სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი „რადიო თბილისი / FM 93.5 / Radio Tbilisi” ავრცელებს პოსტს სათაურით: „ქართული ოცნების” მხარდამჭერი მომღერალი თემურ თათარაშვილი, ხაშურის მუსიკალური სკოლის დირექტორად დაინიშნა – ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. „ვულოცავთ ბატონ თემურს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ ხაშურის და სრულიად საქართველოს საკეთილდღეოდ!”, – წერს მუნიციპალიტეტის გვერდი“. რეალურად, ინფორმაცია თემურ თათარაშვილის დანიშვნის შესახებ სატირულმა Facebook გვერდმა „ხაშურის მუნიციპალიტეტი • Khashuri Municipality“ გაავრცელა და ის სინამდვილეს არ შეესაბამება.
სინამდვილეში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გვერდზე განთავსებული იურიდიული პირების რეესტრიდან საჯარო ამონაწერის მიხედვით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების, იგივე სამუსიკო სკოლის ხელმძღვანელი ლილი რუხაძეა და აღნიშნული მონაცემი საჯარო რეესტრში 2017 წლის შემდეგ არ შეცვლილა. გარდა ამისა, ხაშურის მუსიკალური სკოლის დირექტორად თემურ თათარაშვილის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია არ გვხვდება არც ერთ სანდო მედიასა თუ ღია წყაროში. ინფორმაციას არ ადასტურებს არც თავად თემურ თათარაშვილი და აღნიშნულის შესახებ მისი განცხადება მის ოფიციალურ Facebook-გვერდზე არ იძებნება.
თავდაპირველ ინფორმაციას მხოლოდ Facebook-გვერდი „ხაშურის მუნიციპალიტეტი • Khashuri Municipality“ ავრცელებს. რეალურად, აღნიშნული პოსტი სატირული ხასიათისაა და რეალობას არ შეესაბამება. ზოგადად, აღნიშნული გვერდი სატირული შინაარსის პოსტებს ხშირად ავრცელებს, მაგალითად, ამავე გვერდმა გაავრცელა დეზინფორმაცია, რომ ხაშურში საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდა (ინფორმაცია Geofacts-მა გადაამოწმა და სატირად შეაფასა, იხილეთ სტატიის ბმული). თუმცა გვერდის სახელწოდებიდან გამომდინარე, მომხმარებლებმა შესაძლოა ის ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის გვერდად აღიქვან.