Home » დეზინფორმაცია: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შესული სტუდენტები იქაურობას აპარტახებენ
გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული ტყუილი

დეზინფორმაცია: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შესული სტუდენტები იქაურობას აპარტახებენ

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „ირაკლი ზაქარეიშვილი სათადარიგო ფბ“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ აქამდეც გადაუმოწმებია (12), ფოტოს  ავრცელებს (დაარქივებული ბმული) და წერს, რომ „თსუ-ში შევარდნილი ნაცტერორისტები იქაურობას აპარტახებენ!..“. რეალურად, ფოტო რედაქტირებულია, ვიზუალურადაც ჩანს, რომ მასში ნაცრისფერი დეტალებია ჩასმული. ამავდროულად, თსუ-ში სტუდენტების შესვლისა და შემდგომი კადრების ნახვის შემდეგ ცხადი ხდება, უნივერსიტეტის ინვენტარის დაზიანების ფაქტი არ დასტურდება.

20 ნოემბერს, გამთენიისას, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს  სტუდენტების ნაწილი თსუ-ს I კორპუსში შევიდა. ისინი  უნივერსიტეტის რექტორის ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვენ და შენობის დატოვებას არ აპირებენ. 20 ნოემბერს, როგორც „დაფიონი“ წერს,  თსუ-ს I კორპუსის 023 აუდიტორიაში ლექციაც ჩაატარეს, რომლის თემა სხვადასხვა ეპოქაში სამოქალაქო დაუმორჩილებლობა და ბოიკოტი იყო.

ფოტო, რომელსაც Facebook-ანგარიში ავრცელებს, სწორედ 023 აუდიტორიაშია გადაღებული.  მსგავსი ფოტოები სხვადასხვა მედიასაშუალების მიერაც გავრცელდა, მათ შორის ონლაინ გამოცემა „პუბლიკა“ და „რადიო თავისუფლება“, არც ერთ მათგანში არ ჩანს დაზიანებული ინვენტარი.

„ჯეოფაქტსმა“ ასევე  სტუდენტების უნივერსიტეტში შესვლის კადრებიც გადაამოწმა, რაც სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელდა. მათ შორის, „რადიო თავისუფლება“, „პირველი არხი“; „მთავარი არხი“; Palitranews; არც ერთ კადრში ჩანს, რომ სტუდენტები ძალადობრივად იქცევიან, ან უნივერსიტეტის ინვენტარს აზიანებენ. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოზე ნათელია, რომ ნაცრისფერი დეტალები ჩასმულია, ისინი ჰაერშია გამოკიდებული, მაშინ, როცა ხელში არავის უჭირავს.

ამდენად, Facebook-ანგარიშის მტკიცება, რომ სტუდენტებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეჭრის შემდეგ იქაურობა გააპარტახეს, არის ტყუილი. ანგარიშის მიერ გამოქვეყნებული ფოტო კი რედაქტირებულია.

 

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]