Home » „იმედი“ „ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლის შესახებ მცდარ ინფორმაციას ავრცელებს
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

„იმედი“ „ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლის შესახებ მცდარ ინფორმაციას ავრცელებს

ტელეკომპანია „იმედი“ Facebook-ზე ქარდს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ამერიკული ორგანიზაცია „ედისონ რისერჩი“ ჯერ საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგებში შეცდა (მათი ეგზიტპოლის შედეგის მიხედვით „ქართულ ოცნებას“ 40.09% ჰქონდა, ხოლო ცესკოს მონაცემი 53.93% იყო), ხოლო შემდეგ აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებში (მათი ეგზიტპოლის მიხედვით, დონალდ ტრამპს 44% ჰქონდა, ხოლო ოფიციალური მონაცემებით მან ხმების 50.4% დააგროვა). სინამდვილეში, „იმედი“ „ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლის პირველად შედეგებს იყენებს, („ედისონ რისერჩის“ მეთოდოლოგია იხილეთ ქვემოთ) და არა იმ მონაცემს, რომელიც მათ უბნების დახურვის შემდეგ გამოაქვეყნეს. გამოქვეყნებული ქარდი მცდარად ამტკიცებს, თითქოს „ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლს საქართველოს არჩევნების მსგავსად, ამერიკის არჩევნებშიც საბოლოო შედეგთან მნიშვნელოვანი სხვაობა ჰქონდა (არქივირებული ბმული).

როგორც „ედისონ რისერჩის“ ვებგვერდზე ვკითხულობთ, ისინი ეგზიტპოლის მონაცემებს სამ ეტაპად/ტალღად აქვეყნებენ. პირველი ეტაპი მოიცავს ყველა ადრეული ხმის მიმცემის ინტერვიუს და არჩევნების დღის დილის ინტერვიუებს. მეორე ეტაპზე ემატება შუადღის ინტერვიუები, ხოლო საარჩევნო უბნების დახურვამდე ცოტა ხნით ადრე, მესამე ეტაპზე, შუადღის შემდგომი და საღამოს ინტერვიუები ემატება. ეგზიტპოლები – ესაა გამოკითხვები, რომლებიც ამომრჩევლებთან ტარდება, მას შემდეგ, რაც ისინი უბნებს დატოვებენ. ეგზიტპოლი აგროვებს ამომრჩევლების დემოგრაფიულ ინფორმაციას, მათ განწყობებს სხვადასხვა საკითხზე და ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვის მისცეს ხმა. ვინაიდან ყველა ადამიანი ხმას არჩევნების დღეს არ აძლევს, ეგზიტპოლი მრავალინსტრუმენტიანი გამოკითხვაა – ის ტარდება პირისპირ ადრეულად ხმის მიმცემ ამომრჩევლებსა და არჩევნების დღეს უბნებზე მისულ ამომრჩევლებთან, ხოლო ტელეფონით, ელ.ფოსტითა და ტექსტური შეტყობინებით გამოკითხვა ტარდება ფოსტით და ადრეულად ხმის მიმცემ ამომრჩევლებთან. „ედისონ რისერჩის“ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, არცერთი ეგზიტპოლის შედეგი, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას არჩევნებში გამარჯვებულის დასახელებისთვის, არ ქვეყნდება ამ შტატში ყველა უბნის დახურვამდე. (ინფორმაცია იხილეთ „ედისონ რისერჩის“ ვებგვერდზე, „ხშირად დასმული კითხვების“ სექციაში“)

„ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლებს Reuters-იც აქვეყნებდა. აღნიშნული მონაცემი, სადაც დონალდ ტრამპს 44% აქვს, ხოლო კამალა ჰარისს 48%, მათ მიერ გამოქვეყნებული პირველი ეგზიტპოლის შედეგი იყო, რომელიც Reuters-მა 2024 წლის 6 ნოემბერს თბილისის დროით 02:40-ზე გამოაქვეყნა (ვაშინგტონის დროით 17:40). ამასთან სტატიაში Reuters უთითებს, რომ მონაცემები შესაძლოა საღამოს 5 საათიდან ღამის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალოს. შესაბამისად, „ედისონ რისერჩის“ ზემოაღნიშნული მეთოდოლოგიის მიხედვით, ეს იყო ეგზიტპოლის პირველი ეტაპი/ტალღა. ზოგადად, ეროვნული ეგზიტპოლის (NEP) მონაწილეები ეგზიტპოლის შედეგებს საარჩევნო დღის 17:00 საათამდე ET (თბილისის დროით 02:00) არ აქვეყნებენ, ხოლო შედეგებს, რომლებიც წინასწარ მიუთითებს არჩევნების შედეგზე, არ ავრცელებენ, სანამ შტატში კენჭისყრა სრულად არ დასრულდება.

„იმედის“ მიერ გავრცელებულ ქარდს Facebook-ზე „ედისონ რისერჩის“ აღმასრულებელი დირექტორი რობ ფარბმანი გამოეხმაურა. მან დაწერა, რომ „იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია დეზინფორმაციაა და საარჩევნო უბნების დახურვის მომენტში, „ედისონ რისერჩის“ მონაცემი ფრე იყო – ორივე კანდიდატისთვის 49-49%/ (დამრგვალებული 50%მდე)

შესაბამისად, „იმედი“ „ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლის პირველად შედეგებს იყენებს, და არა ბოლო მესამე ტალღის მონაცემს, რომელიც მათ საღამოს 8 (ET) საათზე ჰქონდათ.

ამასთან სხვადასხვა მედიასაშუალება, მაგალითად, Washington Post, CBS, „ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლის მონაცემებს მთელი დღის განმავლობაში აქვეყნებდა. ეს მონაცემები ბევრად უფრო ჩაშლილი იყო შტატების მიხედვით და ასევე სქესის, ასაკის, განათლების დონის, ეთნიკურობის და ა.შ. კრიტერიუმებით.

ინფორმაციის გადასამოწმებლად „ჯეოფაქტსი“ „ედისონ რისერჩის“ აღმასრულებელ დირექტორ რობ ფარბმანს დაუკავშირდა. მან თქვა, რომ საღამოს 8 საათზე (ET) მათი მონაცემი ორივე კანდიდატისთვის 50%-თან მიახლოებული იყო.  გარდა ამისა, ფარბმანმა განაცხადა, რომ „ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლის მონაცემი „ქართული ოცნებისთვის“ არა 40, არამედ 41% იყო. აღნიშნული მონაცემები ტელეკომპანია „ფორმულამ“ 2024 წლის 26 ოქტომბერს, საღამოს 8 საათზე გააშუქა. უბნების დახურვის შემდეგ „ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლის შედეგი „ქართული ოცნებისთვის“ 40.9% იყო.

როგორც „ედისონ რისერჩის“ აღმასრულებელი დირექტორი „ჯეოფაქტსთან“ ამბობს, უბნების დახურვის შემდგომ ეგზიტპოლის შედეგებს მედიასაშუალებები ჩაშლილად აქვეყნებენ, სქესის, ასაკის, განათლების დონის, ეთნიკურობის და ა.შ. კრიტერიუმებით.

„ედისონ რისერჩმა“ „ჯეოფაქტსს“ 8 საათის ამსახველი ნედლი მონაცემების ცხრილი მიაწოდა („ედისონ რისერჩის“ თქმით, ამ ცხრილს მათი კლიენტები არ აქვეყნებენ). მედიასაშუალებებმა ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნებისას სწორედ ამ ცხრილში მოცემული მონაცემები გამოიყენეს. მასზე ჩანს, რომ უბნების დახურვისას აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს თანაბარი პროცენტი ჰქონდათ 49/49.

წყარო: „ედისონ რისერჩი“

რობ ფარბმანის შემდეგ „ჯეოფაქტსი“ „ედისონ რისერჩის“ კლიენტ მედიასაშუალებებს, Washington Post-სა და CBS-საც დაუკავშირდა. ორივე მათგანმა დაადასტურა, რომ უბნების დახურვისას „ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლის შედეგი ორივე კანდიდატის შემთხვევაში 50%-მდე იყო.

გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ Reuters-ის სტატიებში კანდიდატებისთვის მინიჭებული პროცენტები არა მათი წილი, არამედ კეთილგანწყობის რეიტინგია (favorability rating). ამავეს ადასტურებს „ედისონ რისერჩი“ ჯეოფაქტსთან“ საუბარში. კეთილგანწყობის რეიტინგი ნიშნავს ამომრჩევლების იმ პროცენტის რაოდენობას, რომლებიც კონკრეტულ კანდიდატს პოზიტიურად ან დადებითად აფასებენ.

ამასთან, როგორც CNN-ის სტატიაში ვკითხულობთ, „ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლის ცდომილება +/- 2%-ია. 2024 წლის 15 ნოემბრის მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. მან 50.1% აიღო, ხოლო კამალა ჰარისმა 48.%. შესაბამისად, „ედისონ რისერჩის“ მიერ არჩევნების დღეს 8 საათის (ET) ეგზიტპოლის მონაცემი ცდომილების ფარგლებში ჯდებოდა.

ამდენად, „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტში 44% არა „ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლის საბოლოო მონაცემს, არამედ პირველი ტალღის მონაცემს აღწერს. შესაბამისად, „იმედის“ მტკიცება, რომ „ედისონ რისერჩის“ ამერიკის ეგზიტპოლშიც საქართველოს არჩევნების მსგავსად მაღალი ცდომილება დადგა, არ დასტურდება.

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]