სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი მაია თვალთვაძე, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ აქამდეც გადაუმოწმებია, (1; 2) ამჯერად ბრიტანული ჟურნალის The Economist გარეკანს ავრცელებს, რომელზეც აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არიან გამოსახულნი. გარეკანზე ჩანს წარწერა APOCALYPSE (აპოკალიფსი). პოსტის აღწერაში ვკითხულობთ: „რუსეთის სიღრმეში სარაკეტო დარტყმის ნებართვა მესამე მსოფლიო ომის დასაწყისია“, – გვაფრთხილებს საკულტო წინასწარმეტყველური ჟურნალი The Economist.“ სინამდვილეში, ჟურნალი მსგავსი გარეკანით არ გამოქვეყნებულა (არქივირებული ბმული).
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ The Economist-ის ვებგვერდზე, სადაც ყველა ნომრის გარეკანია წარმოდგენილი, მსგავსი ყდა არ გვხვდება. გარდა ამისა, ფოტოს ძიების ინსტრუმენტი (Reverse image search) ამ ფოტოს ძირითადად არასანდო და საეჭვო რუსულენოვან მედიებსა და გვერდებზე (1; 2), ასევე X-ის პლატფორმაზე პოულობს.
The Economist-ის ბოლო 4 ნომერი (2024 წლის 20 ნოემბრის მონაცემით):
გარდა ამისა, გარეკანზე ჩამოწერილი სათაურები სხვადასხვა გრამატიკულ შეცდომას შეიცავს, მაგალითად, მე-4 სათაურში Oil Industry-ის (ნავთობის ინდუსტრია) ნაცვლად Oil Industy წერია. ბუნებრივია, The Economist-ის მსგავსი ავტორიტეტული გამოცემა ასეთ შეცდომას გარეკანზე არ დაუშვებდა. ასევე, ჟურნალის ყველა ნომრის გარეკანზე გვხვდება გამოსვლის თარიღი, თუ რომელ კვირას მოიცავს კონკრეტული გამოშვება, თუმცა გავრცელებულ გარეკანზე თარიღი არ წერია.
The Economist-ის უახლესი ნომერი (2024 წლის 20 ნოემბრის მონაცემით):
შესაბამისად, სოციალურ ქსელში გავრცელებული გარეკანი ყალბია.