სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „David Tordia”, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტს“ აქამდეც გადაუმოწმებია (1, 2, 3), აქციიდან ფოტოს აქვეყნებს (დაარქივებული ბმული). ფოტოზე აქციის მონაწილე კითხულობს წიგნს, რომლის ყდაზეც წერია: „როგორ დავამხოთ მთავრობა“. რეალურად, აღნიშნული ფოტო რედაქტირებულია. აქციის მონაწილე ვარლამ შალამოვის „კოლიმურ მოთხრობებს“ კითხულობს.
ფოტო, რომელზეც აქციის ერთ-ერთი მონაწილე წიგნს კითხულობს, ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ ეკუთვნის, რომელიც შემდეგ „მთავარმა არხმაც“ გაავრცელა.
ცნობისთვის, 17 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია მომიტინგეებმა გადაკეტეს. აქციის მონაწილეებს, რომლებიც თვლიან, რომ მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, ამ ტერიტორიაზე კარვები ჰქონდათ გაშლილი. 19 ნოემბრის დილით, დაახლოებით დილის შვიდი საათისთვის, საპოლიციო ძალები ჭავჭავაძის გამზირზე მივიდნენ და აქცია დაშალეს.
ამდენად, ფოტო რედაქტირებულია, წიგნის ყდაზე ავტორის სახელი და გვარი ამოშლილია და ჩასმულია გამოგონილი სათაური „როგორ დავამხოთ მთავრობა“.