„ქართული ოცნება“ 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ხმის ფარულობის დარღვევას უარყოფს და სხვა ქვეყნებში, კერძოდ მოლდოვაში, პოლონეთში, ბულგარეთსა და ლიეტუვაში ხმის ფარულობის დარღვევაზე მიუთითებს.
2024 წლის 4 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც არჩევნებზე კენჭისყრის ფარულობის დარღვევის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დეზინფორმაციად შეაფასა. მისივე მტკიცებით, მოლდოვის, პოლონეთის, ბულგარეთის და ლიეტუვის არჩევნებში ხმის ფარულობა დაირღვა. „აღნიშნულ ქვეყნებში გამჭვირვალე ყუთია, ბიულეტენი კონვერტის გარეშეა და ჩანს, ვის აძლევს ხმას ამომრჩეველი. ანუ ამ ქვეყნებში არჩევნების შედეგები უნდა გაუქმდეს?“, – ასე პასუხობს შალვა პაპუაშვილი „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელს, რომელმაც ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის გამო, ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული ყველა უბნის (2263 უბანი) შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა.
შალვა პაპუაშვილი ბრიფინგიდან მეორე დღეს იგივე შინაარსის განცხადება „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმაც გაიმეორა. ის საქართველოში ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას უარყოფს და აცხადებს, რომ „საიას ლოგიკით, ლიეტუვაში და მოლდოვაში უნდა გაუქმდეს არჩევნები, რადგან იქ ნამდვილად არ იყო ხმის მიცემის ფარულობა დაცული“.
მოგვიანებით, 7 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ასევე განაცხადა: „არაფერი მასობრივი დარღვევა ხმის ფარულობის არ ყოფილა… თქვენ ნახეთ მოლდოვის არჩევნები მაგალითად, როგორ ტარდებოდა. ყუთები იყო გამჭვირვალე და კონვერტების გარეშე აგდებდნენ ბიულეტენებს ამ ყუთებში. არა თუ დარღვეული იყო ცალკეულ შემთხვევებში, საერთოდ არ არსებობდა ხმის ფარულობა მოლდოვაში. ვინმეს განცხადება გახსოვთ ამასთან დაკავშირებით?“.
პირველ რიგში, განვიხილოთ, საქართველოში არჩევნებში ხმის ფარულობის დარღვევის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, რომელსაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისია უარყოფს.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, „კენჭისყრის დღეს მასობრივად დაირღვა ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას“. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტის გასწვრივ მდებარე მარკერით გაფერადებული წრე მკაფიოდ ჩანდა ბიულეტენის მეორე მხარეს და ხმის მთვლელ მანქანაში მისი შეცურებისას, საარჩევნო სუბიექტების განლაგების გათვალისწინებით, ამომრჩევლის ნება იდენტიფიცირებადი იყო. „საიას“ განცხადებით, ეს პრობლემა მასობრივად დაფიქსირდა. აღნიშნულს ასევე ადასტურებს მოქალაქეებისა და მედიის მიერ გავრცელებული ვიდეომტკიცებულებები (იხილეთ ბმული 1, ბმული 2).
27 ოქტომბრის ეუთო/ოდირის წინასწარი ანგარიშში, ბიულეტენის მეორე მხარეს მარკერის კვალის არსებობა ხმის ფარულობის დარღვევადაა შეფასებული. „დაკვირვების შემთხვევების 24%-ში ხმის ფარულობა პოტენციურად დარღვეული იყო ამომრჩევლის მიერ ბიულეტენის საარჩევნო ყუთში მოთავსების წესის ან 7 %-ში საარჩევნო უბნის დაგეგმარებასთან ან მოწყობასთან დაკავშირებული ხარვეზების გამო. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტები საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების ან დამკვირვებლების ხმის დამთვლელი მოწყობილობებისა და კენჭისყრის კაბინების სიახლოვეს დგომას (16%), მოქალაქეთა სიჭარბეს (16%), ჩარჩო კონვერტის არასწორ გამოყენებას (9%), არასწორ განლაგებას (8%) და საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული მონიშვნის უკანა მხრიდან დანახვის შესაძლებლობას (6%) მიაწერეს“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, არჩევნები ფარული კენჭისყრით ტარდება. საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა არჩევნების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია. შესაბამისად, ხმის ფარულობის დარღვევა საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კოდექსის დარღვევას ნიშნავს.
ჩვენ ასევე განვიხილეთ, ხმის ფარულობის დაცვის საკითხი იმ ქვეყნებში, რომელზეც შალვა პაპუაშვილი საუბრობს.
მოლდოვა
მოლდოვის არჩევნებში ბიულეტენი გლუვ, გაუმჭვირვალე ქაღალდზეა დაბეჭდილი (იხ. ფოტო ქვემოთ). საქართველოს არჩევნებისგან განსხვავებით, მოლდოვაში სასურველი კანდიდატის გასწვრივ არსებულ წრეს არ აფერადებენ, ამ წრეში შტამპს/ბეჭედს სვამენ. არჩევანის გაკეთების შემდეგ ამომრჩეველი ბიულეტენს კეცავს და ყუთში ათავსებს. მოლდოვაში არ არის ელექტრონული აპარატი, ამომრჩევლები ბიულეტენს ხელით ათავსებენ ყუთში.
საარჩევნო ბიულეტენი მოლდოვაში:
მოლდოვის „დამოუკიდებელი პრესის ასოციაციის“ (API) წარმომადგენელმა „ჯეოფაქტსს“ უთხრა, რომ ჩვეულებრივ შემთხვევაში, შტამპის/ბეჭდის მელანი ფურცლის უკანა მხარეს არ გადადის. ასე რომ, როგორც წესი, მელანი ბიულეტენის უკანა მხარეს არ ჩანს. თუმცა, იმ შემთხვევაში, როდესაც ამომრჩეველი გადაჭარბებულად იყენებს ბეჭედს და მელანი გადადის, მელნის დანახვა ბიულეტენის უკანა მხარეს არის შესაძლებელი. რაც შეეხება საარჩევნო ყუთს, ის ნახევრად გამჭვირვალეა და ხმის ფარულობის დარღვევის რისკებს არ ქმნის (ფოტოები იხ. ქვემოთ).
საარჩევნო უბანზე არსებული ყუთი:
გადასატანი ყუთი:
რაც შეეხება კონვერტებს, მოლდოვაში ამომრჩევლები კონვერტებს არ იყენებენ. ერთადერთი გამონაკლისი საფოსტო ხმის მიცემაა, რომელიც მოლდოვაში 2024 წლის არჩევნებამდე დაინერგა იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ხმას ზოგიერთ დასავლურ ქვეყანაში აძლევენ (აშშ, კანადა, შვედეთი, ფინეთი, ისლანდია, ნორვეგია). საფოსტო ხმის მიცემის შემთხვევაში, ბიულეტენი ორ კონვერტში თავსდება: ერთი დეპერსონალიზებული (ხმის მიცემის საიდუმლოების უზრუნველსაყოფად) და მეორე, რომელიც შეიცავს ამომრჩევლის საიდენტიფიკაციო ინფორმაციას.
რაც შეეხება ხმის ფარულობას, მოლდოვაში ამომრჩევლები საარჩევნო ბიულეტენებს კეცავენ და მათ საარჩევნო ყუთში ამგვარად ათავსებენ. ასევე არსებობს შეზღუდვები ბიულეტენების ფოტოგადაღებაზე და სანქციებიც არის გათვალისწინებული.
ეუთო/ოდირის წინასწარი შეფასებით, მოლდოვას არჩევნებში ხმის ფარულობა ყოველთვის არ იყო უზრუნველყოფილი, უმეტესწილად საარჩევნო უბნების და უბნებზე კამერების განლაგების გამო. აქვე აღსანიშნავია, რომ შალვა პაპუაშვილის მიერ დასახელებული არგუმენტები – გამჭვირვალე ყუთი და კონვერტის არარსებობა, საერთოდ არ არის განხილული, როგორც ხმის ფარულობის დარღვევის რისკი. გარდა ამისა, ადგილობრივი ან საერთაშორისო დამკვირვებლები მოლდოვაში არჩევნებში ხმის ფარულობის იმგვარ დარღვევაზე არ მიუთითებენ, რაზეც შალვა პაპუაშვილი აკეთებს აქცენტს.
ბულგარეთი
ბულგარეთის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაციის გადასამოწმებლად „ჯეოფაქტსი“ ბულგარულ ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციას Factcheck.bg-ს ესაუბრა. ბულგარეთში ამომრჩევლებს თავად შეუძლიათ გადაწყვიტონ ხმის მიცემის რომელ მეთოდს გამოიყენებენ. არჩევანი ორია – აპარატი, რომლის ეკრანზეც ნიშნავენ საკუთარ არჩევანს და შემდეგ ეს აპარატი ბეჭდავს მათ ბიულეტენს, ან ხმა მისცენ ტრადიციული მეთოდით – ხელით შეავსონ ქაღალდის ბიულეტენი. აპარატით ხმის მიცემისთვის ამომრჩევლებს სჭირდებათ საუბნო კომისიის მიერ გაცემული სმარტ-ბარათი (smart card), რომელიც თავსდება მოწყობილობაში ელექტრონული ბიულეტენის საჩვენებლად. ხმის ფარულობის გარანტირებისთვის, აპარატის ეკრანის ორივე გვერდზე დამაგრებულია ჩარჩო, რაც ხელს უშლის ხალხს, დაინახოს ამომრჩევლის არჩევანი (იხ. აპარატის ფოტო).
ხელით შევსებულ ტრადიციულ ქაღალდის ბიულეტენებს საარჩევნო კომისიის თანამშრომლები ბეჭედს ორჯერ ასვამენ – ერთხელ, ამომრჩევლისთვის გადაცემისას და კიდევ ერთხელ გამჭვირვალე ყუთში ჩაგდებამდე. აპარატიდან ამობეჭდილ ქაღალდის ქვითრებს კი ბეჭედი ესმევა მხოლოდ ერთხელ, სანამ ისინი ჩაიყრება სხვა, განსხვავებულ, მაგრამ ასევე გამჭვირვალე ყუთში.
Factcheck.bg-ის ინფორმაციით, ზოგადად ხმის მიცემის ფარულობის უზრუნველყოფა ბიულეტენის დაკეცვითაა შესაძლებელი. არსებობს ფარდა, რომელიც გამოყოფს კომისიას იმ ადგილისგან, სადაც ამომრჩევლები ავსებენ ბიულეტენს. ხოლო აპარატის ეკრანს გვერდებზე აქვს ჩარჩო, რითაც დაფარულია ეკრანი.
ხმის ფარულობის საკითხზე ჯეოფაქტსი ასევე ესაუბრა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას. ბულგარეთის „სამართლიანი არჩევნების ასოციაციის“ წარმომადგენლის ინფორმაციით, აპარატის მიერ ამობეჭდილი ბიულეტენი/ქვითარი წარსულში გაუმჭვირვალე იყო. 2024 წლის არჩევნებზე კი მისი ბეჭდვა საკუთარ თავზე ბულგარეთის ეროვნულმა ბანკმა აიღო და ფურცელი, წინა წლებთან შედარებით, გაცილებით გამჭვირვალეა. „სამართლიანი არჩევნების ასოციაციის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ ეს ხმის ფარულობას პრობლემას უქმნის, ვინაიდან, ამ ფურცელზე სასურველი კანდიდატის ნომერი უკანა მხარეს ჩანდა. მიუხედავად იმისა, რომ ბიულეტენი ბეჭდის დასასმელად კომისიის წევრს გადაკეცილ მდგომარეობაში წარედგინებოდა, შესაძლებელი იყო ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანის იდენტიფიცირება (ბიულეტენის ფოტო იხ. ქვემოთ). აქვე აღსანიშნავია, რომ ბულგარეთში, უმეტეს შემთხვევაში, ამომრჩეველთა 58.3%-მა ხმა მისცა ტრადიციული მეთოდით, ხოლო ელექტრონულად (აპარატის მიერ დაბეჭდილი ბიულეტენით) ამომრჩეველთა 41.7%-მა.
წყარო: Association for Fair Election
2024 წლის 27 ოქტომბრის ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებს ეუთო/ოდირი არ აკვირდებოდა. ჩვენ ეუთო/ოდირის წინა ანგარიშები ვნახეთ. 2023 წლის ბულგარეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შეფასებაში ნამდვილად არის საუბარი ხმის ფარულობის დარღვევაზე. „ხმის მიცემის ფარულობა კომპრომეტირებული იყო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის (IEOM) დაკვირვებების 7 პროცენტში. ამის მიზეზი იყო საარჩევნო უბნების არასათანადო განლაგება, ამომრჩევლების მიერ ბიულეტენების ფარულად არ მონიშვნა ან მათი სათანადოდ არ დაკეცვა“,- ვკითხულობთ ანგარიშში. ამავე ანგარიშის მითითებულია, რომ „საარჩევნო ყუთების მთლიანად გამჭვირვალობა, ნაცვლად ნახევრად გამჭვირვალობისა, იმას ნიშნავდა, რომ ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანი დროდადრო ხილული იყო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის“. აქვე აღსანიშნავია, რომ ხმის მიცემის ფარულობის უზრუნველსაყოფად, საზოგადოებრივი საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, 2023 წლის 31 მარტს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საუბნო საარჩევნო კომისიებს რეკომენდაცია მისცა, რათა მათ ამომრჩევლებისათვის მიეთითებინათ, რომ ბიულეტენები ორჯერ დაეკეცათ.
ამრიგად, 2024 წლის 27 ოქტომბრის ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში მანქანით ამობეჭდილი ბიულეტენების შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევის რისკები მართლაც იყო და შესაძლოა, ირღვეოდა კიდეც. ამასთან, ეუთო/ოდირის 2023 წლის არჩევნების შეფასების ანგარიშის თანახმად, პრობლემურ საკითხად არის დასახელებული სრულად გამჭვირვალე ყუთი, ვინაიდან ბიულეტენის არასათანადო დაკეცვის შემთხვევაში, ხმის ფარულობა შესაძლოა კომპრომეტირებული ყოფილიყო.
„სამართლიანი არჩევნების ასოციაციამ“ საარჩევნო კომისიასთან მანქანური ბიულეტენების შემთხვევაში ხმის ფარულობის შესაძლო დარღვევაზე შეშფოთება გამოთქვა. განცხადებაც გაიგზავნა, როგორც მედიებთან, ასევე საარჩევნო კომისიასთან, თუმცა ოფიციალური სტრუქტურები ამით განსაკუთრებულად არ დაინტერესებულან. ორგანიზაციის წარმომადგენლის განმარტებით, სავარაუდოდ, ამის მიზეზი არის ის, რომ არსებობდა არჩევანი და ამომრჩეველს ხმის მიცემა არამხოლოდ ამობეჭდილი ქვითრის მეშვეობით, არამედ ტრადიციული მეთოდითაც შეეძლო, სადაც მათი ხმის ფარულობა უმეტესწილად დაცული იყო.
აქვე აღსანიშნავია, რომ ამჟამად, ბულგარეთის არჩევნების შემთხვევაში, მთავარი ფოკუსი არა ბიულეტენებზე, არამედ საარჩევნო ხმის სავარაუდო მოსყიდვებზეა.
პოლონეთი
პოლონეთის არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაციის გადასამოწმებლად ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციას „Demagog“ დავუკავშირდით.
პოლონეთში არჩევნები ტრადიციული მეთოდით ტარდება და ელექტრონული აპარატები არ გამოიყენება. ამომრჩეველი ბიულეტენს საარჩევნო ყუთში თავად აგდებს.
პოლონეთის საარჩევნო კოდექსი და ეროვნული საარჩევნო კომისიის დადგენილებები საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა მიერ კონვერტების გამოყენებას არ ითვალისწინებენ. კონვერტები მხოლოდ ფოსტით ხმის მიცემის შემთხვევაში გამოიყენება. შეფუთული საარჩევნო ბიულეტენები, რომლებიც უკან ფოსტით უნდა დაბრუნდეს, შეიძლება გადაეცეს, მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლებს, რომლებიც საარჩევნო უბანზე მისვლას ვერ შეძლებენ. ეროვნული საარჩევნო კომისიის დადგენილების თანახმად, ასეთი კონვერტი ისე უნდა იყოს დამზადებული, რომ მისი გახსნის გარეშე შეუძლებელი იყოს ბიულეტენის შინაარსის წაკითხვა.
გასულ წელს პოლონეთის ომბუდსმენმა ხმის ფარულობის უზრუნველყოფისთვის საარჩევნო უბანზე კონვერტების გამოყენება მოითხოვა, თუმცა ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. საარჩევნო კომისიამ განმარტა, რომ კენჭისყრის პროცედურა და ხმის მიცემის ფარულობის უზრუნველმყოფი ზომები პოლონეთის საარჩევნო კოდექსის 52-ე მუხლით რეგულირდება. ამასთან, პოლონეთის კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ორგანოებს შეუძლიათ იმოქმედონ მხოლოდ კანონით დადგენილ ფარგლებში. რადგან საარჩევნო კოდექსში არ არის მკაფიოდ გაწერილი კონვერტების გამოყენების შესაძლებლობა, ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ მიიჩნია, რომ კონვერტების დაშვება სცდება კანონის ფარგლებს, რითაც ასევე დაარღვევდა პოლონეთის კონსტიტუციას.
ხმის ფარულობა უზრუნველყოფისთვის პოლონეთში საარჩევნო კოდექსი მოითხოვს, რომ უბანს ჰქონდეს საკმარისი რაოდენობის მარტივად ხელმისაწვდომი ადგილები, რაც ხმის ფარულობას უზრუნველყოფს (მუხლი 42(1). ეროვნული საარჩევნო კომისიის ინსტრუქციების თანახმად, საარჩევნო უბანს უნდა ჰქონდეს „ოთახები ან საფარები, რომლებიც უზრუნველყოფენ ხმის ფარულობას და განთავსებულია იმგვარად, რომ კენჭისყრის შეუფერხებლად წარმართვა უზრუნველყონ. საფარის მიღმა ადგილები უნდა აღიჭურვოს საწერი საშუალებებით“. მსგავსი (ფოტო იხ. ქვემოთ) მუყაოს კონსტრუქცია მოთავსებულია მაგიდებზე.
პოლონეთში საარჩევნო ყუთი გამჭვირვალეა. იმისთვის, რომ უნებლიედ ხმის ფარულობა არ დაირღვეს, არსებობს რეკომენდაცია, რომ საარჩევნო ყუთში მოთავსებამდე ამომრჩეველმა ბიულეტენი იმგვარად უნდა გაკეცოს, რომ შიდა მხარე არ გამოჩნდეს და მისი არჩევანი არ იყოს იდენტიფიცირებადი.
პრაქტიკაში, ამომრჩევლები საკუთარ არჩევანს საარჩევნო უბანზე ნებისმიერ ადგილას აკეთებენ, თავისუფალ მაგიდაზე, ფანჯრის რაფაზე და თავად ყუთზეც კი. ამაზე აქცენტს სამოქალაქო აქტივისტები აკეთებენ, მაგალითად, ვერონიკა ჩაპლევსკა, Responsible Politics Foundation-დან. მათ ანგარიშში ნათქვამია, რომ უბნებზე დაფარული ხმის მისაცემი ადგილები ძალიან ცოტაა.
ეუთო/ოდირის შეფასებით, 2023 წლის პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში, ხმის ფარულობის პრინციპი ხშირად ირღვეოდა გადატვირთული საარჩევნო უბნების გამო, კენჭისყრის კაბინები არ იყო საკმარისად ფართო დიდი ზომის ბიულეტენების დასაფარად, ამასთან ამომრჩევლები კაბინებს გარეთ აფიქსირებდნენ საკუთარ არჩევანს.
აქვე აღსანიშნავია, რომ ეუთო/ოდირის წინა ანგარიშშიც, 2020 წლის პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების შეფასებაში, ასევე საუბარია ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაზე.
ამრიგად, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები პოლონეთის არჩევნებში ხმის ფარულობის პრინციპის დარღვევის ხშირ ფაქტებზე მიუთითებენ.
ლიეტუვა
არჩევნები ლიეტუვაშიც არაელექტრონულია. ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციის „Patikrinta 15 min” მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის შიგნით საარჩევნო უბნებზე კონვერტები არ გამოიყენება. კონვერტებს იყენებენ ისინი, ვინც საზღვარგარეთ აძლევს ხმას, ვინაიდან მათი ბიულეტენები დასათვლელად ვილნიუსში იგზავნება. როგორც წესი, ბიულეტენის უკანა მხარეს არ ჩანს ამომრჩევლის ნება. ჩვეულებრივ, ბიულეტენი იკეცება და თავად ამომრჩეველი აგდებს მას საარჩევნო ყუთში, რომელიც გამჭვირვალე არ არის. ამომრჩეველმა კაბინაში ხმა მარტომ უნდა მისცეს.
აღსანიშნავია, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება ლიეტუვაში ხმის ფარულობის დარღვევებზე არ მიუთითებენ.
საარჩევნო ყუთი ლიეტუვაში ასე გამოიყურება:
საარჩევნო ბიულეტენის ნიმუში:
ამრიგად, ლიეტუვას არჩევნებში საარჩევნო ყუთი გამჭვირვალე არ არის, ბიულეტენის უკანა მხარეს მონიშნული საარჩევნო სუბიექტი არ ჩანს. ხმის ფარულობის უზრუნველსაყოფად, ამომრჩეველმა ბიულეტენი უნდა გაკეცოს და ისე მოათავსოს საარჩევნო ყუთში. ეუთო/ოდირი ლიეტუვას არჩევნებში კენჭისყრის პროცესში ხმის ფარულობის დარღვევაზე არ მიუთითებს.