სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ფანტი ნა, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ აქამდეც გადაუმოწმებია, ვალენსიაში საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს (დაარქივებული ბმული): „ვალენსიაში ესპანეთში ხელოვნურად გამოწვეულ სტიქიებს აპროტესეტებენ, რასაც დიდი მსხვერპლი მოყვა და მალავენ“. რეალურად, ვალენსიაში აქციაზე შეკრებილმა ადამიანებმა გასულ კვირას მომხდარ წყალდიდობაზე ესპანეთის ხელისუფლების რეაგირება გააპროტესტეს.
ათიათასობით ადამიანმა შაბათს, 9 ნოემბერს, ვალენსიაში გასულ კვირას დამანგრეველ წყალდიდობაზე ესპანეთის ხელისუფლების რეაგირება გააპროტესტა. წყალდიდობას 220-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. დემონსტრანტები ქუჩაში ვალენსიის რეგიონული პრეზიდენტის კარლოს მაზონის გადადგომას ითხოვდნენ და სკანდირებდნენ: „ჩვენ ტალახით ვართ დასვრილი, თქვენ – სისხლით”.
კარლოს მაზონი ამტკიცებს, რომ ცენტრალური ხელისუფლების მიერ წვიმის მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ წინასწარ არ იყო გაფრთხილებული, თავის მხრივ, ესპანეთის მთავრობა ამბობს, რომ მაზონთან დაკავშირება ოთხჯერ მაინც სცადა. თანაც, ესპანეთის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ გამოსცა ე.წ. „წითელი განგაში“, გაფრთხილების უმაღლესი დონე, უამინდობის გამო სამშაბათს, დილის 7:30 საათზე. ვალენსიაში ზოგიერთი დასახლება საღამოს 6 საათისთვის დაიტბორა, ხოლო მაზონის ადმინისტრაციას საღამოს 8 საათამდე დასჭირდა დრო მოსახლეობისთვის მობილურ ტელეფონებზე გაფრთხილებების გასაგზავნად.
ამდენად, მტკიცება, რომ ვალენსიაში საპროტესტო აქციაზე ადამიანები სტიქიის ხელოვნურად გამოწვევას აპროტესტებდნენ, არის ტყუილი. რეალურად, ადამიანებმა მომხდარ სტიქიაზე მთავრობის რეაგირება გააპროტესტეს.
ცნობისთვის, მეცნიერები, რომლებიც ცდილობენ მომხდარის ახსნას, ადამიანის მიერ გამოწვეულ კლიმატის ცვლილებასთან სავარაუდო კავშირებს ხედავენ. კერძოდ, ტემპერატურის ზრდის ფონზე, უფრო მეტად თბილი ჰაერი აკავებს წვიმას და შემდეგ ერთიანად, უფრო დიდი რაოდენობით ნალექს იწვევს. მეცნიერები ასევე საუბრობენ შესაძლო ცვლილებებზე რეაქტიულ ნაკადში (Jet Stream) – ჰაერის მდინარე ხმელეთის ზემოთ, რომელიც ამინდის სისტემებს მთელ მსოფლიოში (იხილეთ ფოტოზე) ამოძრავებს.
მათი თქმით, წყალდიდობის უშუალო მიზეზი არის დაბალი წნევის შტორმის სისტემა, რომელიც უჩვეულოდ ტალღოვანი და გაჩერებული რეაქტიული ნაკადიდან გადაადგილდა. ეს სისტემა უბრალოდ გაჩერებული იყო რეგიონის თავზე და იწვევდა წვიმას. ესპანეთში ამ ფენომენს DANA-ს აკრონიმითაც კი მოიხსენიებენ. უფრო ტექნიკური თვალსაზრისით, DANA არის მეტეოროლოგიური ფენომენი, რომელიც გამოწვეულია ტემპერატურისა და ატმოსფერული წნევის განსხვავებებით პოლარულ და ეკვატორულ რეგიონებს შორის.
რაც უფრო დიდია ტემპერატურის სხვაობა, მით უფრო დიდია ქარიშხალი, ამიტომ ყველაზე სახიფათო DANA ჩვეულებრივ სექტემბერშია. დანას ამინდის სისტემები არ არის იშვიათი ესპანეთისთვის – ის ჩვეულებრივ წელიწადში 10-დან 20-ჯერ, დასავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ხდება. მეცნიერები თვლიან, რომ კლიმატის ცვლილება ამ პროცესებს უფრო ინტენსიურს ხდის, კერძოდ, ყოველი 1°C დათბობის შედეგად გაჯერებული ჰაერი შეიცავს საშუალოდ 7%-ით მეტ წყლის ორთქლს. შესაბამისად, დათბობის ყოველი დამატებითი ფრაქცია ზრდის ატმოსფერული ტენიანობის შემცველობას, რაც თავის მხრივ ზრდის ექსტრემალური ნალექების რისკს.
წყარო: BBC
ესპანური ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია Maldita 29 ოქტომბრის წყალდიდობასთან დაკავშირებულ სამ დაჩქარებულ კვლევას აჯამებს. კერძოდ, ევროპული Climameter -ის, World Weather Attribution-ისა და Climate Central-ის კვლევები, ასკვნიან, რომ მიუხედავად იმისა, რომ DANA-ს და კოკისპირული წვიმების ეპიზოდები ისტორიულად ხშირად ხდებოდა ესპანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ამჟამად, კოკისპირული წვიმები, რომელსაც ადგილი ჰქონდა ვალენსიაში, კლიმატის ცვლილების გამო უფრო ინტენსიური ხასიათის იყო. კვლევების მიხედვით, DANA ამჯერად უფრო ინტენსიური იყო კლიმატის ცვლილების ისეთი მახასიათებლების გამო, როგორიცაა მაგალითად, ატმოსფეროს ტენიანობის 15%-ით ზრდა, რაც შედეგად მეტ წვიმას იწვევს.
საგულისმოა, რომ Maldita-მ წყალდიდობის კონტექსტში ისეთი კონსპირაციული თეორიებიც გადაამოწმა, რომლებიც მაგალითად წყალდიდობას HAARPS (ატმოსფეროს მაღალი სიხშირის ტალღებით კვლევის პროგრამას) და ე.წ. „ქიმტრეილებს“ უკავშირებენ და აცხადებენ, რომ სტიქიური მოვლენა ხელოვნურად, ამინდის მანიპულირებით გამოიწვიეს. რეალურად კი, HAARP მსოფლიოში ყველაზე ეფექტურ, მაღალი სიმძლავრისა და სიხშირის იონოსფეროს შემსწავლელ პროგრამას წარმოადგენს, რომელიც მდებარეობს ალასკაში (აშშ). რეალურად, პროგრამას ამინდზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია, რადგან ამინდი არა იონოსფეროში, არამედ ატმოსფეროს შედარებით ქვედა შრეებში – ტროპოსფეროსა და სტრატოსფეროში წარმოიქმნება. „ამ ტიპის მტკიცებები სრულიად უსაფუძვლოა, სენსაციურია, მაგრამ არც სერიოზული და არც მეცნიერული“,- განუცხადა USA Today-ს ბოსტონის კოლეჯის სამეცნიერო კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა. კეიტ გროვზის თქმით, არ არსებობს მექანიზმი, რომლითაც HAARP-ს ამინდზე ზემოქმედება შეეძლებოდა. მან დამატებით ისიც აღნიშნა, რომ იონოსფეროში ვერ მოხდება ამინდზე ზემოქმედება, რადგან იონოსფეროში ატმოსფერული წნევა მიწაზე არსებული ატმოსფერული წნევის მემილიონედზე ნაკლებია.
მეტიც, სოციალურ ქსელში წყალდიდობის კონტექსტში, HAARP-თან დაკავშირებით ასევე გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც გემი ჩანდა და ამტკიცებდნენ, რომ ეს იყო HAARP, რომელმაც ვალენსიაში ძლიერი წვიმა გამოიწვია. თუმცა, როგორც გაირკვა, ვიდეო ძველი იყო და მასში რეალურად მცურავი ელექტროსადგური ჩანდა.
რაც შეეხება, ე.წ. „ქიმტრეილებს“, „ქიმტრეილები“, რომლებსაც დეზინფორმაციის გამავრცელებლები სხვადასხვა დაავადებასა და მოვლენას ხშირად აბრალებენ, რეალურად, თვითმფრინავის მიერ დატოვებული „კვამლის ბილიკებია“, იგივე „კონტრეილი“ (contrail). ეს უკანასკნელი თვითმფრინავის გადაადგილებისას საწვავის წვის შედეგად დატოვებული კონდენსაციის პროდუქტი – „კვამლის ბილიკია“, რომლის ხილვადობაც არეალის ტენიანობის ხარისხზეა დამოკიდებული. ის ჰაერში მტვრის ნაწილაკებთან ურთიერთქმედებით კრისტალებად გარდაიქმნება. დაბალი ტენიანობის პირობებში, აღნიშნული კრისტალები იშლება, თუმცა მაღალი ტენიანობის დროს ცაში ნარჩუნდება და თვალისთვისაც ხილული ხდება. უფრო მეტიც, Maldita-სთან მეტეოროლოგი ბენიტო ფუენტესი განმარტავს, რომ ნალექის მოცულობა, რომელიც დაფიქსირდა წყალდიდობის დროს, დაახლოებით 700 მილიარდი ლიტრი წყალი, „ამ რაოდენობას ვერც ერთი თვითმფრინავი ვერ გაუძლებს“. მეტეოროლოგი ასევე დასძენს, რომ ამ რაოდენობის ნალექის აორთქლებისთვის საჭიროა ენერგიის რაოდენობა ესპანეთში ყოველწლიურად წარმოებული ენერგიას ან 25000 ბირთვული ბომბის ენერგიას ორჯერ აღემატება.
რაც შეეხება კლიმატის ცვლილებას, სოციალურ ქსელში ხშირად შევხვდებით მტკიცებას, რომ ის „გამოგონილია“ ან „აფერაა“ (აღნიშნულ თემაზე იხილეთ „ჯეფაქტსის“ სტატია), რეალურად კი, კლიმატის ცვლილება სახეზეა და დედამიწაზე სხვადასხვა პროცესზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. მაგალითად, 1880 წლიდან, დედამიწაზე საშუალო გლობალური ტემპერატურა დაახლოებით 1 °C-ით გაიზარდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გლობალური ტემპერატურის ცვლილება 2050 წლისთვის დაახლოებით 1,5 °C მიაღწევს და 2100 წლისთვის ზრდის მაჩვენებელი 2-4 °C იქნება. ტემპერატურის ზრდის შედეგად ყინულის ფართო მასები, განსაკუთრებით დედამიწის პოლუსებზე, დნება, რაც ხელს უწყობს ზღვის დონის აწევას. ზღვის დონე წელიწადში 3,2 მილიმეტრით იზრდება. ზრდა ბოლო წლებში უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და უახლოეს ათწლეულებში, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, შესაძლოა, დაჩქარდეს.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ კლიმატის ცვლილება უკვე ათწლეულებია, რაც შესამჩნევია. კლიმატის ცვლილება ტემპერატურისა და ამინდის შაბლონების გრძელვადიან ცვლას ეხება. ასეთი ძვრები შეიძლება იყოს ბუნებრივი, მზის აქტივობის ცვლილების ან დიდი ვულკანური ამოფრქვევის შედეგი. მაგრამ 1800-იანი წლებიდან მოყოლებული, ადამიანის საქმიანობა იქცა კლიმატის ცვლილების მთავარ მამოძრავებელ ძალად, უპირველეს ყოვლისა, ისეთი წიაღისეული საწვავის დაწვის გამო, როგორებიცაა: ქვანახშირი, ნავთობი და გაზი. ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნული ადმინისტრაციის (NASA) თანახმად, კლიმატის ცვლილების „ბუნებრივი გამომწვევი მიზეზები დღესაც მოქმედებს, მაგრამ მათი გავლენა ბოლო ათწლეულების განმავლობაში არსებული სწრაფი ცვლილებების ასახსნელად, ძალიან მცირე და სუსტია“.
გლობალური კლიმატის ცვლილების თეორიის მიხედვით, წიაღისეული საწვავის დაწვა ქმნის საფარს, რომელიც დედამიწაზე მზის სითბოს იკავებს და ამგვარად, გლობალურ ტემპერატურას ზრდის. გლობალური დათბობა კი, თავის მხრივ, ისეთ მოვლენებს იწვევს, როგორიცაა: გვალვები, წყლის დეფიციტი, ძლიერი ხანძარი, ზღვის დონის აწევა, წყალდიდობა, პოლარული ყინულის დნობა, ძლიერი ქარიშხალი და ბიომრავალფეროვნების შემცირება.