრეგისტრაციის მეთოდით (CAWI), ონლაინ პლატფორმაზე შეგროვდება, რომლის მეშვეობითაც ადამიანები კითხვარებს სასურველ დროს, სასურველ ადგილას, ნებისმიერი ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით დამოუკიდებლად შეავსებენ. ისინი საქსტატის საიტზე თვითრეგისტრაციისას მიიღებენ სპეციალურ კოდს, რომელიც მათთან მისულ საქსტატის ინტერვიუერს უნდა წარუდგინონ. თვითრეგისტრაციის დასრულების შემდეგ კი 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით, მონაცემები საქსტატის 12 000-მდე ინტერვიუერის მიერ, კარდაკარის პრინციპით, პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით შეგროვდება. ინტერვიუერები ელექტრონული კითხვარის შედეგებს შეაგროვებენ, ხოლო ვისაც არ ექნება კითხვარი შევსებული, მათ შევსებაში დაეხმარებიან.
მოსახლეობის აღწერასთან ერთად სასოფლო-სამეურნეო აღწერაც მიმდინარეობს. სოციალური და დემოგრაფიული სახის მონაცემებთან ერთად, სპეციალური კითხვარის მეშვეობით, შეგროვდება ინფორმაცია ოჯახების სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის, ოჯახების სარგებლობაში არსებული მიწის სტრუქტურის, პირუტყვისა და ფრინველის სულადობის შესახებ, ასევე სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მუნიციპალიტეტების, ტერიტორიული ერთეულების და სოფლების დონეზე.
საყოველთაო აღწერაში მონაწილეობა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის (გარდა ემიგრანტებისა, რომლებიც 12 თვეზე მეტია საზღვარგარეთ ცხოვრობენ), საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის, რომელთათვის მუდმივ საცხოვრებელს (12 თვე და მეტი) საქართველო წარმოადგენს, სავალდებულოა.
საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგები 2025 წლის ივნისში, ხოლო საბოლოო – 2026 წლის ივნისში გამოქვეყნდება.
აღწერის კითხვარი სამი ნაწილისგან შედგება და მოიცავს კითხვებს საცხოვრებელი ადგილისა და მდგომარეობის შესახებ, პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელშიც შედის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებიც, მაგალითად, ეროვნება, აღმსარებლობა, დასაქმება, ჯანმრთელობის მდგომარეობა, განათლება და სხვა. მესამე ნაწილი კი სოფლის მეურნეობის შესახებ კითხვებს მოიცავს.
რაც შეეხება საყოველთაო აღწერის მიზნებს, აღწერის სარეგისტრაციო პორტალზე ვკითხულობთ, რომ „აღწერის შედეგების საფუძველზე ხელმისაწვდომი იქნება ზუსტი და განახლებული მონაცემები, როგორც მოსახლეობის რაოდენობის, მისი სქესობრივ-ასაკობრივი შემადგენლობის, სხვადასხვა დემოგრაფიული, სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლების მიხედვით, ასევე შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ, თვითმმართველი ერთეულებისა და დასახლებების დონეზე. აღწერები ტარდება ქვეყნის განვითარებისთვის, გეგმებისა და პროგრამების ეფექტიანი განხორციელების ხელშესაწყობად. აღწერა ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან წყაროს გაერო-ს მდგრადი განვითარების 2030 წლის მიზნების განხორციელების შესაფასებლად“.
,,ოფიციალური სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე და 35-ე მუხლების შესაბამისად, ინდივიდუალური მონაცემები კონფიდენციალურია და გამჟღავნებას არ ექვემდებარება. რესპონდენტის შესახებ ინდივიდუალური მონაცემები ინახება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, „საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აღწერის პერსონალური მონაცემები საიდუმლოა და აღწერილი პირის თანხმობის გარეშე გაცემა-გასხვისებას არ ექვემდებარება. აღწერილი პირის შესახებ მონაცემები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ინახება.
ამრიგად, მტკიცება, რომ მონაცემები ადამიანებზე მეტი ინფორმაციის მისაღებად ხელოვნურ ინტელექტს გადაეცემა, მცდარია.
2015 წლის 10 ივნისს გაერო-ს ეკონომიკურმა და სოციალურმა საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც, წევრმა სახელმწიფოებმა „მოსახლეობისა და საცხოვრისების აღწერის 2020 წლის მსოფლიო რაუნდში“ საერთაშორისო და რეგიონული რეკომენდაციების გათვალისწინებით, სულ მცირე ერთი აღწერა უნდა ჩაატარონ. საქართველო კი, როგორც გაერო-ს წევრი სახელმწიფო, ითვალისწინებს აღნიშნულ რეკომენდაციებს და ერთვება „მოსახლეობისა და საცხოვრისების აღწერის 2020 წლის მსოფლიო რაუნდში“.
BMGTV-სთან ინტერვიუში გოგიტა თოდრაძემ, საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმაც განაცხადა, რომ საყოველთაო აღწერის ობიექტების განსაზღვრა გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიისა და გაერო-ს სტატისტიკის სამსახურის რეკომენდაციას ექვემდებარება, რომლითაც მთელი მსოფლიო ხელმძღვანელობს. „პროგრამა 2030“ კი გაერო-ს მსოფლიოს მდგრადი განვითარებისთვის ჩამოყალიბებული პერსპექტივაა, რომელიც 2015 წლის შემდეგ განვითარების პრიორიტეტებს განსაზღვრავს. დოკუმენტის მიხედვით, 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების 17 კონკრეტული მიზანი უნდა იქნას მიღწეული. აღნიშნული მიზნები მოიცავს სიღარიბისა და შიმშილობის აღმოფხვრას, ხარისხიან განათლებასა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას, გენდერულ თანასწორობას და სხვა და არანაირი დასაბუთებული კავშირი „ახალი მსოფლიო წესრიგის“ დამყარების მცდელობასთან არ აქვს. შესაბამისად, საყოველთაო აღწერის შედეგები მნიშვნელოვანი წყარო იქნება მდგრადი განვითარების 2030 წლის მიზნების განხორციელების შესაფასებლად და არა მსოფლიო წესრიგის შესაცვლელად.
ამრიგად, პოსტების ავტორები „პროგრამა 2030-ის“ შესახებ ინფორმაციას კონტექსტის გარეშე ავრცელებენ და საზოგადოებაში არასწორ შთაბეჭდილებას ქმნიან. აღსანიშნავია, რომ „პროგრამა 2030-სა“ და საყოველთაო აღწერასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსმა“ წარსულშიც გადაამოწმა და ტყუილად შეაფასა (იხ. სტატია 1, 2).