სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „შიგ ევროპაში“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ აქამდეც გადაუმოწმებია, ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს ეკითხება: „სად მივდივართ?“, პასუხის გაცემისას, აქციის ერთ-ერთი მონაწილის ხმაზე გადაფარულია ცენზურის აღმნიშვნელი ნიშანი „18+“ და აღარ ისმის მის მიერ ნათქვამი სიტყვა. შესაბამისად, იქმნება წარმოდგენა, რომ ქალი უხამს სიტყვას იყენებს. რეალურად, ვიდეო რედაქტირებულია. კითხვაზე აქციის მონაწილე პასუხობს: „ევროპაში“.
13 ნოემბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ ქალების აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორები „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“, „გახარია საქართველოსთვის“ და „კოალიცია ძლიერი საქართველოს“ ქალი პოლიტიკოსები იყვნენ. შეკრებილი მოქალაქეები 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. ცესკოს შენობიდან მიმდინარე მსვლელობისას, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლაც მოხდა.
აქციის მონაწილეებს „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა სიტყვით მიმართა. „ჩვენია ეს ქვეყანა და არ ვაპირებთ, რომ დავუთმოთ კორუმპირებულ, დანაშაულებში ჩაძირულ, შეშინებულ ადამიანებს საქართველო“, – განაცხადა მან. სწორედ ამ მონაკვეთში ანა ნაცვლიშვილი აქციის მონაწილეებს სხვადასხვა შეკითხვას უსვამს, მათ შორის, „სად მივდივართ?“, მსვლელობაზე შეკრებილები კი პასუხობენ – „ევროპაში“ (იხილეთ ბმულზე 15:15: 40 წუთზე). სწორედ აღნიშნული მონაკვეთი გავრცელდა Facebook-გვერდის მიერ. პირდაპირი ეთერის ნახვისას, აშკარა ხდება, რომ აქციის მონაწილეს პასუხის გასაცემად უხამსი სიტყვა არ გამოუყენებია.
ამდენად, ვიდეო, რომელიც გვერდმა „შიგ ევროპაში“ გაავრცელა, რედაქტირებულია.