Home » სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციების მადისკრედიტებელი შინაარსის პოსტები ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციების მადისკრედიტებელი შინაარსის პოსტები ვრცელდება

2024 წელს არჩევნების შედეგების საპროტესტოდ მიმდინარე დემონსტრაციების პარალელურად სოციალურ ქსელში პროტესტის მადისკრედიტებელი პოსტები ვრცელდება.

18 და 19 ნოემბერს Facebook-მომხმარებლებმა გაავრცელეს ინფორმაცია (პოსტი 1, 2), რომ აქციებს ახალდაქორწინებული წყვილი შეუერთდებოდა და ღამეს აქციაზე გაათევდა. პოსტებს  თანდართული აქვთ აღწერები: „შესანიშნავი ილუსტრაცია მეტი ეფექტისთვის საპროტესტო აქციების გასაფორმებლად” და „რა დონეზე ეკაიფებიან თავიანთ მომხრეებს, რეგვენებად თვლიან. წყვილი მაინც შეცვალეთ იდიოტებო, სირცხვილია“. შედეგად, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ახალდაქორწინებული წყვილის აქციაზე გამოჩენა მომხრეთა რაოდენობის გაზრდისკენ მიმართული დადგმული ღონისძიებაა (იხილეთ დაარქივებული პოსტი 1, 2).

სინამდვილეში, წყვილის ფოტო 2024 წლის 28 აპრილს ე.წ. რუსული კანონის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზეა გადაღებული.

კერძოდ, ქალისა და მამაკაცის კადრები აღებულია ტელეკომპანია „ფორმულაზე“ 2024 წლის 28 აპრილს გამოქვეყნებული ფოტოდან და ფოტომანიპულაციის საშუალებით, 2024 წლის 18 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ მიმდინარე აქციის ამსახველ კადრშია ჩამატებული.  აღნიშნული ფოტო სოციალურ ქსელ Facebook-ზე მომხმარებელმა Nancy Woland-მა 18 ნოემბრის 00:46 საათზე გამოაქვეყნა (დაარქივებული პოსტი). შესაბამისად, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტო სწორედ ამ ორი კადრის გაერთიანებას წარმოადგენს.

ფოტო: Nancy Woland – ის მიერ 18 ნოემბერს გამოქვეყნებული კადრი

ფოტო: ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ 2024 წლის 28 აპრილს გამოქვეყნებული ფოტო

ამასთანავე, ახალდაქორწინებული წყვილის კადრები რეალურად, 2024 წლის 18 -19 ნოემბრის აქციების გამშუქებელ არცერთ მედიას გამოუქვეყნებია. შესაბამისად, მცდარია მტკიცება, რომ ფოტოზე გამოსახული ადამიანები ახალდაქორწინებული წყვილის როლში აპრილის შემდეგ, ნოემბერში გამართულ აქციაზეც გამოჩნდნენ.

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]